
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში კვლავ დაძაბულობაა - ამ დროისთვის სოფელში დაპირისპირების ორი კერა არსებობდა, სხვადასხვა ადგილას შეკრებილი იყვნენ ქრისტიანები და მუსლიმები.
გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მათ გუბერნატორ ნასარაიას შეთავაზებები არ მოეწონათ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გაემართნენ, სადაც ქრისტიანი მლოცველები იყვნენ შეკრებილი.
პოლიციამ მათ შესაკავებლად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და ადგილობრივების ნაწილი ასე შეაჩერეს. ქრისტიანებმა კი დაძაბულობის განმუხვტის მიზნით დაშლა გადაწყვიტეს.
სოფლის ცენტრში ერთმანეთის პირისპირ ქრისტიანული მრევლი და მუსლიმი თემი იდგა, თუმცა, მათ შორის პოლიციის კორდონი აღიმართა და დაპირისპირების უფლება არ მისცა. მუსლიმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან. ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ სოფელში მეჩეთის აშენება არ სურთ, რადგან "ლანჩხუთის სამ სოფელში მათ (მუსლიმებს) აქვთ სალოცავები" .
ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის გუშინ მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით შსს-მ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ჩავიდა. ასლან ბერიძე დაპირისპირებაში მონაწილე მუსლიმ თემს მოუსმინა. მისი თქმით, პარასკევის ლოცვა ყოველკვირეულად ჩატარდება და ეს ხელს არავის შეუშლის.მუფთი განმარტავს, რომ სამლოცველო სახლთან მინარეთის აშენება და ხმის გამაძლიერებელი სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება.
“პარასკეობით ლოცვა აუცილებლად შესასრულებელია ერთად, ჯგუფურად. ჯგუფური ლოცვისთვის აუცილებლად გამოსაყენებელია ერთი ადგილი. აქ ლოცვა არ გაჩერდება. ლოცვა გაგრძელდეს, არავის არაფერს უშლის. აქ ატრიბუტი არ აქვს, მინარეთი არ აქვს, მოწოდება არ აქვს ისეთი, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს. მოდის ადამიანი 10-15 წუთით, რომ ილოცოს და წავიდეს,“ - ამბობს ქობულეთისა და გურიის მუფთი, ასლან ბერიძე.
უცვლელია მეორე მხარის პოზიცია. სოფელ ბუკნარის ცენტრში ადგილობრივი ქრისტიანების აქცია მიმდინარეობს. ისინი ეწინააღმდეგებიან ადგილზე ახალი მეჩეთის აშენებას, ან იმ სახლზე რაიმე კონტრუქციის დამატებას, სადაც ადგილობრივი მუსლიმები ლოცულობენ. შეკრებილები ამბობენ, რომ სოფელ ბუკნარიდან, 10-15 წუთის სავალზე, სხვა სოფლებში არის მეჩეთები და იქ შეუძლიათ მორწმუნეებს, აღასრულონ ლოცვა.
“არ გვინდა ამ ჩვენს პატარა სოფელში იყოს მეჩეთი. მით უმეტეს, რაიონში არის საკმარისი მეჩეთი, 10-15 წუთის სავალზე, ამიტომაც თუ ლოცვა უნდათ ხელს არავინ და არაფერი უშლით, რომ იქ წავიდნენ“ - ამბობს ადგილობრივი.
მხარეებს შორის ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა სოფლის წარმომადგენლები იქ არ ჩავიდნენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არის ჩართული, თუმცა გუშინ მომხდარმა ფაქტმა მოლაპარაკებები გაართულა.
"ეს შეხვედრა, მე ვთვლი, რომ ყველა ვარიანტში გაიმართება, მაგრამ სად გაიმართება, ამაზე ჩამოვყალიბდებით. აქამდე ეს კონფლიქტი არ იყო, ეს იყო აზრთა სხვადასხვაობა.
“პირადად მე, დაახლოებით, 7 შეხვედრა მაქვს ჩატარებული ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სოფლის ქრისტიანული და მუსულმანური თემის წარმომადგენლებთან. არის საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმება მიღწეული.
“სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, ამან გაართულა მოლაპარაკებები,“ - აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა.