ელზა პაპოშვილი
22.11.2020

პარასკევს თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის შედეგად საინტერესო სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა. დაპატიმრებული თავდამსხმელის, 31 წლის ლევან ზურაბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. თუმცა, მისი ადვოკატები საქმის მასალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქმისათვის სწორი კვალიფიკაციის მისაცემად სერიოზული მუშაობა მოუწევს.

საქმე ისაა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული არ იყო და მას ხელში არა საბრძოლო ხელყუმბარა, არამედ ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. მას არ მოუთხოვია ფული ან რაიმე სხვა სახის პირადი სარგებელი, რაც ძარცვის მოტივს გამორიცხავს. გარდა ამისა, არცერთი დაზარალებული არ წერს ჩვენებებში, რომ თავდამსხმელის მხრიდან ხდებოდა მათი იძულება ან რაიმე სახის მოქმედების შეზღუდვა, ეს კი მძევლების აყვანის ფაქტს აყენებს ეჭვის ქვეშ.

ადვოკატები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ლევან ზურაბაშვილს მხოლოდ ინფორმაციის გავრცლება სურდა და ამ ფორმას მიმართა. ჟურნალისტებს ელოდებოდა და მათ რომ არ დაეგვიანათ, 5 წუთზე მეტ ხანს არავის გააჩერებდა. 

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. სპეცოპერაცია ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა. ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები „ფეისბუკზე“ პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა. 

„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში. 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი, რომელიც მძევლებთან საუბრობს იმაზე, ბანკის პროცენტის რა ოდენობა შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები.

ადვოკატი გიორგი ჭოჭუა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ზურაბაშვილის ქცევა იყო საპროტესტო პერფორმანსი, რომელიც ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობდა. მისი თქმით, დაკავებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პირადი სარგებლის გამო არ შეჭრილა და მან მხოლოდ საზოგადოებაში არსებული პრობლემები გაახმაურა. რაც შეეხება ხელყუმბარას, ადვოკატი ამბობს, რომ მას თან ყუმბარის მსგავსი სანთებელა ეჭირა და ასევე ჰქონდა სპორტული იარაღი, რომელიც ცეცხლსასროლი არ არის. 

„ახლა ექსპერტებმა მისი ტანსაცმელი ესქპერტიზაზე წაიღეს. თავად ამბობს, რომ არც ნასვამი ყოფილა და არც შეიარაღებული. მისი დაკავებისას ხელყუმბარის მსგავსი სანთებელა და სპორტული იარაღი ამოიღეს. ამიტომაც მას შეიარაღებული თავდასხმა და მითუმეტეს ძარცვა არ განუხორციელებია. ეს იყო მხოლოდ აქცია პერფომანსი და მას იმდენად სოციალური მოთხოვნები ჰქონდა, რომ მის ქცევაში კრიმინალის ნიშნებიც არ არის. ე.წ. მძევლებს ბოდიშსაც კი უხდიდა, რომ ცუდი სიტყვების გამოყენება უწევდა და ისინი ამ ხნის განმავლობაში იქ შეაყოვნა“, - ამბობს „რეზონანსთან“ ადვოკატი ჭოჭუა. 

ზურაბაშვილის მეორე ადვოკატი ირმა ჭკადუა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა რთული და მძიმეა. ამიტომაც ადვოკატებმა ითხოვეს, რომ დუმილის უფლება გამოეყენებინა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიეღო. თუმცა ჭკადუა ამბობს, რომ თავად ზურაბაშვილის სურვილია, რომ ყველა პროცესში მონაწილეობა მიიღოს. 

რაც შეეხება მის საქციელს, ამბობს, რომ ეს იყო საზოგადოებაში დაგროვილი ყველა პრობლემის ამ ფორმით გახმოვანება.

„ის ამბობს, რომ ოღონდაც საქართველოში არსებული პრობლემები გადაიჭრას და ამის გულისთვის სიცოცხლესაც კი გაწირავს. ამიტომ მან ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთა და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. 

„ჩვენ ვეცნობით საქმის მასალებს და რა თქმა უნდა, კონკრეტულ დაცვის ტაქტიკას ავირჩევთ. ფაქტი ერთია, რომ მას არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. ეს იყო მხოლოდ აზრის გამოთქმა გარკვეული ფორმით, რაზეც რა თქმა უნდა, დავა შეიძლება. მას უნდოდა მედიით, ქვეყანაში არსებული პრობლემები გაეხმაურებინა. ჩვენს დაკავებისას გადავწყვიტეთ, რომ მას დუმილის უფლება დაეტოვებინა, რადგანაც საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუმცა, მისი სურვილია, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს. მას არც არავინ დაუშინებია და არც ვინმეს სიცოცხლეს იქ საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომაც აქ კრიმინალის ნიშნები არაფერია“, - ამბობს ჭკადუა „რეზონანსთან“ საუბრისას.

დაკავებული ზურაბაშვილის მეზობლები მას დადებით და უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ ის ბანკში შეიჭრა. მეზობლები ამტკიცებენ, რომ ის ავეჯის ხელოსნად მუშაობდა. ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ ამას მის ქცევას ვერ უკავშირებენ.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე და ალკოჰოლზე მის დამოკიდებულებას, მეზობლები ამბობენ, რომ სმით ჩვეულებრივად, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა, ისე სვამს და მისთვის ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილება არ შეუმჩნევიათ. რაც შეეხება თამაშს, ამის შესახებ არაფერი იციან და არც იმაზე არ აქვთ ინფორმაცია, აქვს თუ არა დიდი ოდენობით ვალი. 

„არაფერივიცით, ჩვენც ძალიან გაგვიკვირდა მისი ამ სიტუაციაში დანახვა. ძალიან კარგი და მშრომელი ბიჭია. ავეჯის ხელოსანია და დილით ჩვეულებრივად ვხედავდით, რომ სამუშაოდ მიდიოდა. დედასთან ერთად ცხოვრობს. კარგი სალმიანი და დადებითი ბიჭია. მისგან მეზობლებს არც კონფლიქტი და არც სხვა რამე არა გვახსოვს. ძალიან შოკირებულები ვართ და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა“, -უყვება „რეზონანსს“ დაკავებულის მეზობელი. 

გავრცელებული ინფორმაციით კი დაკავებული ლევან ზურაბაშვილი თამაშდამოკიდებულია და ამის გამო ერთი სახლი უკვე დაკარგა, მეორე სახლი კი ვალების გამო ბანკში აქვს ჩადებული. რაც შეეხება მის სამუშაოს, ის „ფაბრიკაში“ ხელოსნად მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )