თეონა ვეშაგური
14.08.2021

ექიმები აცრაზე მისულ მოქალაქეებს ზოგ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს. ამის შესახებ განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთე და ასეთ მოქალაქეებს ურჩია, ექიმებს უარის წერილობითი დასაბუთება მოსთხოვონ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აცრაზე მისული პაციენტი ვაქცინაციის გარეშე გამოუშვას ექიმმა.

„იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს მწვავედ განვითარებული დაავადება, ეს იქნება ინფექცია თუ ნებისმიერი სხვა დაავადება რომელიც მიმდინარეობს, მაგალითად, მაღალი ტემპერატურით. ასევე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მძიმე ალერგიული რეაქცია, ან წინა პერიოდში ქონდა ანაფილაქსიური რეაქციები განვითარებული სხვადასხვა მედიკამენტზე, აღნიშნულ შემთხვევაში ექიმმა პაციენტს აცრამდე ალერგოლოგის კონსულტაცია უნდა მოსთხოვოს.

„არსებობს კიდევ ერთი მიზეზიც - როდესაც პაციენტს აქვს ალერგიული რეაქცია იმ რომელიმე კომპონენტზე, რომელსაც შეიცავს ვაქცინისთვის განკუთვნილი პრეპარატი.

„სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თუნდაც პაციენტს ჰქონდეს მცირე ალერგიული გამოხატულება, ან თანმდევი დავადებები, რომელიც არის მართვადი, ექიმმა პაციენტი აცრის გარეშე არ უნდა დატოვოს; და თუ მაინც თვლის, რომ ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, უნდა მოახდინოს ამის წერილობითი დასაბუთება", - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ამასთან დაკავშირებით 13 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე, მოსახლეობას მოუწოდა, რომ ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვონ.

პაატა იმნაძის განმარტებით, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.

პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა ექიმს ჩატარებული აქვს ტრენინგები და გამოთქვა გაკვირვება იმის გამო, რომ მედიკოსები „მითიურ ალერგიებს იშველიებენ".

„ჩაუწეროს ექიმმა რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და შესაძლებელი იქნება რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი", - განაცხადა იმნაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×