თამთა ჩაჩანიძე
04.06.2021

სპეციალისტების შეფასებით საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადაიარა, ყოველდღიურმა შემთხევებმა და დადებითობის მაჩვენებელმა იკლო, თუმცაღა გარდაცვალებულთა რიცხვი მაინც საგანგაშოდ მაღალია და ის დღეის მონაცემბით 23-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღეის მაჩვენებელი 2,59%-ია, ბოლო 14 დღის - 3,06%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2,9%.

აღსანიშნავია, რომ დღიურად აცრილთა რიცხვი გაიზარდა და პარასკევს დამატებით 6317 ადამიანია ვაქცინირებული, ქვეყანაში სულ მათი რიცხვი 161947 -შ შეადგენს.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში - 87, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 14.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მესამე ტალღის პიკმა გადაიარა და მოლოდინია, რომ მონაცემები კიდევ უფრო დაიკლებს.

„აქტიური შემთხვევების, ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრები კიდევ უფრო შემცირდება.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცია და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ჩვენ ვაქცინირებულთა იმ ციფრს, რაც დღეს გვაქვს (6 ათასი) შევინარჩუნებთ, ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კარგია, რომ ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად 5 000-მდე ადამიანი იტარებს ვაქცინაციას, მაგრამ სამიზნეს - მოსახლეობის 60%-ის აცრას წლის ბოლომდე რომ მივაღწიოთ, დღეში 20 000-25 000 ადამიანის აცრა მოგვიწევს, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენ შეთანხმებები გვაქვს სხვადასხვა მომწოდებელთან, რაც ჯამურად ქმნის 3.7 მილიონ დოზას, ეს გვჭირდება მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის. უკვე დაწყებულია მუშაობა მოზარდების ვაქცინაციაზეც და მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რამდენად შევძლებთ მოზარდებზე ვაქცინაციის განვრცობას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, „ფაიზერთან" მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.

„ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა „ფაიზერის" მილიონზე მეტი დოზა. ასევე მიდის მუშაობა „სინოფარმთან", „სინოვაკთან" დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან - „ჯონსონ ენდ ჯონსონის" და „ნოვოვაქსის". „ნოვოვაქსის" შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, გაბუნიას თქმით, ეტაპობრივად დაემატება დაწესებულებები, რომლებიც ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

„ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს „სინოვაკის" დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები. შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება", - აღნიშნა გაბუნიამ.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ვაქცინების 75%-ს კოვაქს პლატფორმას მიაწვდის, შეერთებული შტატები საერთაშორისო ორგანიზაცია აფრიკის კავშირთან კოორდინაციით, პრიორიტეტს ანიჭებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკას.

ხოლო დარჩენილ 25%-ს პირდაპირ მეზობლებს, მეგობარ ქვეყნებსა და ისეთ სახელმწიფოებს, სადაც რთული ეპიდსიტუაციაა და ვისაც ვაქცინის თვალსაზრისით დახმარებას საჭიროებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დაახლოებით 6 მილიონი დოზა რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზეა გათვლილი, მათ შორისაა: მექსიკა, კანადა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზა, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაეროს პერსონალი, რომლებიც პანდემიის წინა ხაზზე საქმიანობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×