ელზა პაპოშვილი
11.08.2021

ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა - საქართველოში ამ დროისთვის 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში თითქმის აღარ არის თავისუფალი ადგილები. ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხს განიხილავს. ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მედიკოსები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე რთულ ტალღად აფასებენ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 461198  გახდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 48 ადამიანი. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 6230-ია. განიკურნა 2 635. 

გამოჯაბნმრთელებულთა რიცხვმა 409110 -ს მიაღწია, ჩატარდა 50 430 კვლევა, მათ შორის 19 866 PCR ტესტი და 30 564 ანტიგენი. 14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი  9.33%-ია, ხოლო 7 დღიანი 10.27%, დღიური - 10,61%,აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა უკვე 45 832-ია. 6578 ადამიანი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა, კლინიკურ სასტუმროში კი 3238. ბოლო 24 საათში აიცრა 23 935 ადამიანი.  

ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებულია კოვიდ შეზღუდვებზე კონტროლი. ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური აწარმოებს. ინსპექტორთა ჯგუფები კანონის აღსრულებას სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხდება. განსაკუთრებული ყურადღება მასობრივი თავშეყრის პრევენციას ექცევა.  

"იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგრადობა შევინარჩუნოთ და მეორეს მხრივ დავიცვათ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიწყებთ მკაცრი აღსრულების მექანიზმების გამოყენებას," - აცხადებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. 

ეკატერინე ტიკარაძე ეპიდსიტუაციის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და ამბობს, რომ ინფექციის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობის მატება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოლოდინია, რომ გარდაცვალების მაჩვენებელიც გაიზრდება.

აქვე, მინისტრი ამბობს, რომ სპეციალისტები 20 აგვისტოსთვის ინფექციის გავრცელების პიკს ელოდებიან.

"გარდაცვალების მაჩვენებელი არის ორ კვირიანი ინტერვალით დაგვიანებული ინფიცირების რაოდენობასთან მიმართებაში და დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას, ვინაიდან, ეს არის თანმხლები პროცესი ინფექციის გავრცელების. 

საშუალო მონაცემები მსოფლიო სტატისტიკით გარდაცვალების არის ინფიცირებულთა რაოდენობის 2%, თუმცა საქართველოში ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ეს არის 1.36% და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი სწორედ იმ საერთო მოცულობიდან და ჰოსპიტალიზირებული პაციენტებიდან არის ეს წილი, რომლის მოლოდინი გვაქვს. 

რაც შეეხება თავად ინფექციის გავრცელებას, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით, ჩვენ დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის გავრცელების სიჩქარე არის 1.4%, ესეც ასევე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით, ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება შემდეგ დღეებში გვექნება.

არსებობს დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია და ამ ეტაპისთვის, ამ მეთოდოლოგიების სურათი ერთმანეთს ემთხვევა ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ და შემდეგ დღეებშიც იქნება გარკვეული ნახტომისებური ზრდა, რომელიც საკმაოდ ნეგატიური მაჩვენებელია. პიკურ მაჩვენებელს, მოლოდინი გვაქვს, რომ მივაღწევთ სადღაც 20 აგვისტოსთვის, რაც უკვე დღევანდელი მონაცემებით, არის გარდაუვალი.“ - განაცხადა მინისტრმა.  

მინისტრის თქმით, კარვებში მოწყობილი საავადმყოფო, მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან ერთად, მკურნალობის ხარისხზეც იმოქმედებს. 

"წინა ტალღების პერიოდში, მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას. შედარებით მკაცრი განცხადებები, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროდან, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა,"- განაცხადა ტიკარაძემ.  

მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალის მოწყობის აუცილებლობა დადგა, ის ისეთ ლოკაციაზე განთავსდება, რომელსაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა ექნება მოსახლეობაზე.

“ძალიან არასასიამოვნო იქნება კარვებში ამ ყველაფრის ნახვა და ღია სივრცეებში, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე და მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ამ ეტაპზე ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.   

ოჯახის ექიმების რესურსის გადატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მაქვს. ამის გამო 1 კვირის წინ ჩვენ კიდევ 80 ოჯახის ექიმი დავამატეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ კლინიკის გაფართოებაზე მუშაობს. ამასთან ერთად ტიკარაძემ გადაუდებელი დახმარების, 112-ის ცხელ ხაზზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სამინისტრო ამ პრობლემასთან დაკავშირებით სხვა უწყებებთან თანამშრომლობს.

„რაც შეეხება 112-ს, ეს არ არის ჩემი უწყება, მაგრამ კოლეგა მინისტრთან მქონდა საუბარი და ისინიც აცხადებენ პერსონალის მობილიზებას. მაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 100 პირი არის დაკონტრაქტებული, რათა 112-ში შემოსულ ზარებზე სწრაფი რეაგირება მოხდეს. როგორც ვიცი, 70 პირი უკვე ჩართულია საქმეში, რათა ზარების განტვირთვა მოხდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი და ამბობს, რომ რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი უნდა გაიზარდოს.

"მდგომარეობა არის საგანგაშო, შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება და ახალი პაციენტების ნაკადისთვის შესაბამისი კლინიკური დახმარების გაწევა ძალიან ძნელია და საწოლების მოძიება ძალიან რთულდება. ამიტომ დგება დღის წესრიგში, რომ მოძიებული იქნას დამატებითი რესურსები საწოლების. თუ ლოკდაუნის რეჟიმზე ვერ ან არ გადავდივართ, მაშინ მინიმუმ უნდა გაიზარდოს კონტროლი,"- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.  

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მიიჩნევს, რომ აუცრელი ადამიანი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სოციუმსაც ვნებს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე.  

"რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას? პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.

 ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.

 ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა“,-აცხადებს გურული. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×