როგორ დაუდო სათავე ჯვაროსანთა ლაშქრობამ საქართველოს საკრალურ ფერისცვალებას
მამუკა ნაცვალაძე
11.08.2021

მეთორმეტე საუკუნის ათიანი წლები საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა ევროპაში. ორიოდე ათეული წლის წინ იერუსალიმისკენ დაძრულმა ჯვაროსნებმა მსოფლიო ისტორიის თვისობრივად ახალ ეტაპს დაუდეს სათავე. 

ეს ის პროცესებია, საქართველოს სამეფოს წისქვილზე რომ ასხამს წყალს. დავით აღმაშენებელი 1089 წლიდან ელის თავის ჟამს, დაბურულ, ნაცრისფერ გარემოში ჯერ კიდევ არ ჩანს სინათლე, მაშინ ჯერ კიდევ არავინ უწყის, ჩვენი ქვეყნისთვის ასე სასიკეთოდ რომ შეიცვლება საერთაშორისო ვითარება.

გავა ორიოდ ათეული წელი და საქართველოში იერუალიმის მეფე ბალდუინ მეორე ჩამოვა, ჩამოვა საკმაოდ კონკრეტული მისიით - ისე როგორც ქართველა სამეფო კარისთვის, ჯვაროსანთათვისაც ნათელია - ქრისტიანულ სახელმწიფოთა ერთიანი კოორდინაციის გარეშე ვერ დაიძლევა თურქ-სელჩუკთა ბარიერი.

როგორ გადაეჯაჭვა საქართველოს ბედი ჯვაროსნებს

საკრალურად გადაეჯაჭვა საქართველოს ბედს ჯვაროსანთა გარჯა -  1099 წელს იერუსალიმის აღება დავით აღმაშენებლისათვის ნიშანია იმისა, რომ ხარკი უნდა შეუწყვიტოს სელჩუკებს. საცნაური სწორედ ისაა, რომ იერუსალიმს ბალდუინი იღებს და სწორედ ის აარსებს წინა აზიაში უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილას იერუსალიმის ლათინთა სამეფოს. ეს ბალდუინ პირველია, სულ სხვა ბალდუინი და არა ის, საქართველოში რომ ჩამოდის.

იერუსალიმის აღება ის ნიშანია, ნათელი წერტილი რომ გააჩინა საქართველოსთვის დასავლეთმა. სწორედ ამის შემდეგ იწყება დავით ამაშენებლის მეფობის აღმავალი ხანა. ჟამი, როცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადამწყვეტ ბრძოლას თურქ- სელჩუკებთან საქართველო მომზადებული შეხვდეს. ამ მიზანს ემსახურება დავით აღმაშენებლისა და მისი თანამზრახველი ფილოსოფიურ-რელიგიური დასის დაგეგმილი რელიგიური, საგანმანათლებლო, თუ სამხედრო რეფორმები... 

1099 წელს ჯერ კიდევ არავინ უწყის, რომ თურქ-სელჩუკებთან ბრძოლა დიდგორში მოხდება, თუმცა, ყველა გრძნობს, რომ მტერთან ამგვარი გადამწყვეტი შერკინების ჟამი საქართველოში ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება.

ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ დრომ უნდა მოამწიფოს სიტუაცია, ყველაზე კარგი კი ის გახლავთ, რომ დრო სწორედ დავით აღმაშენებლის მოკავშირეა.

რატომ არ ახლეს ჯვაროსნებმა ხელი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს

საცნაურია, რომ იერუსალიმის დაკავების შემდეგ, 1099 წელს ჯვაროსნებმა ყველა მართლმადიდებლური ტაძარი მიისაკუთრეს ქართველთა ჯვრის მონასტრის გარდა. 

ეს ის დროა, როცა ბიზანტია ფაქტობრივად პარალიზებულია, მას არ შეულია ქმედითი ღონისძიებების განხორციელება სელჩუკების წინააღმდეგ, ბიზანტიის პატრიარქი და რომის პაპის სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებულან. 1054 წლის მოვლენებმა განსაკუთრებულად გაამძაფრა ურთიერთობა დასავლეთსა და აღმოსავლეს ქრისტიანულ სამყაროს შორის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კათოლიკე ჯვაროსნები გამორჩეული ჟინით ისაკუთრებენ ბიზანტიელთა ქონებას, ისინი არ ინდობენ მართლმადიდებლურ ეკლესიებს.

გამონაკლისია ქართველთა ჯვრის მონასტერი. ევროპელები არ ეკარებიან ქართველთა ტაძარს, არადა ჯვაროსნები სწორედ ის ხალხია, საშოვარზე რომ არიან აღმოსავლეთით წამოსულნი, მათთვის ნებისმიერი ქონება ფასეულია, თუმცა, კარგად ჩანს, ისიც იციან, რას შეეხონ და რას - არა.

ბუნებრივია, საინტერესოა ქართულ მონასტრისადმი მათი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი. ეს სწორედ იმის გამოძახილია, რომ ჯვაროსნები საქართველოს სამეფოს სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებენ, მათთვის ფასეულია ქართველთა მხარდაჭერა, რამდენადაც სამხედრო რესურსების თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდულნი არიან. ასეთ დროს კი ჯვრის მონასტრის მისაკუთრება სწორედაც რომ პოლიტიკური მოკავშირეობის ხელშეშლაა და მეტი არაფერი.

მეორე მიზეზი საქართველოსთან ამგვარი სენსიტიური დამოკიდებულებისა ის უნდა იყოს, რომ კონსტანტინოპოლისგან განსხვავებით საქართველოს ეკლესია არ ჩარეულა 1054 წელს კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა დაპირისპირებაში, ამ პროცესებს, რომელიც ფაქტობრივად პოლიტიკურ ჭრილში იყო გადაწყვეტილი, საქართველო გაემიჯნა, თან ისე საკუთარი დიოფიზიტობა რომ არ დაუყენებია ეჭვქვეშ.

სწორედ ასეთი დამოკიდებულებების გამო საქართველოს სამეფო კარი დასავლეთს ყოველთვის საკუთარ სრტატეგიულ პარტნიორად მოიაზრებდა, თავის მხრივ, დასავლეთიც იგივე განწყობით იყო, მხოლოდ ერთი განსხვავებით - პოლიტიკურად უძლურს მხოლოდ სათავისოდ ესმოდა ქართველ მეფეთა შეთავაზება კათოლიკური სარწმუნოების გავრცელების შესახებ.

რა მიზნებებს ისახავდნენ ჯვაროსნები საქართველოსთან ურთიერთობით  

ის რაც იერუსალიმში, ქართველთა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ხდებოდა, ერთი მცირე ფრაგმენტი გახლდათ საერთო პოლიტიკისა, ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც ქართველთა და ჯვაროსანთა სარწმუნოებრივი და პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. თურქ-სელჩუკები მოუშუშებელი ჯადოა საქართველოსთვის, ისეთი ჯადო, რომელსაც დამოუკიდებლად ვერასდროს მოიშორებდა, ამ თვალსაზრისით ჯვაროსანთა ლაშქრობა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანადგომა და საკრალური მისია გახლდათ ქართველებისთვის.

ეს პოლიტიკური თამაშებია და ბუნებრივია ამ პოლიტიკურ წიაღსვლებში საქართველო ვერ დარჩება იზოლირებული, თავის მხრივ, ჯვაროსნებსაც ეიმედებათ ქართველების.

სწორედ ამ პრიზმიდანაა საკმაოდ სახასიათო იერუსალიმის მეფის ბალდუინის დავით აღმაშენებელთან სტუმრობის ფაქტი, რასაც იონე ბატონიშვილი ადასტურებს: ”ამა რიცხვსა შინა იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ, რომელმანცა მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბალვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისამებრ სხვათა ისტორიებითა”. 

ეს ამბავი 1118 წელს ხდება, ბალდუინის მეფედ აღსაყდრების მომდევნო დღეებში. ესეც სიმბოლურია - მეფედ კურთხევისთანავე (სხვათაშორის ეს 1118 წლის 14 აპრილს აღდგომის დღეს ხდება) რომ გადაწყვეტს საქართველოში სტუმრობას.

