ელზა პაპოშვილი
29.05.2021

უპრეცედენტო თაღლითური სქემა - „ლიბერთი ბანკი“ საკუთარ 9 თანამშრომელს ანაბრებიდან 3.5 მილიონი ლარის ქურობას  ედავება. ბანკი ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის უკვე ყოფილ მენეჯერს და 14 დასაქმებულს უჩივის.

2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი დოლარი და 80 ათასი ევრო 37 ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან გაქრა. დანაშაულებრივი სქემა, გამოძიების ცნობით, 2015 წლიდან მოქმედებს. ეს სქემა კი მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-რთმა მეანაბრემ  აღმოაჩინა, რომ მას ანგარიშზე თანხა აღარ ჰქონდა. ბანკმა საქმეში აუდიტის სამსახური ჩართო, რომელმაც წლების განმავლობაში არსებული სქემა გაშიფრა.

„ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციას ბათუმის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა უთხრა, რომ თანხის მითვისება ხელშეკრულებების გაყალბების გზით მოხერხდა, ასევე, გაყალბებული შემნახველი ანგარიშების შექმნით.  არსებული ცნობებით, თანხა ძირითადად ბანკის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.

ბანკი ითხოვს, რომ დაკარგული თანხის ანაზღაურება თანამშრომლებს დაეკისროთ, რადგან მიაჩნია, რომ ამ თანამშრომლების არასწორი მოქმედებების შედეგად დაკარგა ბანკმა მილიონები. 

ბანკმა უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მენეჯერის მითითებით, ის თანხას უცხო პირების ანგარიშებზე რიცხავდა. ბანკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მენეჯერის მითითებებს ასრულებდნენ და ინფორმაცია თაღლითური სქემის შესახებ არ ჰქონდათ. 

„ლიბერთი ბანკმა“ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხმარებელთა ფინანსებს საფრთხე არ ემუქრებათ და ბანკი ყველა დაზარალებულ მომხმარებელს, ვისაც მათთან ანაბარი ჰქონდა, თანხებს უნაზღაურებს. 

თანხების მითვისების ფაქტს „რეზონანსს“ ბანკის  ერთ-ერთი თანამშრომელი უდასტურებს. ის აცხადებს, რომ დეტალურად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ მოლარეები, რომლებიც ფულის ტრანზაქცია განახორციელეს, მხოლოდ მენეჯერის მითითებებს ასრულებდნენ. როგორც ის ამბობს, მენეჯერის პირდაპირი მითითებით სხვადსხვა უცნობი პირების ანგარიშზე თანხებს რიცხავდნენ. 

„მენეჯერი მოლარეებთან ქვითრით და თანხით მიდიოდა. ეუბნებოდათ, რომ ეს თანხა კონკრეტულ ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ. ამბობდა, რომ თანხის შეტანა იყო ანაბარზე და ეს მომხმარებელი მის ოთხში იჯდა. რაც გვახსოვს, ერთხელ 8640 ლარი გადაარიცხინა და მერეც ასე გრძელდებოდა. წარმოდგენა არავის ჰქონდა ეს ადამიანი რას აკეთებდა. არცერთი მოლარე, რომელსაც ეს თანხები აქვს გადარიცხული, ამ თაღლითურ სქემაში არ მონაწილეობდა. ანუ აუდიტის სამსახურის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ეს ადამიანი ანაბრებიდან ფულს იღებდა და სხვადასხვა ანგარიშებზე რიცხავდა. მერე უკან აბრუნებდა თუ რას აკეთებდა, ასე ზუსტად არ ვიცით. ამბობენ, რომ თამაშობდა და თანხების  მოპარვის მიზეზიც ეს იყო,“ - უყვება „რეზონანსს“ „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომელი. 

საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის და სხვა დეტალები საქმის ირგვლივ უცნობია. რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოში ამბობენ, რომ  სარჩელი მომზადების ეტაპზეა და კანონით განსაზღრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს.

საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ არ ყოფილა საქმის კურსში, თუ რა თაღლითური სქემა მოქმედებდა. მისი აზრით, ეს არის ბანკის სისტემური ხარვეზი, რომელზეც პასუხისმგებლობა არა ჩვეულებრივ მოლარეს, არამედ იმ ადამიანებს უნდა დაეკისროთ, რომლებსაც ამ სისტემის კონტროლი და გამართულად მუშაობა ევალებოდა.  

„ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ თაღლითურ სქემაში არაფერ შუაშია. ეს არის ბანკის სისტემური ხარვეზი და არა კონკრეტული მოლარეების ბრალი. როდესაც ბანკის თანამშრომლებს აუდიტის შემოწმების შემდეგ უთხრეს, რომ მათ ბრალი დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ედებოდათ, ემოციურად სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რადგანაც არც კი იცოდნენ ისინი ამ თანხებს სად რიცხავდნენ. ყველა მათგანი ერთი და იგივე მენეჯერისგან იღებდა კონკრეტულ დავალებებს თანხების გადარიცხვის შესახებ. ისინიც ამ მოვალეობას ასრულებდნენ. ბანკმა ყველა მათგანისგან მოტყუებით აღიარებითი ჩვენებები მოიპოვა. იმ ტიპის შენიღბული და კარგად ორგნიზებული თაღლითური სქემაა, რომ აქ მიხვედრა კვალიფიციურ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა. წარმოგიდგენიათ,  წლების განმავლობაში ადამიანი ფულს იპარავს და ამას თავად ბანკი და მისი სისტემა ვერ ამჩნევს. ჩვეულებრივ მოლარეს ეს როგორ უნდა შეემჩნია?!

„შექმნილი იყო ყალბი ანგარიშები, სადაც ბანკიდან თანხების გადარიცხვა ხდებოდა. ამ ფულს უკან აბრუნებდა. ცოტას იპარავდა თუ რას აკეთებდა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აუდიტმა გაარკვია, რომ მოპარულია 3 მილიონზე მეტი ლარი და რას როგორ აკეთებდა, დეტალები უკვე გამოძიებით გაირკვევა. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ველით“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×