ელზა პაპოშვილი
23.11.2020

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს დასრულდა. პროცესს ესწრებოდა თავად ზურაბაშვილიც. პროკურატურა ლევან ზურაბაშვილისთვის პატიმრობას, ადვოკატები კი მისი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. 

დაცვის მხარე ზურაბაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაულის ჩადენა განზრახული არ ჰქონდა და მხოლოდ პროტესტი გამოთქვა. ასევე, მის განზრახვაში არც ბანკის ძარცვა და არც ტყვეების აყვანა შედიოდა. პირიქით, ის იქ მყოფ ადამიანებს ეუბნებოდათ, რომ თუ უნდოდათ, წასულიყვნენ. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ზურაბაშვილს მხოლოდ აქცია-პერფომანსის ჩატარება უნდოდა და მას რაიმე პირადი სარგებელი არ ამოძრავებდა. 

ადვოკატი გიორგი ჭოჭუა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არასამართლიანია და მას აუცილებლად გაასაჩივრებს. მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ზურაბაშვილი მსგავს დანაშაულს კიდევ ჩაიდენდა. 

"მოვითხოვეთ 1000 ლარის ოდენობით გირაო, იქიდან გამომდინარე, რომ მას სურს დადგინდეს ჭეშმარიტება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამიტომ ვართ ამ პოზიციაზე თანახმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითხოვდით, რომ საერთოდ არცერთი ღონისძიება არ შეფარდებოდა და გაეთავისუფლებინათ სასამართლო დარბაზიდან. არანაირი მძევლები, მას არავისთვის თავისუფალი გადაადგილება არ შეუზღუდავს, არავის უხეშად არ მოპყრობია, არავისთვის საშიში არ ყოფილა.

 “არანაირი შეიარაღება არ ჰქონია. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს იყო მხოლოდ აქციის  მსგავსი პროტესტი, რომელიც მან ამ ფორმით გამოხატა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რომ ის კრიმინალად ჩაითვალოს. მემგონი ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს, რომ ე.წ. მძევლები თავისუფლად მოძრაობენ, იცინოდნენ და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – ამბობს ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა „რეზონანსთან“ 

პროკურატურის პოზიციით, ზურაბაშვილი პატიმრობაში უნდა დარჩეს, რომ დანაშაული კვლავ არ გაიმეოროს.

"ბრალდების მხარემ მივმართეთ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რათა არ მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, ექსპერტიზა დაადგენს ხომ არ წარმოადგენს იგი საშიშროებას და ხომ არ არსებობს მისგან მომავალში ანალოგიური საქმის განხორციელების საფრთხე" – ამბობს პროკურორი ლუკა გამყრელიძე.

პროკურორის თქმით, ქცევიდან გამომდინარე, ლევან ზურაბაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს, რაც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს ზურაბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

პროცესს  ბრალდებულის - ლევან ზურაბაშვილის დედაც ესწრებოდა. ლამარა ტერელიძე ამბობს, რომ მის შვილს ძალით არავინ დაუკავებია და მძევლად არავინ აუყვანია. პირიქით, ლევან ზურაბაშვილის დედის განმარტებით, ის ორგანიზაციაში მყოფ პირებს ეუბნებოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია. ამიტომაც მოსამართლის გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებს. 

"საზოგადოებამ, ვინც კი უყურა, ყველა მეუბნება, კამერაში ჩაწერილია, იქ თურმე ლევანი რომ შევიდა, უთქვამს, ვისაც გინდათ, წადითო. ლევანს იქ არავინ დაუკავებია. ერთი მოხუცი კაცი იჯდა, უთხრეს წადიო და ალბათ რაღაცა სეირის ყურება უნდოდა და აღარ წავიდა. გოგოები მაგიდაზე ისხდნენ და იცინოდნენ, ხუმრობდნენო, ლევან, ყავა ხო არ მოგიტანოო.

“რის გამო გააკეთა ასეთი რაღაცა? იცით, აქამდე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ გააკეთებინა. მე არ ვიცი, თქვენ შეიძლება ძალიან კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ჩემს რაიონში, სამგორის რაიონში გაღარიბებული ხალხია. მე მასწავლებელი ვარ და ზოგჯერ ჩანთისკენ ხელი რომ გამიწევია, უფიქრიათ, რომ რაღაცა ტკბილეულს მომაწოდებსო," - განაცხადა თამარა ტერელიძემ.

ბალისტიკური ექსპერტიზის შემდეგ, ზურაბაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ბრალდება მოეხსნა. ოფიციალური ფორმულირების მიხედვით კი,  დაკავებულს გამოძიება სსკ-ის 144 -ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 9–დან  14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უვნებელი გათავისუფლდა. 

ლევან ზურაბიშვილს  საკუთრი მოთხოვნებიც ჰქონდა, რომელიც  Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა. 4 საათის შემდეგ, ზურაბუშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (23.11.2020)
გიგი უგულავა გარეთ უნდა იყოს და საცოდავს თოთხმეტი წელი უნდა მისცენ ხალხო მოდი და ამ ახალგაზრდას შევაგროვოთ თანხა საპროცესო შეთანხმების თვის . დედამისმა გახსნა ბანკში ანგარიში და სიხარულით გადავრიცხავთ თანხას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )