შტრიხები დემეტრე პირველის ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის
მამუკა ნაცვალაძე
15.08.2021

დემეტრე პირველის სახელი მოკრძალებულად შემორჩა საქართველოს ისტორიას. ეს ბუნებრივი გახლდათ - იოლი არ იყო მამამისის, დავით აღმაშენებლის ჩრდილიდან გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მან მეტ-ნაკლებად მოახერა თავისი კვალი დაეჩნია ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარებისათვის. ის ქართველთა ცნობიერებაში პირველ რიგში უკვდავი საეკლესიო საგალობლის "შენ ხარ ვენახის" ავტორად დარჩა.

პოლიტიკურ ასპარეზზე დემეტრემ ბევრი წინააღმდეგობა დაძლია, საშინაო არენაზე კი არ გაუმართლა. თვალები დათხარა 12 წლის ძმას ცვატას, გაუგებარი მიზეზების გამო აითვალწუნა საკუთარი შვილი დავითი, მისმა ასეთმა გადაწყვეტილებებმა ფაქტობრივად უფროს შვილიშვილს, დემნას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა საქართველოს შემდგომი ბედი, დემეტრეს საკუთარი შვილი დავითი რომ არ შეეძულებინა. არადა, როგორც ჩანს, მიზეზი მამის ასეთი დამოკიდებულებისა იმდენად საჩოთირო იყო, არცერთი მემატიანე ამაზე არაფერს ამბობს.

დემეტრე საოცრად სასტიკია, თანაც არასამართლიანი... ყოველ შემთხვევაში, სამეფო კარის ისტორიკოსები ვერ ხსნიან მის ულმობელ ხასიათს შვილსა და ძმასთან მიმართებაში.

მაინც სად უნდა ვეძებოთ დემეტრეს ამგვარი განწყობების სათავე? ვინ ან რამ უბიძგა მას ესოდენ არაორდინალური გადაწყვეტილება მიეღო საკუთარი უმცროსი ძე გიორგი გაემწესებინა სამეფო ტახტის მემკვიდრედ და თავისი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა საკუთარი შვილიშვილის დემნა ბატონიშვილისთვის? მანამდე ღალატის ბრალდებით შანთით თვალები დაეთხარა თავისი უმცროსი ძმის, 12 წლის ცვატა-ვახტანგისათვის? 

არადა, ეს ის ცვატა ვახტანგია, რომელიც დავით აღმაშენებელის სურვილით დემეტრე პირველის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო...

ამ კითხვებზე პასუხი იმ გარემოში უნდა ვეძებოთ, სადაც თავად დემეტრე აღიზარდა როგორც მომავალი მეფე და როგორც პიროვნება.

კაცი, რომელიც დავით აღმაშენებელს თავისზე აღმატებულად მიაჩნდა

დავით აღმაშენებელი, დემეტრეს მამა, ღვთის საჩუქარს უწოდებს სიყრმის შვილს. ის დემეტრე უფლისწულს თავისზე აღმატებულად მიიჩნევს. "მრავალი წყალობანი ჰყვანა ჩემ ზედა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დემეტრე, სიბრძნითა და ახოვანებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა". ეს დავით აღმაშენებლის ანდერძის ფრაგმენტია.

სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი - კვიცი გვარზე ხტისო, ნათქვამია და დემეტრემაც როგორც დავითის მხარდამხარ, ისე დამოუკიდებლად შთამბეჭდავი სამხედრო გამარჯვებები მიითვალა, რაც დასტური იყო იმისა, რომ დავითის შეფასება ობიექტურად ასახავდა რეალობას და მამაშვილური გულჩვილობის ნიშანწყალი არ ეცხო.

რა პირობებში ყალიბდებოდა უფლისწულ დემეტრეს ცნობიერება

თუმცა, დემეტრეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მთლად ვერ აღმოჩნდა მდგრადი და თანმიმდევრული. ამასაც თავისი წანამძღვრები აქვს - უნდა გავიხსენოთ, რომ დემეტრეს დედა, რომლის სახელიც ოფიციალურად არ შემოგვინახა მემატიანემ, დავით აღმაშენებლის პირველი მეუღლე, ანისელი სომეხთა მეფის ასული, სწორედ საქართველოს შემდგომ გაძლიერებას შეეწირა ზვარაკად. 

