ელზა პაპოშვილი
10.08.2021

სასტიკი დანაშაული თბილისში - ნაძალადევის რაიონში 40 წლის ქალი მისმა მეგობარმა 38 წლის მამაკაცმა დანით სასტიკად დაჩეხა. ქალი ნაქირავებ სახლში მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, სავარაუდოდ დამნაშავე ქალს ღამის საათებში, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ აედევნა, სახლში შესულს ბინაში შეეჭრა და დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა. 

მეზობლების თქმით, ქალის ყვირილი ან კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ. რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, არ იციან. 

დასახიჩრებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი სახლის მეპტარონემ იპოვა, რომელმაც საშველად მეზობლებს უხმო. ადგილზე კი მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. 

მამაკაცის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის პოლიციამ ცხელ კვალზევე რამდენიმე საათში თბილისში დააკავა. 

„საშინელი ფაქტი მოხდა. ასე ქალი როგორ უნდა გაიმეტო, არ ვიცი. მეგობარი მამაკაცი ყოფილა და არ ვიცი მათ შორის რა მოხდა. 

„სავარაუდოდ, ქალს ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურდა. ალბათ შეატყო რა პათოლოგიც იყო. ჩასაფრებულა და სამსახურიდან აედევნა. ისე მოყვა სახლამდე და ისე შეუვარდა ბინაში, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ალბათ პირზე ხელი მიაფარა და დანით ასე ჩეხავდა. ჩხუბის ხმაც კი არავის გაგვიგია. არადა იტალიური ტიპის ბინებია და ხმაურს ადვილად ვიგებთ. ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. 

„ეს ქალი აქ უკვე 2 წელია ქირით ცხოვრობს. მისი ყვირილის შემდეგ გავიგეთ, რომ ქალი დაუჭრიათ. სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ. ამბობენ, რომ 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

კიდევ ერთი ადგილობრივი ყვება, რომ თავდაპირველად მათ მომხდარი ყაჩაღობა ეგონათ, თუმცა შემდეგ გაიგეს, რომ თავდამსხმელი და მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ. 

„თავიდან ვიფიქრეთ, რომ ქალის დაყაჩაღება ვიღაცას უნდოდა და მას სახლში შეეჭრა. თუმცა სახლიდან არც არაფერი იყო წაღებული და მეორეც, ყაჩაღი მას ასე სასტიკად არ დაჩეხავდა. 

„პოლიცია მალევე მიხვდა, რომ შურისძიებას ჰქონდა ადგილი. ქალი უკვე უგონო მდგომარეობაში იყო, მას არ უთქვამს ვინ დაჭრა. სავარაუდოდ, პოლიციამ მისი იდენტიფიცირება კამერების მეშვეობით მოახდინა. ძალიან ოპერატიულად იმუშავეს და მთელი ღამე ეძებდნენ. მერე გავიგეთ, რომ დაკავებულია ქალის მეგობარი მამაკაცი. სხვა დეტალები, რატომ გაიმეტა ასე და რა მოხდა, არ ვიცით“, - ამბობს „რეზონანსთან“ ქალის მეზობელი. 

დაჭრილი ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „რეზონანსს“ კლინიკაში განუცხადეს, ქალის მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. სხვა დამატებით დეტალებისგან საუბრისგან მედიკოსები თავს იკავებენ, რადგანაც ქალის ოჯახს მისი ჯამრთელობის შესახებ მედიასთან საუბარი არ სურს. 

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×