თეონა ვეშაგური
18.08.2021

კოვიდ ინფიცირებისას, ერთ-ერთ რისკ ჯგუფს ორსული ქლბატონებიც წარმოადგენენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ყველა სახის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. რა ფორმით ხორციელდება მათი მკურნალობა, როგორი სიმძიმით ხდება დაავადების მიმდინარეობა და შეუძლია თუ არა ვირუსს გავლენის მოხდენა ნაყოფის მდგომარეობაზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.

„ორსულებში ვირუსის მიმდინარეობა, როგორც ზოგადად, არის როგორც მსუბუქი, ისე საშუალო სიმძიმის და მძიმე. თუმცა ორსულები მაინც საყურადღებო რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ, რადგან შედარებით მაღალია მძიმე მიმდინარეობის ალბათობა.

„რაც შეეხება გართულებებს, მსგავსია ყველა ადამიანისთვის, ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს და სასუნთქ სისტემას. შემდეგ ახასიათებს ასევე სხვა ორგანული სისტემების დაზიანება, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემა და ა.შ.

„დაახლოებით იგივე მიმდინარეობა ახასიათებს ვირუსს ორსულებსიც, როგორც სხვებში. თუმცა ამ დროს გართულებების რისკები არის მაღალი, ამიტომ მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია, რათა მოხდეს ამ მიმდინარეობის პრევენცია", - განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტი მკურნალობის პროცესებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პაციენტის ორსულობიდან გამომდინარე, მედიკოსები შეზღუდულნი არიან მედიკამენტების გამოყენებაში.

„არის ანტიბიოტიკები, რომლებიც ორსულობის დროსაც გამოიყენება, მაგრამ მათ აქვს თავისი უკუჩვენება, ყველა პაციენტში ანტიბიოტიკი საჭირო არ არის, თუმცა ორსულებში ბევრად შეზღუდული ვართ მედიკამენტების გამოყენების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მედიკამენტის დანიშვნა არ არის რეკომენდებული", - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ორსულებში ვირუსს პლაცენტის გავლა და ნაყოფზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია.

„თვითონ პირდაპირ ვირუსსაც შეუძლია პლაცენტის გადალახვა და გავლენის მოხდენა ნაყოფზე. ასე რომ, ზოგადად დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს, როცა ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება მძიმე პნევმონიით, ეს რა თქმა უნდა ცუდი გავლენა ხდება ნაყოფზე და მის შემდგომ განვითარებაზე", - ამბობს გოგინავა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საქართველოში კოვიდ ინფექციით 5 ორსული ქალია გარდაცვლილი. ბოლო ასეთი შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა, როდესაც 7 თვის ორსული ქალბატონი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-19 მაღალ რისკს წარმოადგენს სრულიად ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც და, სამწუხაროდ, ყველა მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება.

„კოვიდ-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არა მარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც. ეს კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა.

„არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული,"-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×