ელზა პაპოშვილი
28.05.2021

კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის უმძიმესი დასკვნა ხდება ცნობილი. როგორც სამხარაულის მიერ გავრცელებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოკლულ 34 წლის ნოდარ ღუნაშვილს 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მიდამოში აქვს მიყენებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს. ექსპერტიზის მიხედვით 34 წლის მამაკაცი სასტიკად არის მოკლული. დგინდება, რომ ნოდარ ღუნაშვილი არც  ნასვამ მდგომარეობაში და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ  არ იმყოფებოდა.  გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია. ასევე მას გარდაცვალებამდე არანაირი სახის პრეპარატი არა აქვს მიღებული, როგორც ამას მისი ცოლი ამტკიცებს. 

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ასევე ბათილდება გარდაცვლილის მეუღლის, ქეთევან ჩხაიძის, ჩვენება, სადაც ის ირწმუნება, რომ მისმა მეუღლემ თავის არეში 4 დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ ღუნაშვილმა დაზიანება თავის არეში დარტყმის შედეგად მიიღო. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნოდარ ღუნაშვილის გარდაცვალებამდე 40 დღით ადრე არანაირი მედიკამენტი არ მიუღია. ეს კი შესაძლოა მისი მეუღლისთვის ბრალის დამძიმების საბაბი გახდეს. 

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ ღუნაშვილის მეუღლე სიმართლეს მალავს და ექსპერტიზამ ყველა მისი ნათქვამი გააბათილა. მისი აზრით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოძიება ქეთევან ჩხაიძით ხელმეორედ უნდა დაინტერესდეს და მას შეუტყობინებლობის მუხლის გარდა, ცრუ ჩვენების და დამამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებებიც უნდა წარედგინოს.

„ღუნაშვილის ცოლმა მკვლელის დახმარებით გათიშული ქმარი ავტომობილამდე  გაიყვანა და შემდეგ სასაფლაოზე მოკლეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლელობაში ორი პირი მონაწილეობდა. თავის არეშიც დარტყმა პირველმა მან მიაყენა, რასაც ღუნაშვილის გათიშვა მოჰყვა. ექსპერტიზამ ყველა მის ჩვენება გააბათილა. თითქოს მას მედიკამენტები ჰქონდა მიღებული და  ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იყო, რამაც მისი წაქცევა გამოიწვია. მას სისხლში არაფერი აღმოაჩნდა“, - ამბობს ადვოკატი. 

მოკლული ღუნაშვილის დედა კი ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხებმა მათი ეჭვი გაამყარა, რომ ღუნაშვილს პირველმა თავის არეში დარტყმა ცოლმა მიაყენა. საბოლოდ კი მისი შვილი მისმავე ბავშვობის მეგობარმა და მეზობელმა მოკლა, რომელიც მკვლელობის  ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

„თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ნოდარს პირველი დარტყმა ცოლმა მიაყენა. ეს ეჭვი უკვე ექსპერტიზამაც დაადასტურა. ჩვენებაში რასაც ყვება, თავიდან ბოლომდე ტყუილია და გაყალბებული ისტორიაა. თავში ჯერ მან დაარტყა და გათიშა, შემდეგ კი ის მკვლელი მიეხმარა, რომელმაც შვილი ასე  სასტიკად დამიჩეხა. მას ბრალი უნდა დაუმძიმდეს, როგორც მკვლელობაში თანამონაწილეს“, - ამბობს ღუნაშვილის დედა. 

გარდაცვლილის ოჯახი ახლა კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა თქვას, ქეთევან ჩხაიძეს  მკვლელობაში ბრალი მიუძღვის თუ არა.   

რატომ მისცა გამოძიებას ცრუ ჩვენებები ქეთევან ჩხაიძემ მის ადვოკატებს ამაზე საუბარი უჭირთ და ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო უწყება მას ბრალს ვერ დაუმტკიცებს, რადგანაც საქმეში მტკიცებულებები არ არის. 

„მას ედავებიან იმას, რომ საგამოძიებო უწყებებს რაღაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ ეს საქმეში რაიმე მნიშვნელოვან გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ქეთევან ჩხაიძემ რომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, ამის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ამიტომ არ ველით, რომ ბრალი დაუმძიმდება“, - ამბობს ჩხაიძის ადვოკატი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×