მარიკა ხორავა
27.10.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 824-ით გაიზრადა, გარდაცვლილთა ყოველდღიურ სტატისტიკაში კი ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოში 23 ადამიანი გარდაიცვალა. რა გახდა გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა და ექიმები ვეღარ ახერხებენ ყველა მძიმე პაციენტს მიაქციონ სათანადო ყურადღება? ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გარდაცვლილთა ძალიან დაბალი დინამიკაა და გარდაცვლილებს ძირითადად თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.

„თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, ჩვენ გარდაცვლილთა ძალიან დაბალი დინამიკა გვაქვს. ძირითადად გარდაცვლილები იყვნენ აშკარად თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ მძიმე პრობლემები ჰქონდათ. თუ უფრო მასიური გახდება სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევებიც იმატებს, მაშინ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მკაცრ ზომებს უნდა მივმართოთ.

„ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ დიაბეტი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები, ისინი ძალიან ძნელად გადაიტანენ ხოლმე დაავადებებს. ჩვენს შემთხვევაში კორონავირუსი ჯერ-ჯერობით მაინც კონტროლირებად ინფექციად უნდა ჩავთვალოთ.

„თუ მძიმე პაციენტი მოთავსებულია სტაციონარში - იგი იმყოფება რეანიმაციაში და თავზე ადგას კვალიფიციური გუნდი - მაშინ თქმა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს გამკლავებას, არ შეიძლება. არის დაავადების გართულებული ფორმები, რომელსაც მედიცინა ვერ ერევა როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში.

„თუ მძიმე პაციენტები არ მოხვდნენ საავადმყოფოში რეანიმაციაში ადგილების არქონის გამო და მას ვერ გაუწიეს სათანადო მომსახურება, მაშინ შეიძლება ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია. მაგრამ თუ პაციენტს ყველანაირი დახმარება გაეწია და ის მაინც გარდაიცვალა, აქ უკვე არ შეიძლება ლაპარაკი ჯანდაცვის სისტემაზე. სამწუხაროდ, არის დაავადებების ისეთი ფორმები და დავადებები, როდესაც მედიცინა უძლურია", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×