თამთა ჩაჩანიძე
29.10.2020

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, სკოლის ადმინისტრაციამ ამჯერად სარჩელი უკვე სასამართლოში შეიტანა, პირველად მათ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თურქი სასულიერო მოღვაწის, ამერიკაში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირებენ, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი მტრად მიიჩნევს და მის მომხრეებს არა მარტო თურქეთის ტერიტორიაზე სდევნის, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებზეც გავლენის ბერკეტი გააჩნია. მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ამ ქსელის რამდენიმე დაწესებულება მოგონილი საბაბით დახურეს ან შეავიწროვეს.

2017 წლის თებერვალში ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთი, ბათუმის რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი დაიხურა, ამავე წლის აგვისტოში ავტორიზაცია გაუუქმდა თბილისში მოქმედ დემირელის კოლეჯსაც.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ჩაღლარის ქსელში არსებულ რუსთავის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია 2017 წელს მიენიჭა, ძალაში კი 2023 წლამდე იყო, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ დაწესებულებას აკრედიტაცია 2020 წლის დასაწყისში გაუუქმა.

როგორც სკოლის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციამ ამჯერად სარჩელი უკვე სასამართლოში შეიტანა, თუმცა პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ამ საქმეზე სასამარლო როდის გაიმართება, მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ როგორც იცით განათლების სამინისტროშივე სააპელაციო საბჭოში გავასაჩივრეთ, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ახლა უკვე სასამართლოშიც გავასაჩივრეთ, სასამართლომ ჩვენი სარჩელი წარმოებაში მიიღო და ავტორიზაციის საბჭოს დაავალა, რომ შესაგებელი და მასალები წარმოადგინოს, ამ ეტაპზე ასეა, თუმცა სხდომა როდის ჩაინიშნება ეპიდსიტუაციდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით სასამართლოს.

„სამწუხაროდ, სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. ჩემი ინფორმაციით, სკოლის პედაგოგები ისევე როგორც მშობლები ძალიან აღშფოთებულები იყვნენ, სკოლის დახურვა უშუალოდ მათ ინტერესებს შეეხო, პედაგოგები სამსახურის გარეშე დარჩნენ, მოსწავლეები სათანადო განათლების უფლების გარეშე, მშობლები იძულებულები იყვნენ, რომ საბუთები დაჩქარებულ რეჟიმში სხვადასხვა სასწავლებელში გადაეტანათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლაში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდოდათ.

„ამით მხოლოდ სკოლის ინტერესები კი არ შეილახა, არამედ ძალიან ბევრი დასაქმებულის, პედაგოგების, ტექნიკური პერსონალისა დათვითონ მოსწავლეების უფლებები სერიოზულადაა შელახული.

„სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა, თუმცა საჩივარი შეტანილი გვაქვს და თუ სასამართლომ დააკმაყოფილა, გარდა სკოლის ავტორიზაციის აღდგენისა, ზიანის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ, მაგრამ თვითონ სასამართლოშიც ყველა პროცესი გადადებულია," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, სკოლის ადმინისტრაცია გაჩერებას არ აპირებს.

„ჩვენ ძალიან გვინდა და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ოდნავ სამართლიანობის პრინციპით და კანონის შესაბამისად იხელმძღვანელებს, რა თქმა უნდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნები ძალიან საფუძვლიანი და დასაბუთებულია, ახლა სკოლის ავტორიზაციის აღდგენის ერთადერთი ბერკეტი ეს სასამართლო პროცესებია.

„შესაბამისად თუ პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა, ჯერ სააპელაციოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, ანუ თვითონ სკოლის ადმინისტრაცია და ჩვენი მარწმუნებლები აპირებენ, რომ საკითხს ბოლომდე მიჰყვებიან, ჩვენი პოზიციიდან და სამართლიანობის კუთხით, რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს მოვიგებთ და სასამართლო რას და რამდენად ობიექტურად გადაწყვეტს, ეს ცალკე საკითხია."- განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს საქართველოში არსებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც წარმოადგენს, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტს 2018 წელს სტუდენტთა მიღება ერთი წლით შეეზღუდა, მისი ხელმძღვანელობა კი რუსთავის სკოლის ადმინისტრაციის მსგავსად აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიღეს, რადგან უნივერსიტეტს ამავე წლის აგვისტოში ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა. ამავე საბჭომ კი სტუდენთა ნაკადის მიღების უფლება 2019 წლის 20 აგვისტომდე შეუჩერა.

უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოებაში დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმისა და სხვა სკოლების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას ამ სკოლების დახურვის მიზნით.

მაშინდელი განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შაჰინის სკოლის საკითხი პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას უმაღლეს დონეზე განიხილებოდა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ხელმძღვანელები დაიბარეს, ამის პარალელურად კი აღნიშნულ დაწესებულებებში საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა.

2017 წლის 8 თებერვალს შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით: ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის", „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის", „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის" და ასევე, სასწავლებლების დამფუძნებლების, იუსუფ ალთაშის, იაშარ შიმშექისა და ჯიჰან აქინის ქონებებს ყადაღა დაედო.

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის მაისში თბილისში დააკავეს. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებოდა, მის გადაცემას საქართველოსგან თურქეთის ხელისუფლება ითხოვდა, მენეჯერმა ბრალი არ აღიარა და 9-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ, 19 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×