სიტუაციამ მოიტანა და გადაწყდა, რომ დავითი ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასულზე, გურანდუხტზე უნდა დაქორწინებულიყო. საქართველო იმ ხანად ქრისტიანული სამყაროს მებაირახტრედ ყალიბდება და ამ რეალობაში მეფე ვალდებულია ქრისტიანობის პრინციპები პედანტურად დაიცვას. პოლიტიკურად საჭირო ქორწინება კი ნიშნავს იმას, რომ ის პირველ ცოლს უნდა გასცილდეს. ორცოლიანობა გამორიცხულია, ამას ვერც ერი გაიგებს და ვერც ბერი. და აქ სამეფო კარზე მიიღეს გადაწყვეტილება დავითის მეუღლის დემეტრეს დედის მონაზვნად აღკვეცისა. სწორედ აქ იწყება ის, რაც დემეტრეს სულში მოურჩენელ ტკივილად დაილექა და უმოკლეს ხანში უპრეცედენტო აგრესიის მიზეზი გახდა.

რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეეწირა დავით აღმაშენებლის პირველი ქორწინება

ყივჩაღთა ჩამოსახლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რამდენადაც თურქ-სელჩუკთა აგრესიას, რომელიც გარდაუვალი გახლდათ, ქვეყანა მზად უნდა დახვედროდა, აქ ქრისტიანული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა და ამ საქმეში ყივჩაყთა თანადგომა - 40 ათასი ოჯახის ჩამოსახლება და შესაბამისად, პერსპექტივაში 40 ათასიანი არმიის შექმნა, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საქმედ მოიაზრებოდა. 

სწორედ ამ პოლიტიკურ რეალობას მოჰყვა დავითის მეორე ქორწინება. როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი მეფემ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. დავითი საუკეთესო მეფედ იმიტომაცაა აღიარებული, რომ იოლად შეეძლო საკუთარი ბედნიერება ქვეყნის ბედნიერებისთვის ზვარაკად შეეწირა. 

ეს არ იყო იოლად გასაკეთებელი, ადამიანს სწორედაც რომ ადამიანური ლტოლვები მართავს და მეტად რთულია ამისგან თავის დაღწევა. დავითმა ეს მოახერხა, მაგრამ მოახერხა უდიდესი ფსიქოლოგიური შინაგანი ტრავმის ფასად, რომელიც მის სულში დარჩა და საბედნიეროდ, მისი როგორც მეფის ქმედებებისას არ გამომზეურებულა.

ტკივილი, რომელსაც დემეტრე ვერ მოერია 

ადამიანური სისუსტეების დამალვა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სისუსტეები არ არსებობს. უბრალოდ, დავითის ეს ემოციები არასდროს ყოფილა გამოტანილი სახალხოდ, ის ილექებოდა ცნობიერებაში და სწორედ ამ დალექილი ცნობიერების ყივილია დიდი მეფის "გალობანი სინანულისანი".

დემეტრე უფლისწულის სულის ტკივილი, როგორც ჩანს, უფრო დიდი და დაუძლეველი აღმოჩნდა. როცა დავითი გურანდუხტზე ქორწინდება, დემეტრე უკვე ზრდასრულია, თუმცა, დედის გარიყვას ვერ შეეგუა. ის მტკივნეულად განიცდის დედის, როგორც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნის საჭიროებისათვის მონაზვნად აღკვეცილის უჩვეულო სტატუსს. 

არ არის იოლი გადასახარში ადამიანურად ის რაც იმ პერიოდში დემეტრეს სულში ხდება - ეს უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის, ეს ის სულიერი ტკივილია, რომელიც არსდროს გამოტანილა სხვათა განსასჯელად, მაგრამ ის არსებობს და მთავარია მეფე ამ ტკივილს ბოლომდე, სამარის კარამდე მოერიოს.

დემეტრე ამას ვერ ახერხებს, ვერ სძლევს საკუთარ თავს. ის იარა, დავითმა სიკვდილამდე საიდუმლოდ რომ ატარა და რომელმაც აღსასრულის წინ "გალობანი სინანულისანი დააწერინა" უფრო ადრე გაეხსნა უფლისწულს.

რატომ დაატყდა ცვატას დემეტრეს რისხვა თავს

1125 წელს, თავისი მეფობის ბოლო წელს დავით აღმაშენებელმა მეფედ აკურთხა შვილი. მას კონკურენტი და ტახტის შემცილე არავინ ჰყავს, ანდერძით ყველაფერი გარკვეულია - სამეფო გვირგვინი დემეტრესია, მის შემდეგ კი, თუკი ივარგა, ცვატა-ვახტანგი უნდა გამეფდეს.

ყველაზე საცნაური კი ისაა, რომ მეფის რანგში დემეტრემ პირველი და უსასტიკესი რისხვა სწორედ მის ნახევარძმას ცვატას დაატეხა თავს. ეს 1130 წელს ხდება. მაშინ ცვატა სულ 12 წლისაა. სომეხი მემატიანე ვარდანი ცვატას წარმოგვიდგენს როგორც მეფობისათვის მებრძოლს. 

