ელზა პაპოშვილი
18.08.2021

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობაშ წაუყენეს ბრალი და მას 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი უფლებადამცველი მატკიცებს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და შესაძლოა ამით კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა დაჭრას ან დაღუპვას. „რეზონანსისთვის“ კი დაპირისპირების ახალი ვერსიები ხდება ცნობილი. გამოცემას სანდო წყარო მომხდარის ორ შესაძლო მიზეზს უყვება. 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონთან“ ახლოს, ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივები მუხიანის ტყეს უწოდებენ, მოვლენები შემდეგ ნაირად განვითარდა:

მუხიანის ტყე რომელიც სოფლის განაპირა ტერიტორიაა და ორი სამშენებლო ობიექტი შენდება. აშენებენ დასასვენებელ კოტეჯებს და ღვინის ქარხანას, თუმცა ყველაზე ახლო სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრშია. 

ერთი ვერსიის მიხედვით, წინანდალში მცირე ზომის ღვინის ქარხანას აშენებდნენ თავად ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მისი ძმა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში მათი გვარი არ ჩანს. იქვე ახლოს მეორე ტურისტული ობიექტი შენდება და დიდი ხანია მეზობად მდებარე ამ ორი ობიექტის მფლობელებს შორის დაპირისპირება არსებობს. მიზეზი კი ისაა, რომ მხარეეები ტერიტორიას ვერ იყოფენ. ამის გამო მათ შორის კონფლიქტი ადრეც მომხდარა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი დაპირისპირება. ამიტომაც შესაძლოა 16 აგვისტოს მომხდარი კონფლიქტის მიზეზი ისევ სადავო ტერიტორია იყო, რამაც სიტუაცია ამ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. 

მეორე ვერსიით კი, დაპირისპირება თავიდან მეზობლად მიმდინარე მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებს შორის დაიწყო. ერთ-ერთ მუშას დაბადების დღე ჰქონდა. ნასვამმა მუშებმა „ზვიადაურის მუშებს“ ჩხუბი დაუწყეს და უთხრეს, რომ ცემენტს მათ ტერიტორიაზე ზელდნენ. ამის გამო კი ღვინის ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა დასახმარებლად ძმებ ზვიადაურებს დაურეკეს. 

თავდაპირველად ადგილზე ზვიად ზვიადაური მივიდა. სიტუცია კი უფრო დაიძაბა და მუშებიდან ერთ-ერთმა სროლა დაიწყო. ამიტომაც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს მისმა თანასოფლელმა ვასილ ცოცხალაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ სროლა იყო. სწორედ ძმის და მეგობრის დასახმარებლად მისული ზვიადაური სისხლიან გარჩევაში მოხვდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ადგილზე მისულ ზვიადაურს ძმა დაჭრილი დახვდა. ამის შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა მეგობრის ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა მშენებლობაზე დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილს. თუმცა, „რეზონანსთან“ ადვოკატი ამბობს, რომ კენჭოშვილს ზვიადაურმა საკუთარი იარაღიდან ესროლა, რომლის ტარების უფლებაც აქვს.

შსს-ს ამბობს, რომ ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღიდან ისროდნენ - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტიდან და „საიგას“ ტიპის ნახევრად ავტომატური იარაღიდან. ეს იარაღები გამოძიების ნივთმტკიცებებს შორისაა. ამ დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 2 დაიჭრა. სავარაუდოდ, დაპირისპირებაში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თელავის სხვა კლინიკაში მიიყვანეს კიდევ 2 დაჭრილი, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა ექიმებმა მათი დახმარება შეძლეს.

დაჭრილი ძმა და ახმეტელი ვასილ ცოცხალაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით მიიყვანა ზურაბ ზვიადაურმა, თუმცა ადგილზე ექიმებმა თქვეს, რომ ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო. ამავე კლინიკაში მიიყვანეს დაჭრილი ნიკა კენჭოშვილიც, ექიმებმა ამ შემთხვევაშიც თქვეს, რომ მათთან მოხვედრის მომენტში ის უკვე აღარ იყო ცოცხალი. 

ზურაბ ზვაიდაურის ადვოკატი კახა ცნობილიაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ჩხუბში არ მონაწილეობდა და ის საქმის გარჩევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. ის მხოლოდ მაშინ მივიდა, როცა მისი ძმა და მეგობარი უკვე დაჭრილები იყვნენ და სროლა მიმდინარეობდა. 

ადვოკატის ცნობით, ზურაბ ზვიადაურს მეგობარმა დაურეკა და წინანდლიდან მათი წაყვანა სთხოვა, რათა შარს არიდებოდნენ. ადგილზე მისულ ზვიადაურს კი საზარელი სურათი დახვდა - თავდამსხმელი ნიკა კენჭოშვილი ავტომატური ირაღიდან ისროდა, მისი ძმა და მეგობარი კი მძიმედ იყვნენ დაჭრილი.

ადვოკატი აცხადებს, რომ ზვიადაურმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ისროლა, რათა ძმის, მეგობრისა და საკუთარი სიცოცხლე გადერჩინა. ის თავს იცავდა და ადვოკატის აზრით, პროკურატურამ მას ბრალი რაზე უნდა წაუყენოს გაუგებარია. მისივე ცნობით, ზვიადაური ნანობს, რომ მისვლა დააგვიანდა, რადგანაც ძმის და ბავშვობის მეგობრის სიცოცხლე ვერ გადაარჩინა. 

„ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. წარმოგიდგენიათ ალბათ ადამიანის მდგომარეობა, რომლის თვალწინაც ძმა და ბავშვობის მეგობარი მოკლეს. ნერვიულობს და არ ვიცი მისი მდგომარეობა როგორ აღვწერო. 

„მას კენჭოშვილის მოკვლაც არ სურდა და საერთოდ არ იცნობს ვინ არის. მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ისროლა. თავს იცავდა, რადგანაც ძმის, მეგობრის და თავისი სიცოცხლე გადაერჩინა. თავდამსხმელს ავტომატური იარაღი ეჭირა და რომ არა ზვიადაურის რეაგირება, მეტი მსხვერპლი იქნებოდა.

„ზურა ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. პირიქით, შემთხვევის ადგილას მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ძმა ხიფათისგან ეხსნა და ჩხუბისთვის გამოერიდებინა. ამბობს, რომ დააგვიანდა და თავს იდანაშაულებს. ფიქრობს, რომ შეეძლო დროზე მისულიყო და ისინი დღეს ცოცხლები ყოფილიყვნენ“, - ამბობს ადვოკატი ცნობილაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

ოთხშაბათს გამოძებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი 16 აგვისტოს სისხლიან გარჩევაში მონაწილეებს. 

„ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×