ამბავი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისა
მამუკა ნაცვალაძე
10.08.2021

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ქართულ ისტორიოგრაფიისათვის გამორჩეული თემაა. 1104 წელს ჩატარებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა ღონისძიებამ, ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემდგომი მსვლელობის ორიენტირი. სწორედ რუის-ურბნისში ჩაეყარა საფუძველი ეპოქას, შემდგომში "ოქროს ხანით" რომ  გაგრძელდა. აქ იღებს სათავეს ის პროცესები, რომელსაც გვირგვინად დაედგა დიდგორის ტრიუმფი.

ეს ის დროა, როცა ჯვაროსანებს იერუსალიმი უკავიათ, როცა თურქ-სელჩუკებს საქართველოსთვის აღარა "სცხელათ", როცა დავითი აღარ იხდის ხარკს, როცა კახეთის მრავალსაუკუნოვანი პრობლემაც მოგვარდა. ახლა სწორედ საეკლესიო საკითხს უნდა მიეხედოს, დიდი საქართველოს შექმნისკენ მძლავრ ბარიერად რომ ეღობება ქვეყანას.

ამ უმნიშვნელოვანესი საქმებისას დავითს გვერდში უდგანან მამამისი, “მეფეთ-მეფე” გიორგი და გიორგი ჭყონდიდელი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელნიც იდუმალი შემოქმედნი იყვნენ იმ პერიოდის საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესისა.

რატომ გახდა აუცილებელი რუის-ურბნისის კრების მოწვევა

ეკლესიას გამორჩეულ როლს აკისრებს დავითი – ეკლესია უნდა იყოს სამეფო კარის დასაყრდენი ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში. ამ მხრივ კი მთლად საუკეთესოდ არ არის საქმე. კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულა, საცნაური კი ისარის, რომ საეკლესიო თანამდებობების გაყიდვას ხელს უწყობდა დავითის პაპა ბაგრატ IV თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით. 

სამეფო ხელისუფლების დასუსტებით სარგებლობდნენ ფეოდალები და ცდილობდნენ თავიანთ სამთავროებში არსებული საეპისკოპოსო კათედრები მათი ნების აღმსრულებლად აქციონ. ამიტომაც ადგილობრივ საეკლესიო თანამდებობეზე ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე მათი ინტერესების გამტარებელი საეკლესიო პირები ინიშნებიან.

როგორ ამხილა ბაგრატ მეოთხე გიორგი მთაწმინდელმა

სიტუაცია იმდენად აუტანელი გახდა, რომ საეკლესიო პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას რუის-ურბნისის კრებამდე 40-ოდე წლით ადრე ჯერ კიდევ ბაგრატ IV ხედავს, ამ უმსგავსოებაში ჩართული თავადაც გრძნობს, რომ გამოსავალი უნდა მოძებნოს, ამიტომაც ათონიდან ცნობილ ბერს გიორგი მთაწმინდელს უხმობს. მთაწმინდელი საქართველოში 1060 წელს ჩამოდის. მას რთულ ვითარებაში ხვდება ქართული ეკლესია, იმ უმძიმეს ფონს, რაც მთლიანად ქვეყანაში იყო, ბუნებრივია ვერც ეკლესია ემიჯნაბა. 

მთაწმინდელის დასკვნა მართლაც შეუვალია. მან თვით ხელისუფალი ბაგრატ IV დაადანაშაულა, რომ სათანადო ღონისძიებებს არ ატარებდა ეკლესიასა და ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერებების აღმოსაფხვრელად.

ერთი სიტყვით, რუის ურბნისის კრებამდე ოთხი ათეული წლით ადრე, XI ს-ის 60-იანი წლებისათვის გახდა აქტუალური ქვეყნისა და ეკლესიის რეფორმების აუცილებლება, თუმცა, თურქ-სელჩუკთა ბატონობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ არც ბაგრატს უნდა ჰქონოდა რეფორმების დიდი სურვილი, რამდენადაც სავარაუდოდ, მას ეკლესიის თანამდებობების ყიდვა-გაყიდვიდან სოლიდური მოგება რჩებოდა. სწორედ ამით უნდა ყოფილიყო განპირობებული მის მიმართ გიორგი მთაწმინდელის მკაცრი ტონი.

ჰქონდა თუ არა დავით აღმაშენებელს საეკლესიო კრების მოწვევის უფლება

რუის-ურბნისის კრების მოწვევის ინიციატორი დავით აღმშენებელი გახლდათ. 1104 წელს სულ სხვა ვითარებაა ქვეყანაში. გარდა სასურველი პოლიტიკური ფონისა, ყველაზე დიდი კაპიტალია იმ ფილოსოფოსთა კოჰორტა, მანგანის აკადემაში რომ ეზიარა განათლებას და სულ სხვაგვარად რომ ხედავს საქართველოს მომავალს.

ამ ფილოსოფიურ-რელიგიურ დასს გიორგი ჭყონდიდელი მეთაურობს. სწორედ გიორგი ჭყონდიდელისა და მისი დასის კარნახითა და თანადგომით დგამს მეფე დავითი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

ხელმწიფეს სხვადასხვა იმპერატორების წინარე ისტორიული მაგალითებიდან გამომდინარე ჰქონდა კრების მოწვევის უფლება, მან მხოლოდ პრობლემატური საკითხი დააყენა კრებაზე, ის საკითხი, რომელიც თავად აღელვებდა, მეფე მარტო არ გახლდათ - არაერთი მღვდელთმსახური, ზნეობრიობითა და ღისებით გამრჩეულნი იზიარებდა მის პოზიციას.

საგულისხმოა, რომ კრების მიმდინარეობის დროს, როგორც  ვახუშტი ბატონიშვილი მიანიშნებს, დავითს ხმა არ ამოუღია და არც სხვათა მსჯელობაში ჩარეულა. ამ კრებისას დავითი იყო "თვითცა მუნ მჯომი არა ვითარცა მეფე, არამედ ვითარცა მონა." 

რატომ არ გახდა საეკლესიო კრებისას დავითის დასაყრდენი კათალიკოსი ბასილი

რუის-ურბნისის კრებასთან მიმართებაში რამდენიმე უცნაურობა გამოიკვეთა. პირველი უცნაურობა ის გახლავთ, რომ ამ კრებისას დავითის თანამზრახველად არა პატრიარქი ბასილი, არამედ მისი სულიერი მოძღვარი გიორგი ჭყონდიდელია. 

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო ხანა, როცა საეკლესიო კათედრები ფაქტობრივად ფეოდალთა კარნახით იმართებოდა, რამდენადაც ამ კათედრებზე სწორედ ფეოდალთა ოჯახის წარმომადგენელნი იჯდნენ. 

კრებამ მათ უფლებები ჩამოართვა, საგულისხმოა, რომ თავად ფეოდალის რანგში იყო აღზევებული იმდროინდელი კათალიკოსი ბასილიც, რომელიც ვიწრო ფეოდალურ ჩარჩოებს ვერ სცილდებოდა, ამდენად იმ მასშტაბებს, რაც დავით აღმაშენებელი და მისი თანამზრხველი ფილოსოფიურ-რელიგიური დასი უსახავდა ქვეყანას, კათალიკოს-პატრიარქ ბასილისათვის სრულიად გაუცხოვებული და კონცეფტუალურად მიუღებელი გახლდათ.  

რატომ ჩატარდა კრება რუის-ურბნისში

ამ კრების კიდევ ერთი უცნაურობა დაკავშირებულია კრების ადგილთან. საკითხავია, რატომ ტარდება ესოდენ უმნიშვნელოვანესი ღონისძიება რუის-ურბნისში? რატომ აირჩია დავით აღმაშენებელმა ეს ადგილი ქვეყნისთვის ასეთი სასიცოცხლო პრობლემის გადასაწყვეტად? რამდენად შემთხვევითია ეს არჩევანი? კითხვა მით უფრო მძაფრად ისმება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ არსებობს მცხეთა, უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრი, სადაც კათალიკოსი ზის, ასევე არსებობს ბაგრატის და ჭყონდიდის კათედრები, რომელნიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის ცხოვრებაში. და კრება მაინც რუის-ურბნისში ტარდება. 

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თავდაპირველად იმ პერიოდის ვითარება უნდა შევეხოთ. თურქ-სელჩუკთა ურდოების შემოსევისთვის ქართულ სამეფო კარს ფაქტობრივად არაფრის დაპირისპირება არ შეეძლო. იმ დიპლომატიურ სვლებს, რომელსაც ბაგრატიონები მიმართავდნენ ამ დროს, მხოლოდ დროის გაჭიანურება შეეძლო. დროის გასვლა და სიტუაციის შეცვლა იმ პერიოდისთვის საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში ერთადერთი სასარგებლო ნაბიჯი გახლდათ. 

ქართველთა სამეფო კარს უკეთესის მოლოდინი ჰქონდა და ამ უკეთეს ჟამს ის მომზადებული უნდა შეხვედროდა. ამაზე ფიქრობს მეფე გიორგი მეორე, ამიტომაც თავისი ერთადერთი ვაჟი დავითი საიმედოდ გაუხიზნავს. იცის სელჩუკთა მზაკვრობა და ყველანაირად სურს თავის დაზღვევა.

არის ხალხური თქმულება, რომლითაც გიორგი მეორეს საიმედო არჩევანი სწორედ რუისელ მამაცაშვილებზე გაუკეთებია. მამაცაშვილებისთვის მიუბარებია უფლისწული და ისინიც გამორჩეულად ერთგულებენ მეფეს. ყველაზე საცნაური კი ის არის, რომ სწორედ აქ რუსში, იწყება უფლისწული დავითისა და გიორგის, შემდგომში ბერის მეგობრობა, აქ აღსრულებულა მათი ძმადნაფიცობის რიტუალიც. 

საიდან იღებს სათავეს აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ძმადნაფიცობა 

სავარაუდოდ, გიორგი ჭყონდიდელი იმ ოჯახის შვილია, რომელიც უფლისწულს ზრდის. ამ რეალობისას ყალიბდება განსაკუთრებული ურთიერთობები დავით აღმაშენებელსა და გიორგი ჭყონდიდელს შორის. ასეთი ახლო კავშირების შემდეგ სრულიად ბუნებრივად ჩანს, რომ ჭყონდიდელს არა მარტო დავითი ენდობა, არამედ მამამისი მეფე გიორგიც გამორჩეულად ეპყრობა და საკმაოდ სოლიდურ თანამდებობასაც ანდობს. Gიორგი ბერს ჭყონდიდის ეპარქია აბარია. ის ჭყონდიდი, რომელიც ტრადიციულად თავისი არსებობის პირველივე დღეებიდანვე ერთიანი საქართველოს იდეას ეთაყვანება. 

ერთი სიტყვით, რუისი სულ სხვა სივრცეა მამა-შვილი ბაგრატიონებისთვის დავითისა და გიორგისთვის, სწორედ ამიტომაც ცდილობენ ამ სივრცის გამოყენებას ქვეყნის ინტერესებისთვის.

როგორ ცდილობდა გიორგი მეორე საეკლესიო პრობლემის გადაჭრას

ამ ვერსიის შემდეგ ბუნებრივია, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - როგორ უნდა უკავშირდებოდეს რუისელი მამაცაშვილის გვარის წარმომადგენელი საქართველოს სრულიად სხვა სივრცეს -  ჭყონდიდს? ფაქტია, რომ სწორედ ბერი გიორგი მეფე გიორგი II-ის დროიდან არის ჭყონდიდის ეპისკოპოსი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს საგარეო საქმეებსაც განაგებს. 

საფიქრებელია, რომ ის რასაც დავითი აკეთებს რუის-ურბნისში, ეკლესიის განწმენდას უღირსი ბერებისგან, ჯერ კიდევ გიორგი II უნდა ცდილობდეს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის ცდა უნდა იყოს ჭყონდიდში გიორგი ბერის აღზევება. ამ საეპისკოპოსოს ტრადიციიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ გიორგი სწორედ აქედან, ჭყონდიდიდან, ფიქრობს იმ მასშტაბური საქმის აღსრულებას, რაც სამწუხაროდ მისი ხელისუფლების ჟამს ოცნებას ვერ გასცდა.  

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი - ყოველი რეფორმა ფინანსურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ელემენტარული წესია და სწორედ ამ საკითხის მოგვარების მცდელობა უნდა იყოს გიორგის ჭყონდიდელ ეპისკოპოსად გამწესებაც. სწორედ ეს მდიდარი საეპისკოპოსო თავისი მდიდარი ფინანსური შემოსავლით უზრუნველყოფს მწიგნობართუხუცესის სახელოს დაფინანსებას ეკლესიის მიერ. 

როგორ შეიქმნა ქვეყნის განვითარების ახალი იდეოლოგიური მოდელი 

რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილებების შესახებ სამეცნიერო ბრუნვაში ხშირად გვხვდება ერთგვარად არაზუსტი ფორმულირება, თითქოს სწორედ აქ გადაწყდა, რომ ეკლესია არ უნდა ჩარეულიყო საერო საქმეებში და სახელმწიფომ თავისი გავლენა განავრცო საეკლესიო სფეროზე.

ვფიქრობ, ეს ფორმულირება არ ასახავს რეალობას. საქმე ისაა, რომ აქ კარდინალურად იცვლება ის ფორმატი, რომელიც ერთი ინსტიტუციის ბატონობას გულისხმობს მეორეზე. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ - რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილებების შესაბამისად სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა ყალიბდება იმ ბიზანტიური მოდელის შესაბამისად, რომელიც საერო და საეკლესიო ხელისუფლების ერთიანობას გულისხმობს. სწორედ ბიზანტიაში აპრობირებული ქვეყნის მართვის კონცეფცია ხდება ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საფუძველი. 

დავით აღმაშენებელი არღვევს სტერეოტიპებს, მას თვისებრივად ახალი რეალობა სჭირდება. ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია - სამეფო კარი და ეკლესია, რომელსაც სახელმწიფოებრიობა ეფუძვნება, ერთმანეთთან ჰარმონიულ თანაარსებობისას თუ მიაღწევენ რეალურ შედეგს. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული დავითს და მის თანამზრახველ ფილოსოფიურ-რელიგიურ დასს. 

ამ დასის წევრები გიორგი ჭყონდიდელთან ერთად არიან საკმაოდ მაღალი რანგის საეკლესიო პირები, რომელნიც ამ პერიოდში ჩნდებიან ასპარეზზე. იოანე პეტრიწი, ეფრემ მცირე, გიორგი მთაწმინდელი, არსენ იყალთოელი - ეს ის კოჰორტაა, რომელსაც განათლება ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში იმდროისათვის ყველაზე პრესტიჟულ, მანგანის აკადემიაში აქვთ მიღებული.

რა მოიტანა სახელმწიფოსა და ეკლესიის ჰარმონიულმა ერთობამ

რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებული "ძეგლის წერა" ორგანული ნაწილი გახდა "დიდი სჯულის კანონისა", რომელიც დღემდე ქართული ეკლესიის სამართლის წიგნის ფუნქციას ასრულებს.

საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი ბერძნულიდან ქართულად არსენ იყალთოელმა თარგმნა XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისში. "დიდი სჯულის კანონი" შედგება მოციქულთა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმიდათა კანონებისგან. 

სწორედ მსოფლიო საეკლესიო სამართლის ნორმებს დაეფუძვნა რუის-ურბნისში საეკლესიო კრებაზე შემუშავებული დებულებები.  

ამ კრების გადაწყვეტილებები პერსონალიებს შეეხო. კათედრებიდან მიუღებელი მღვდელთმთავრები გააძევეს. ამ კრების გადაწყვეტილების შედეგი იყო ის, რომ ეკლესია და სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა ჩამოყალიბდა. 

სახელმწიფოსა და ეკლესიის სწორედ ეს ერთიანი ჰარმონიული ხედვა გახდება ის ბალავარი, რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდება სელჩუკთა უზარმაზარი არმია, საქართველოზე რომ ილესავს კბილებს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის უკანასკნელ ბასტიონზე... 

ეს 1104 წელია... დიდგორის ტრიუმფამდე მხოლოდ ჩვიდმეტიოდე წელი რჩება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×