ვინ იყო ბალდუინ მეორე

ბალდუინ მეორე იერუსალიმის მეფედ კურთხევამდე 1100 წლიდან ედესის გრაფი იყო. ის ნათესავია ჟოფრუა და ბალდუინ ბულონელების, რომელნიც ერთად მოდიან აღმოსავლეთით პირველი ჯვაროსნული ლაშქრობაში. არ ყოფილა მისი ასპარეზი ია-ვარდით მოფენილი, 1104 წელს ედესაში შეიჭრნენ თურქები და ისინი ბალდუინს ტყვედ იგდებენ, საკმაოდ დიდ გამოსასყიდად შესძლო მისი დახსნა ჟოსლინ ქორთნეიმ. დიდი ბრძოლები დასჭირდა ბალდუინ მეორეს ედესის გრაფის ტიტულის დასაბრუნებლადაც.

საცნაურია ისიც, რომ ის ბრძოლებში ის განსაკუთრებულად იწრთობა. მან იცის კოორდინაციის ფასი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეთანხმებულად იომონ ჯვაროსნებმა, მაგრამ...

1119 წლის ზაფხულში ილ-ღაზი ანტიოქიის საგრაფოს უტევს. გრაფი როჟე მაშინათვე იღებს ილ-ღაზის გამოწვევას, არ ელოდება ბალდუინის ჯარს, ამას საკმაოდ ტრაგიკული ფინალი აქვს - ჯვაროსნები მარცხდებიან, გრაფს კი ბრძოლის ველზე კლავენ. 

ანტიოქიის მოსახლეობა დახმარებას ბალდუინ მეორეს სთხოვს, ამ დროიდან ის იერუსალიმის მეფობის პარალელურად ანტიოქიის საგრაფოს რეგენტი ხდება. ორი წლის განმავლობაში მას ილ-ღაზთან რამდენჯერმე უწევს დაპირისპირება. 1121 წლის გაზაფხულზე ბალდუინი ედესის ჯარის მხარდაჭერით შეტევაზე გადადის. ილ-ღაზი ჩიხი ექცევა და დაზავებას სთავაზობს.

რა მიზნით დაუზავდა ილ-ღაზი ჯვაროსნებს

ბუნებრივია, ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება საკმაოდ მნიშვნელოვანია, დავით აღმაშენებელსაც და ბალდუინსაც ერთი მტერი ჰყავთ - ილ-ღაზი - ალეპოს მმართველი, რომელიც მაჰმადიანთა შორის გამორჩეულია თავისი სიმამაცითა და თავდადებით. 

იციან ჯვაროსნებმა ილ-ღაზის გეგმები, იოლად შეიძლება იმის გათვლა, რატომ მოისურვა ილ-ღაზმა  იერუსალიმის სამეფოსთან დაზავება. მას ორ ფრონტზე არ შეუძლია ბრძოლა, შესაბამისად, სამხრეთის მიმართულებიდან მშვიდობიანობა სჭირდება. ილ-ღაზის სტრატეგია საქართველოს მიმართ სრულიად ნათელია - ის ჯერ დავით აღმაშენებლის სახელმწიფოს მოუღებს ბოლოს, შემდეგ კი იერუსალიმისა და ანტიოქიის სამეფოს ჯერიც დადგება. თანაც ეს ერთგვარი გამოწვევა და რევანშის სურვილია - 1119-21 წლებში ის რამდენჯერმე მარცხდება ჯვაროსნებთან და ახლა საკუთარი რეპუტაციის აღდგენა სურს.

თუმცა, დავითს ეს არ აშინებს და ის მიზანმიმართული შეტევებით თურქ-სელჩუკებს საქართველოს საზღვრებიდან შორს, სამხრეთის მიმართულებით მიერეკება.

ყველაფერი ხელისგულზე დევს და დიდი მისნობა არ სჭირდება იმას, რომ ილ-ღაზი საქართველოსკენ აიღებს გეზს და საპასუხო შეტევას განახორციელებს. ეს ბუნებრივია იციან ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ქართველებმა, შესაბამისად ინფორმაცია აქვს დავით აღმაშენებელსაც.

რატომ იბრძოდნენ ჯვაროსნები დიდგორის ომში 

სწორედ ეს ფაქტორია მნიშვნელოვანი იმის გააზრებისთვის, თუ რატომ მოდიან დიდგორის ომში ჯვაროსნები ქართველების დასახმარებლად. ისტორიული წყაროები დიდგორის ომში მებრძოლი ფრანკების სხვადასხვა რაოდენობას მიანიშნებენ -  მეთორმეტე საუკუნის პირველი ნახევრის სომეხი მემატიანე მათე ურჰაეცი 100 ფრანკს უთითებს, კანცლერი გოტიე კი - 200-ს. აშკარაა, რომ ამ ფრანკებს, თუნდაც სიმბოლური თვალსაზრისით უდიდესი მისია გააჩნდათ, ისინი იდეისათვის იბრძვიან, სწორედ ეს იდეა აერთიანებს ჯვაროსნებსა და დავით აღმაშენებელს.

საგულისხმოა, რომ როცა დავითმა 1110 წელს სამშვილდეში დაამარცხა თურქ-სელჩუკები, და ისინი უფრო სამხრეთით განდევნა, ამან უდიდესი როლი შეასრულა იერუსალიმის ლათინთა სამეფოსა და ანტიოქიის სამთავროსათვის, რამდენადაც დამარცხებულ სელჩუკებს ფაქტობრივად ძალა აღარ ჰქონდათ სამხრეთისკენ გაეგრძელებინათ შეტევა. 

ფაქტობრივად რეალურმა პოლიტიკურმა სურათმა ჩამოაყალიბა ჯვაროსნებისა და საქართველოს ურთიერთობის ის მექანიზმი, რაც საერთო შეთანხმებისა და კოორდინაციის შემთხვევაში წარმატების მთავარი გარანტი იყო.   

იმდროინდელმა მსოფლიომ კარგად უწყის დიდგორი მხოლოდ ქართველთა ომი არაა, ეს საქრისტიანოს ომია, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში პირისაგან მიწისა აღიგავება ქრისტიანული სახელმწიფოები. მათგან ბიზანტია მანასკერტის ბრძოლის შემდეგ 1071 წლიდან ფაქტობრივად პარალიზებულია, მისი ფუნქცია სწორედ საქართველომ უნდა იტვირთოს, რომელსაც სულ სხვა პერსპექტივები დაუსახა ჯვაროსანთა ევროპულმა ლაშქრობებმა, საქართველოს სამეფოს წისქვილზე ასხამს წყალს ახლო აღმოსავლეთში ევროპელთა მიერ დაარსებული იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. 

სწორედ ეს მრავალმხრივი გეოგრაფიული მიმართულებები არ აძლევვს საშუალებას თურქ სელჩუკებს ძალები ერთი მიმართულებით მიმართონ და კონცენტრირება შესძლონ.

საკრალური 1118 

ბალდუინის სტუმრობას ქართლში საკმაოდ დიდი ძვრები მოჰყვა, ეს ძვრები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კარდინალური ცვლილებების მანიშნებელია, სწორედ ამ წელს, 1118-ში განახორციელა საქართველოს მეფემ უმნიშვნელოვანესი სამხედრო რეფორმა, გადაწყვიტა ყივჩაღების ჩამოსახლების საკითხი, რაც 40 ათასიანი რეგულარული არმიის შექმნას გულისხმობდა. 

1118-ში სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დავითმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, გაშორდა თავის პირველ ცოლს მარიამს და დაქორწინდა ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასულზე. ესეც პოლიტიკური მიზნით უდიდესი გულისტკივილის ფასად... მაშინ არავის შეუტყვია მეფის სულის ტკივილი, "გალობანი სინანულისაში" რომ აღმოხდა თითქოს ყველაფრისამტან და ყოვლისშემძლე დავითს კვნესად...

საცნაურია ისიც, რომ ამ წელს 1118-ში იერუსალიმში ტამპლიერების ორდენს ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც განსაკუთრებულად უწყობდა ხელს ბალდუინი.

სულ მალე დავითმა იმდროინდელი ცივილური სამყაროსათვის უნდა დადგას მსოფლიო ისტორიის ულამაზესი პერფორმანსი -"ძლევაი საკვირველი", რომლის წყალობითაც საქრისტიანო სამყარო შეინარჩუნებს არსებობას...

დიდგორის ტრიუმფამდე სამიოდე წელიღა რჩება...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×