ელზა პაპოშვილი
23.11.2020

ოპოზიცია მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია, ამის პარალელურად კი ევვროკავშირის ელჩის მხრიდან ახალი განცხადება ვრცელდება, სადაც ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან და წავა თუ არა ის რაიმე დათმობაზე კვლავ უცნობია. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან რამე რეალური შეთავაზება ან წინადადება ჯერ არ ყოფილა, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მესამე რაუნდი უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს. თუმცა, ოპოზიცია მოთხოვნებს თავად არ ცვლის. 

ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ისინი არ აღიარებენ შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან ერთად, ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამის შემდეგ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა.  

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა თავისი ადგილი დაიკავოს.

წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.

გარდა ამისა, წუხილს გამოთქვამს "იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს".

“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავიანთი ადგილები დაიკავოს. მოვუწოდებთ პრლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ "თითოეული მოქალაქის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და გმობენ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას".

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, სადაც ისინი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიას, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტნიორების გზავნილი მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა საქართველოში ორ ძალას აკისრია და აქედან, მმართველ გუნდს აქვს ძალა განმუხტოს არსებული მდგომარეობა. 

"ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის ხელახალი არჩევნები. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების გზავნილს, ბუნებრივია, არც ერთი მათგანი არ მოგვიწოდებს და არ გვეტყვის იმას, რომ პარლამენტში არ შეხვიდეთო. ეს დიპლომატების მოვალეობა და ვალდებულებაა. თუმცა, ამავე დროს, შექმნილ ვითარებაზე ორივე მხარეს აკისრია მოვალეობა და ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვნახეთ ვერცერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის მზად არის განმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 

“უკვე მოლაპარაკების ორი რაუნდი იყო, სადაც მხარეებმა სრულიად განსხვავებული პოზიციები გავცვალეთ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.   

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს „ქართული ოცნების“ გუნდის ადეკვატურ ქმედებებსა და კონკრეტულ წინადადებებზეა დამოკიდებული.

როგორც მან აღნიშნა, არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლება ოპოზიციას სერიოზულ წინადადებას არ შესთავაზებს.

„მესამე რაუნდის გამართვა აბსოლუტურად არის დამოკიდებული ხელისუფლების ადეკვატურობაზე, იმიტომ, რომ ბუნებრივია, მოცლილი არც ჩვენი მეგობარი ელჩები არ არიან, ჩვენც რაუნდი რაუნისთვის არ გვჭირდება. მთავარია, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი მოყვეს. ჩვენი მხრიდან ნათლად არის ნათქვამი, რა არის პირობები - ეს არის ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც მთავარია, ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. ვადამდელი არჩევნები სერიოზული კომპრომისია ჩვენი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არალეგიტიმურად არის არჩეული.

 ახლა ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს კონკრეტული წინადადადება, თან სერიოზული. როცა ხელისუფლება ლაპარაკობდა გადათვლაზე, მან გადათვლის კარები თავადვე ჩაკეტა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმით, რომელიც უკანონოდ და დროზე ადრე მიიღო, ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელმაც ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებული სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა. თუ წინადადებას მოიტანენ, კეთილი ინებონ და ამ წინადადებას სერიოზული სახე ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირ რაუნდს აზრი არ ექნება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „უკანონო პარამენტში“ შესვლის სურვილი არავის აქვს.

„ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ძალიან სერიოზული სილა გააწნა ხელისუფლებას მეორე ტურის დღეს, როდესაც ამომრჩეველი უბანზე უბრალოდ არ მივიდა. მოდით მეგობრებო, დათვალოთ, „ქართული ოცნების“ მიერ რამდენი პროცენტი გამოდის აღებული?!“-განაცხადა ბურჯანაძემ.  

პოლიტოლოგი  გია ხუხაშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებით და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივი განვითარება დაზარალდა, პროცესს კი გამარჯვებული არ ჰყავს. 

მისი თქმით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული ვერავინ იქნება, რადგანაც საქმე ქვეყანას და მის მომავალს  ეხება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ პრიზი  ძალაუფლებაა, ბუნებრივია, ხელისუფლებამ გაიხანგრძლივა თავისი არსებობა და შესაბამისად, ეს პრიზი მან აიღო. თუმცა, მას  ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია აქვს და ქვეყანა კიდევ უფრო დიდი რისკის ზონაში შევიდა. 

„სამწუხაროდ ჯერჯერობით ხელისუფლება ახერხებს, რომ ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს. ცუდი ისაა, რომ მას არანაირი სამოქმედო გეგმა არა აქვს და მხოლოდ ინსტიტებით მოქმედებს. მისი მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება შეინარჩუნოს, რასაც ჯერჯერობით ახერხებს. მას გრძელვადიანი გეგმა არა აქვს, რაც დამღუპველი ქვეყნისთვის არის. ამ ბრძოლაში მოგებული არავინ არის. სახელმწიფო ყველა ვარიანტში წაგებულია. ახლა საზოგადოების ამოცანაა ზარალის მინიმიზაცია მოხდეს. თუმცა ზარალი უკვე სახეზეა და შესაძლოა სიტუაცაი კიდევ უფრო დამძიმდეს“,-ამბობს ხუხაშვილი. 

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ამ კრიზისის გადატანა პარლამენტის კედლებში უნდა მოხდეს. მისი აზრით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ ძირითადი პოლიტიკური დაპირისპირება ამ ფორმატში მოხდეს. 

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, ხოლო  ამ ლეგიტიმაციით 4 წელი მართვა შეუძლებელი გახდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )