
„ქართველ ექიმებს მუდმივი კავშირი აქვთ უცხოელ სპეციალიტებთან. ასევე ჩვენი თანამემაულეები, ექიმები რომლებიც უცხოეთის წამყვან კლინიკებში მოღვაწეობენ, აქტიურად არიან ჩართული პროცესში. ასე რომ, უცხოელი სპეციალისტების მოწვევის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არც მენეჯმენტის კუთხით“, - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას.
ინფექციის სწრაფი აღმავლობის ფონეზ, ხელისუფლება „ლოქდაუნს“ არ აცხადებს და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება გახდეს საჭირო. თუმცა საზოგადოებაში იყო მოლოდიი, რომ დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე ხელისუფლება მოქმედბის ახალ ფორმებზე გადავიდოდა, მათ შორის განიხილებოდა მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სპეციალისტების მოწვევა იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამკვლავების საუკეთესო გამოცდილება არსებობს.
„დღეს ინფორმაციის გაცვლა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა დამატებით ქართველ სპეციალისტებს მუდმივი კავშირი აქვთ უცხოელ კოლეგებთან, ხდება უახლესი ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების მიღება. ასევე ჩვენი თანამემულეები, ექიმები რომლებიც უცხოეთის ქვეყნების წამყვან კლინიკებში მოღვაწეობენ, აქტიურად არიან ჩართული პროცესში. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს და უცხოელი სპეციალისტების მოწვევის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არც მენეჯმენტის კუთხით.
„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ინფექციის სწრაფი აღმავლობის შეჩერება. მართალია, ჯაჭვს ვერ გავწყვეტთ, მაგრამ ტემპი უნდა შეჩერდეს. ეს შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს, მათ შორის დამატებით რეგულაციების გამკაცრებით, ოღონდ ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.