ელზა პაპოშვილი
12.08.2021

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - მოკლულია შუახნის მამაკაცი, გიორგი ბასიაშვილი, რომელიც  წლების განმავლობაში თბილისში ტკბილეულის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა. როგორც „რეზონანსს“ მოკლულის მეზობლები უყვებიან, მას სასიკვდილო ჭრილობები იმავე ქარხნის დაცვის თანამშრომელმა მიაყენა - ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. მკვლელობის მოტივი კი პირადი შურისძიება სახელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცვის თანამშრომელს და ახალგაზრდა მამაკაცს პირადი წყენა ჰქონდათ, რის გამოიც ის სასიკვდილოდ  გაიმეტა. 

მოკლულს ცოლი და სამი შვილი დარჩა. ის საკუთარ სახლში კასპში უკვე გადაასვენეს. ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს და მომხდარზე საუბარი ჯერჯერობით არ სურთ. 

„გარდაცვლილს დაზიანება თავისა და ყელის არეში აღენიშნება. ჯერ ჩაქუჩი ჩაურტყამს - ეტყობაა გათიშა და მერე ყელი გამოუჭრია. ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. რა დაუშავა ამ ქარხნის დაცვის თანამშრომელს, აზრზე არ ვართ. ასე როგორ გაიმეტა... 

„სავარაუდოდ, ჯერ ჩხუბი მოუვიდათ. უკნიდან მიპარვით გათიშა და მერე ჭრილობები მიაყენა. ამბობენ, რომ სამსახურში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. რატომ და რა იყო ამის მიზეზი არ ვიცით. წარსულშიც რაღაცაზე უჩხუბიათ. სამი შვილი და ცოლი დარჩა. ოჯახი გაუბედურდა, ეს ერთი კაცი ინახავდათ“, - უყვება „რეზონანსს“ გარდაცვლილის მეზობელი.   

მომხდარზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×