ელზა პაპოშვილი
27.03.2021

შემზარავი ფაქტი თბილისში - ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალის საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ნაწამები იყო. მათი ვარაუდით, შესაძლოა ის საკუთარმა შვილმა ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა. გარდაცვლილის შვილები კი აცხადებენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

ქალის სასოწარკვეთილი ყვირილი მეზობლებმა შუადღისას გაიგეს. მათ ამბის გაგება უნდოდათ, თუმცა სახლში მყოფებმა კარი არ გაუღეს.

ამის შემდეგ მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სახლში შესვლა სცადეს, თუმცა მოხუცი  ქალის  შვილებმა მათ კარი არ გაუღეს. ამის გამო ადგილზე სამაშველო სამსახურის გამოძახება მოხდა, რომლებმაც სახლის კარი გახსნეს და ბინაში პოლიცია შევიდა. სახლში კი საზარელი სურათი დახვდათ - 85 წლის ქალი დაბმული იყო და ის უკვე გარდაცვლილი ნახეს. ცხედარს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. 

მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური ჯამრთელობის პრობლემები აქვს და არ გამორიცხავენ, რომ მან დედა ჯერ აწამა, შემდეგ კი მოკლა. 

ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მოკლულის შვილები კი პოლიციაში დაკითვაზე გადაიყვანეს. 

„ასე შუადღე იქნებოდა ქალის ყვირილი რომ შემოგვესმა, რომელიც შველას ითხოვდა. მეზობლები გარეთ გამოვედით და კარებზე ვაკაკუნებდით. გვინდოდა გაგვეგო რა ხდებოდა. კარი არავინ გაგვიღო და ამიტომ პოლიცია გამოვიძახეთ. 

„სამართალდამცველებსაც მოხუცის შვილებმა კარი არ გაუღეს. მათ კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოიყვანეს და კარი გატეხეს. შიგნით შესულებს კი საზარელი სურათი დახვდათ.

„მოხუცი დაბმული, ხელ-ფეხ  შეკრული და სავარაუდოდ, ნაწამებიც იყო. როგორც პოლიცია ამბობდა, ბასრი საგნით არის დასერილიო. მეზობლები არ შეგვიშვეს. ვიცოდით, რომ სახლში ეს მოხუცი ქალი და მისი გოგო ცხოვრობდნენ. თურმე ბიჭიც ჰყოლია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამიტომ ეჭვი გაჩნდა, რომ ამ ბიჭმა მოკლა. ქალებს ვხედავდით, მაგრამ ბიჭი არასდროს დამინახავს. სულ სახლში იყო და გარეთ არასდროს გამოდიოდა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. რაც შეეხება გარდაცვლილის შვილებს, ისინი შაბათს  მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ და შემდეგ გაათავისუფლეს.

შვილები ამტკიცებენ, რომ მკვლელობა არ მომხდარა და მათი დედა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

„აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ჩემმა ძმამ დამიძახა - ნახე რა ხდებაო, შევედი დედაჩემი ძირს იყო და ვერ ავწევდი იმ სიმძიმეს გამოვაყვანინე ჩემ ძმას.

„ხელ-ფეხი არ ჰქონდა შეკრული. დედა გარდაცვლილი არ გვეგონა, სასწრაფო გამოვიძახეთ. დედაჩემს სკლეროზი ჰქონდა, მეხსიერების დაქვეითება, შაქარი ჰქონდა მაღალი და სახსრებიც ტკიოდა“, - ამბობს გარდაცვლილის შვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×