ელზა პაპოშვილი
13.08.2021

შემზარავი ფაქტი აჭარაში - გამოძიება 50 წლის მამაკაცს 15 წლის შვილის გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას და ოჯახში ძალადობას ედავება. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. ბრალდებული 4 შვილთან და დედასთან ერთად აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთში იმყოფება. 

დანაშაულის შესახებ სავარაუდოდ, პოლიციას გოგონას მეგობრის დედამ აცნობა. მან სამართალდამცველებს უამბო, რომ გოგონას სახლში დაბრუნება არ უნდოდა, რადგანაც მამა მასზე სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა. ის ძირითად დროს ქუჩაში ატარებდა და სახლში მისვლა არ სურდა. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა. მას აშინებდა, რომ თუ კი ამის შესახებ სადმე მოყვებოდა მას მოკლავდა. 

აჭარაში, 15 წლის გოგონას ბაბუამ, რომელიც მამამისს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სავარაუდოდ, მოხუცმა ამ საზარელი ამბის შემდეგ სუიციდი გადაწყვიტა. მეზობლებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ და ვერ აამბობენ გახდა თუ არა ეს ფაქტი მოხუცის თვითმკვლელობის მიზეზი.     

დაკავებული კაცის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. აჭარის პროკურატურა კაცს შვილის გაუპატიურებაში, მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს. სასამართლოს მომდევნო დახურულ სხდომაზე გასაჯაროვდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური ძალადობა უნდა დაადასტუროს, ან უარყოს.

სხდომაზე ასევე დაკითხავენ 15 წლის მოზარდსაც, რომელსაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

 

ბრალდებული თ.ტ. დუმილის უფლებით სარგებლობს, მოზარდი კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვანს სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ უვლია. სკოლაში ოჯახში არსებული სიტუაციის შესახებ არაფერი იციან და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი გოგონასთვის არაფერი შეუტყვიათ. მას ამის შესახებ არც მასწავლებლებისთვის მოუყოლიათ.

ადგილობრივები ბრალდებულს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მამაკაცისთვის შვილებზე ძალადობის ფაქტი არასდროს შეუმჩნევიათ. პირიქით, ის ცოლის გარეშე 4 შვილს ზრდიდა და მათთვის მზრუნველობა არ დაუკვლია. 

„არ ვიცით რა ვთქვათ. მთელი სოფელი შოკში ვართ. ძალიან კარგი მამაა და მისგან მსგავსი არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია. არ ვიცით, რა ხდებოდა, თუ შვილზე მართლა ძალადობდა არასდროს გაგვიგია. როგორც ამბობენ, თავად ამ ყველაფერს ბავშვი ყვება. აცხადებს, რომ მასზე ჯერ გარყვნილი ქმედება განახორციელა, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა. 

“აშინებდა და ეუბნებოდა, რომ თუ ამის შესახებ სადმე მოყვებოდა, მოკლავდა. ეს კაცი მოხუც დედასთან ერთად ცოლის გარეშე შვილებს ზრდის და ასე ხელაღებით რამეზე საუბარი გვიჭირს. გოგონას ამის შესახებ მეგობრის დედასთან მოუყოლია, რომელმაც პოლიციაში დარეკა. ამის შემდეგ კაცი დააკავეს. ის ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვმა ეს იმიტომ მოიგონა, რადგანაც სახლიდან წასვლა უნდოდა. არ ვიცით ვის დავუჯეროთ, ჩვენც  გამოძიებას ველოდებით“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მოზარდი ახლა დროებით თავშესაფარში იმყოფება. დაკავებული მამაკაცი წარდგენილ ბრალს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

არასრულწლოვანმა ფონდ "იალქანს" მიმართა, ფონდის დირექტორი თიკო აბაშიძე აცხადებს, რომ ინფორმაციის გაგების შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ. 

"ბავშვმა ჩვენთან და ფსიქოლოგთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი იყო მამის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. 

ჩვენ ვენდობით არასრულწლოვნის სიტყვას და შესაბამის რეაგირებას ველოდებით სასამართლოდან. ვიცით, რომ ის სახლში წასვლას აპროტესტებდა და ამიტომ ქუჩაში ცხოვრობდა. თავშესაფარში მოიყვანეს და ყველაფერს დეტალურად ყვება. წარმოუდგენელია ასეთი რამ ბავშვმა მოიგონოს, ის ძალიან მძიმე სტრესულ მსგომარეობაშია,"-ამბობს აბაშიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ბრალდებულის ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ხოლო  გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არასრუწლოვანს ეხება, ის დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს. თუმცა ამბობს, რომ საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომელმაც შესაძლოა  მოზარდის ბრალდებები გააბათილოს. 

“თავს დამნაშავედ არ სცნობს და გაოგნებულია, წარმოდგენა არა აქვს ბავშვი ამას რატომ აბრალებს. ოთხი შვილი დედის გარეშე  გაზარდა და არაფერი დაუკლია. სოფელშიც ძალიან კარგ ადამიანად და მამად ასახელებნ. სკოლაში მსგავსი ფაქტი არავის გაუგია. თუ ეს სისტემატიურად ხდებოდა, ვიღაცას ხომ მაინც უნდა შეემჩნია? მასწავლებლებს, კლასელებს და მეზობლებს ასე ყველას როგორ გამორჩათ? 

“მოწმეთა ჩვენებები არის საქმეში, რომელიც ისეთ გარემოებებს ასახელებენ, რომ შესაძლოა მისი ეს ჩვენება გაბათილდეს. რადგან საქმე მოზარდს ეხება ღიად ამ ჩვენებების შესახებ ვერ ვისაუბრებ. ჩვენს სასამართლოს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ საქმეში  მოწმეთა ჩვენებები მეტ სიცხადეს შეიტანს. "-აღნიშნავს ადვოკატი. 

ბათუმის სასამართლო საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში დაიწყებს. დაკავებულ მამაკაცს კი ბრალი თუ დაუმტკიცდა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×