აქ ყურადღება სწორედ ასაკს უნდა მივაქციოთ - ცვატა 1118 წელს დაიბადა, მაშინ როცა დავითს ყივჩაღები გადმოჰყავს საქართველოში. ასე რომ 1130 წლისთვის აღმაშენებლის უმცროსი ვაჟი ისევ მცირეწლოვანია სულ 12 წლის. ნაკლებად სარწმუნოა ის, როგორც მცირეწლოვანი, ამ დროს ტახტისთვის იბრძოდეს. აშკარაა, რომ ცვატა ფეოდალთა ხელში მარიონეტად იქცა და სწორედ აქ მართებდა დემეტრეს ცოდო-მადლის მეფურად გარჩევა.

როგორ აქციეს ცვატა ანისისათვის მებრძოლმა აბულეთის ძეებმა განტევების ვაცად

ყველაფერი კი ანისის თემით დაიწყო. ეს იმ დროს უსახელმწიფოდ დარჩენილი სომხების მთავარი ქალაქია. დავით აღმაშენებელმა ის თურქებისგან გაათავისუფლა, მისი მფლობელი აბულსოვარი რვა ძით დასავლეთ საქართველოში გადაასახლა. ქალაქი კი მესხ აზნაურებს აბულეთსა და მის ვაჟ ივანეს ჩააბარა. 

დემეტრეს მეფობისას ქალაქისთვის ბრძოლამ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო - ერთმანეთს ექიშპებოდნენ ძველი და ახალი მფლობელები. დემეტრეს გადაწყვეტილებით ანისი აბულსოვარის შთამომავლებს დაუბრუნეს და  ყმადნაფიცობაც დაუწესეს. საგულისხმოა, რომ აბულსოვარებმა ამის შემდეგ გამორჩეულად უერთგულეს მეფეს. 

მძიმედ განიცადეს ანისის მმართველობიდან ჩამოცილება აბულეთისძეებმა, განსაკუთრებით ივანე იყო გავეშებული. ამიტომაც შეთქმულება დაგეგმეს მეფე დემეტრეს წინააღმდეგ. შირმად კი სწორედ 12 წლის ცვატა გამოიყენეს. აშკარა იყო ის, რომ თუკი აბულეთისძენი გაიმარჯვებდნენ, მეფედ ცვატას აკურხებდნენ, თავად კი ქვეყნის რეალური მმართველნი გახდებოდნენ.  

უნდა ითქვას, რომ ივანეს წინააღმდეგი იყო მამამისი აბულეთი, რომელსაც მემატიანის თქმით "ჭაღარა გაუშლია" და ასე ემოციურად უთხოვია შვილისთვის განზრახვაზე ხელი აეღო. საბოლოოდ შეთქმულება გამჟღავნებულა. შეთქმულნი დმანისის ციხეში დაუმწყვდევიათ. სწორედ იქ ჩასულა ვითარების გასარკვევად დემეტრე. ივანე რომ დაუნახავს, სარკასტული ტონით მიუმართავს - აჰა, მოვედი და შემიპყარიო, ივანეს კი თავი გამოუდია - მე არაფერ შუაში ვარ, შენი ძმა მეფობას გეცილება და მე სწორედ მაგ მოღალატეს გაბარებო.

რატომ არ დასაჯა დემეტრემ ცვატასთან ერთად შეთქმული აბულეთისძენი  

განრისხებულ დემეტრეს თვალები დაუთხრია ძმისთვის, ყველაზე საცნაური კი ისაა, რომ მას არ გაუჩნდა ეჭვი აბულეთისძეთა ვერაგობაზე და განტევების ვაცად 12 წლის ცვატა აქცია. იქნებ სწორედ მიზეზს ეძებდა იგი ცვატას წინააღმდეგ და ამიტომაც მოიქცა ასე? 

ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ 1130 წლის შემდეგ ივანე აბულეთისძე და მისი შვილი თირქაში ისევ თავისუფალნი რჩებიან (1131 წელს ივანეს გარნისი აუწიოკებია). მეფემ რატომღაც მათი დასჯა იმ წელს არ მოისურვა. სწორედ ეს რეალობა აღძრავს ნამეტან ეჭვს დემეტრეს გადამეტებული სისასტიკის მიმართ. 

აბულეთისძენი ჭირად გაუჩნდნენ ქვეყანას -  1132 წელს დემეტრემ ჯერ ივანე მოაკვლევინა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი ძე მოუსვენარი თირქაში. 1130 წელს თვალებდათხრილი ცვატა კი არც მემატიანეებს გახსენებიათ და არც დემეტრე მეფეს. ასე უცნაურად გაუჩინარდა ისტორიის ლაბირინთებში დავით აღმაშენებლის უმცროსი შვილი.

წინ უფრო სასტიკი და ულმობელი მოვლენები გველის. საქართველოსთვის უპრეცედენტო სამეფო გადატრიალება, რომელიც სისხლით შეღებავს ბაგრატიონთა სამეფო კარის კულუარებს...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×