ელზა პაპოშვილი
29.03.2021

ვენდეტა კახურად გრძელდება - 16 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გამო ე.წ.  კრიმინალური ავტორიტეტზე მალხაზ ბადუაშვილზე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში შურისძიება სცადეს. ჩაშლილი თავადსხმის შემდეგ კი ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა თავად დაჭრილი ბადუაშვილი, რომელიც სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი ავტომობილის საჭესთან სხვა იჯდა, ჯერჯერობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის მთლიანად განადგურებულია ხილის შესანახი საწყობები. მომხდარი კი სავარაუდოდ, 25 მარტის ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც ბიძაშვილმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის მისამართით ისროლეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა სამი პირი კი მძიმედ დაიჭრა. ტურიაშვილებმა 16 წლის წინ ბიძაშვილის ვანო ტურიაშვილის მკვლელობის გამო შურისძიება შარშან გურჯაანის საავადმყოფოშიც სცადეს, სადაც ბადუაშვილი იმყოფებოდა. მათ საავადმყოფოს მისამართით ცეცხლი გახსნეს და მისი პალატის ფანჯრები დაცხრილეს. 

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდება ალექსანდრე ტურიაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილს მკვლელობის მცდელობას, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

პროცესზე, დაცვის მხარე ალექსანდრე ტურიაშვილის მიმართ 5 ათას ლარის შეფარდებას, ხოლო ჯუანშერ ტურიაშვილის მიმართ 10 ათას ლარიან გირაოს და ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას ითხოვდა,

რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, ბრალდებულებისგან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. 

დაკავებული ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალდების არცერთ ნაწილს არ იზიარებს, ხოლო ჯაუნშერ ტურიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს.  

16 წლის წინ მოკლული ვანო ტურიაშვილის მამა კონკრეტულად ვერ ამბობს - იყო თუ არა ეს  შურისძიება მისი ძმის შვილების მხრიდან, თუმცა ამ ფაქტს არც გამორიცხავს. მისი თქმით, ბადუაშვილმა მისი შვილი 23 წლის ვანო ტურიაშვილი დაუნდობლად მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მან ადგილობრივების შეწუხების გამო შენიშვნა მისცა. სთხოვა, რომ ხალხი აღარ შეეწუხებინა. მან კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიპარვით  ესროლა. ის წლების განმავლობაში ციხეში იჯდა და თვალით ამის შემდეგ არ უნახავს. 

"ჩემი შვილი იყო პატიოსანზე პატიოსანი და ასე დაუნდობლად მომიკლა. უშლიდა -  სოფელს ნუ აწუხებო, მან კიდევ აიღო, გარეთ მჯდომს ზურგიდან მიეპარა და არა კაცურად მოკლა. უთხრა - კაკო ყაჩაღივით დადიხარ, სოფელს ნუ აწიოკებო და ამის გამო სიცოცხლეს გამოასალმა. დამტოვა ასე უპატრონოდ და გაუბედურებული. 

“ბრალი დაუმტკიცდა და 15 წელი ციხეში იჯდა. რაც ციხიდნ გამოვიდა, თვალითაც არ დამინახია. გარეთ არ გამოდიოდა. არ ვიცი ჩემი ძმისშვილები არიან თუ არა დამნაშავეები, მაგრამ რა გასაკვირია, რომ მისი მოკვლა შურისძიების მიზნით ეცადათ. შვილი მომიკლა, ვიღაცა კი არა. ეს არის არაკაცი, რომელსაც სამუდამო უნდა ჰქონდეს მისჯილი და გარეთ საერთოდ არ უნდა დადიოდეს. ვინ გამოუშვა ცივ სისხლიანი მკვლელი? ახლა ჩვენ უნდა დაგვხოცოს? თავადაც ხომ კარგად იცის ვინ დასდევს" - აღნიშნა ვანო ტურიაშვილის მამამ.  

რაც შეეხება ხილის შესანახი მაცივრის  დაწვას ადგილობრივები ზუსტად ვერ ასახელებენ უკავშირდება თუ არა ეს ისევ შუარისძიებას, თუმცა, ამბობენ, რომ ფაქტი უცნაურად ემთხვევა და გამორიცხული არაფერია. სოფლის მცხოვრებლები ღიად კონკრეტულად საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ  ნათესავების მხრიდან შურისძიების განმეორება გამორიცხული არაა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×