სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    18.09.2009

    გუშინ სამოქალაქო სასამართლოში უნდა განხილულიყო მომჩივან ეკა გულუასა და გურამ მაისურაძის სარჩელი სამშენებლო კომპანია "საბა პლუსის" წინააღმდეგ, თუმცა პროცესის 2-ჯერ გადადების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმებით მომჩივანი კმაყოფილი არ დარჩენილა, რადგან შეთანხმებას მხოლოდ იმ მიზეზით დათანხმდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
    მომჩივანი მხარე სამშენებლო კომპანიისაგან ხელშეკრულებით აღიარებული ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ითხოვდა. ამ ვალდებულების მიხედვით, კომპანიას 2008 წლის 5 აპრილამდე მომჩივანისთვის დასრულებული ბინა უნდა ჩაებარებინა. თუმცა, მან აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა და ამას არც თავად უარყოფს. მომჩივანი კი აცხადებს, რომ აღნიშნული გამო იძულებულია, ქირით იცხოვროს.
    "დღეისათვის შპს "საბა პლუსს" არ აქვს შესრულებული "წინარე ხელშეკრულებით" ნაკისრი არცერთი ვალდებულება - საცხოვრებელი სახლი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და არც ჩემი მარწმუნებლების საკუთრების წინასწარი რეგისტრაციაა განხორციელებული", - ნათქვამია სასამართლოში შეტანილ სარჩელში.
    აღნიშნულ კომპანიასა და მომხმარებელ ეკა გულუას შორის წინარე ხელშეკრულება 2006 წლის 6 იანვარს დაიდო, რომლის თანახმადაც შპს "საბა პლუსს" 2008 წლის 5 აპრილამდე უნდა ჩაებარებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დავით გურამიშვილის გამზირის 78-ში მდებარე მისამართზე და ამის შემდეგ ე.წ. "ძირითადი ხელშეკრულების" საფუძველზე მოსარჩელეებისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა აღნიშნული სახლის ქ||| სართულზე სულ 61,8 კვ.მ ფართობის ბინა.
    რამდენიმე ხნის წინ მოსარჩელეებმა მოპასუხისაგან მიიღეს 2008 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული შეტყობინება, რომლითაც მოპასუხე იტყობინებოდა, რომ მშენებლობის დასრულების პროცესი 2009 წლის დეკემბრის ბოლომდე გადაიწევდა და უფრო მეტიც, პირად საუბრებში, მოსარჩელეებს განუცხადეს, რომ არც 2009 წლის დეკემბერი იყო რეალური ვადა და სინამდვილეში მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადა დღეისათვის უცნობია.
    გულუას თქმით, მიუხედავად ამ პირობებისა, პირველ ეტაპზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია მას ბინის ქირას გადაუხდიდა.
    "თავდაპირველად მივაღიწიეთ შეთანხმებას, რომ სანამ ბინას ჩამაბარებდა, ქირას გადაგვიხდიდა. კომპანია ასრულებდა დანაპირებს და ქირას გვიხდიდა, მაგრამ თებერვლიდან ქირაზე უარი მითხრეს და აქეთ მომთხოვეს აღნიშნული ფულის უკან დაბრუნება", - აღნიშნავს მოსარჩელე.
    ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ რომელიმე მხარე დაიგვიანებს აღნიშნული თანხის გადახდას, ჯარიმის სახით ეკისრება გადახდილი ფასის 0,1%. ამ პუნქტს უცვლელად გთავაზობთ: "იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი დააგვიანებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ნასყიდობის საგნის გადაცემას, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს გამყიდველისგან საურავი ნასყიდობის გადახდილი ფასის 0,1 პროცენტის ოდენობით თითოეულ გადაცილებულ დღისა."
    აქედან გამომდინარე, აღნიშნული თანხა ჯარიმის სახით 590 დოლარს შეადგენს, რომელიც კომპანიას მომჩივანისთვის უნდა გადაეხადა.
    როგორც სამშენებლო კომპანია "საბა პლუსის" ადვოკატი შოთა ხურციძე აცხადებს, მომჩივან მხარეს ბინის ღირებულების გადახდის პრობლემა არ ჰქონია და უფრო მეტიც, დროზე ადრე გადაიხადე. ხურციძე კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას იმით ხსნის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იხდის დროზე ბინის საფასურს, რის გამოც კომპანია ზარალდება და ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას.
    კომპანია ვერც ამჯერად აკონკრეტებს, მომჩივანს კუთვნილ ფართს როდის ჩააბარებს. სავარაუდო თარიღად 2010 წლის დეკემბერი სახელდება, არადა გულუასა და მაისურაძეს ბინა 2008 წლის აპრილში უნდა ჩაბარებოდათ.
    "შეთანხმება ყოველთვის კომპრომისის შედეგია. ყოველი მხარე რაღაცას თმობს. პრინციპში ჩვენ მაინც კმაყოფილი ვართ, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ საქმე სასამართლო დავამდე არ მისულიყო და მოწინააღმდეგე მხარეს შეესრულებინა თავისი ვალდებულებები", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მოჩივარი მხარის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე.
    მოჩივანი ეკა გულუა კი თავს მაინც დაზარალებულად თვლის.
    "ყველაინაირად დავზარალდი, ახლა კი იძულებული ვარ, უსასრულოდ ველოდო, როდის ჩამაბარებენ საკუთარ ფართს. ეს კი იმ კაბალური ხელშეკრულების ბრალია, რომლის მსხვერპლიც აღმოვჩნდი. მართალია, ხელშეკრულება იურისტს წავაკითხე და ხელი მას შემდეგ მოვაწერე, თუმცა, ფარულად მაინც გააპარეს ისეთი ნაწილი, რომელიც იურისტმაც კი ვერ დააფიქსირა. ეს ფარული ჩანაწერი იმას გულისხმობს, რომ კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულებისთვის ჯარიმა ეკისრება, მაგრამ არ ეკისრება. მიდი და გაიგე.
    "დღეის მდგომარეობით მე საკმაოდ დავზარალდი. ვცხოვრობ ქირით ერთოთახიან ბინაში ჩემი 1 წლის ტყუპებით, ვიხდი ბინის ქირას და ჩემს კუთვნილ ბინას უსასრულოდ ველოდები".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter