ელზა პაპოშვილი
09.08.2021

არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და კვლავ უცნობია რა ბედი ეწევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც 19 აპრილს ოპოზიციის  ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერეს. მოხდება თუ არა დოკუმენტით გაწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები, კვლავ უცნობია.  

ისმის კითხვა - რა ბედი ელის მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულ საკონსტიტუციო რეფორმას და 2%-იან ბარიერს? ამ დოკუმენტიდან მხოლოდ საარჩევნო კოდექსის მიღმა მოესწრო და 2-მა  ე.წ. პოლიტპატიმარმა საპატიმრო დატოვა. ვერ მოხდა შეთანხმება ამნისტიის კანონ პროექტზე და „ოცნებამ“ ეს კანონპროექტი ოპოზიციის გარეშე 2 მოსმენით დაამტკიცა და შეაჩერა. 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 29 ივნისს განხორციელდა. პროექტს, რომლის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა, 91 დეპუტატი აწერს ხელს. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები. 

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის.

ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება.  

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია - რთულია წინასწარ ვიცოდეთ, რა რეზულტატით წარიმართება და დასრულდება განხილვის პროცესი, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, მმართველი პარტიის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა.

სარჯველაძის თქმით, ყველაფერი განხილვების მიმდინარეობაზე და განხილვის შედეგად წარმოდგენილ პოზიციებზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პოზიციების შეჯერების საფუძველზე მიიღება.

"საკონსტიტუციო ცვლილებები წარდგენილია. პროცედურა საყოველთაო-სახალხო განხილვის გამართვას ითვალისწინებს, რომელიც რეალური განხილვა უნდა იყოს. შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება პოზიციები, არგუმენტები, მოსაზრებები. 

“გადაწყვეტილებები ამის შეჯერების საფუძველზე მიიღება და არა ისე, როგორც ეს ოპოზიციას უნდა, რომ დისკუსიები წინასწარ განსაზღვრული შინაარსით დამთავრდეს და წინასწარ იყოს ცნობილი, როგორ დამთავრდება განხილვები. ეს სწორი მიდგომა არ არის. 

“ოპოზიციის სურვილია, საყოველთაო-სახალხო განხილვა ფორმალისტურად ჩატარდეს და ფორმალისტური განხილვის შემდეგ ის რეზულტატი ჰქონდეთ, რასაც ისინი უჭერენ მხარს. ინიციატივის წარდგენა და მასზე ხელმოწერა იმას არ ნიშნავს, რომ განხილვის პროცესში არ იქნება დისკუსია, მხედველობაში არცერთი გარემოება არ მივიღოთ და წინასწარ, კონსტანტასავით უცვლელი დარჩეს პოზიციები", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.  

წინასწარ ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების დროს როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ის თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო ბარიერი და რამდენი დეპუტატი ფრაქციის შექმნისთვის, ამაზე საუბარი და არგუმენტების მოყვანაა საჭირო.

"რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციები არის და კონსულტაციები საჭიროა, მაგრამ მათი პასუხია, რომ თუკი ისე არ იქნება, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, ეს არ შედგება და არ მოხდება. არანორმალური, არაჯანსაღი პოლიტიკური რეჟიმია. ზოგადად, ბევრი დადებითი მხარე აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას და ამის კარგი პრაქტიკა არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე შეიძლება რამე მოიფიქროს, - ასეთ ვარაუდს პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი გამოთქვამს.

მეგრელიშვილი იმასაც ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა დიდ პარტიებს არ აწყობთ, რადგან ეს პოლიტიკოსების მეტ დამოუკიდებლობას ნიშნავს.

მეგრელიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, "ქართული ოცნება" კი, შეთანხმებიდან ისეთ მომენტში გავიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შუა გზაზე დარჩა.

"ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლა დამოუკიდებლად უნდა შეეძლოთ. ზუსტად ამის წინაპირობაა 2%-იან საარჩევნო ბარიერზე შეთანხმება, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში დაიდო. 

“მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" შეთანხმებიდან გავიდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დიდ პარტიებს დიდად არც აწყობთ. მთავარი ამბავი სწორედ ეს არის. 

“მიხარია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვის მნიშვნელოვანია და პარლამენტში ამიტომ დარჩა, მაგრამ ვიცი რა, ამ ორი პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირება, შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე რამე მოიფიქროს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 18 აგვისტომდე ორი შეხვედრის გამართვას და თბილისსა და ქუთაისში შეკრებას გეგმავს.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საარჩევნო ბარიერის 2% - მდე დაწევას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

„იმედი მაქვს, „ქართული ოცნება" ამ შეთანხმებას დაიცავს და საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოლომდე მიიყვანს. იმედი მაქვს, ოპოზიციის დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით კი, "ნაციონალური მოძრაობა" ცვლილებებს მხარს დაუჭერს. პროექტი პარლამენტში ინიცირებულია და მე, როგორც საყოვეთაო-სახალხო განხილვის კომისიის მდივანი, განხილვებისთვის ვემზადები", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×