ტატა შოშიაშვილი
25.10.2020

ყარაბაღში მიმდინარე ომმა უკვე აჩვენა, რომ ზოგადად ომზე აქამდე არსებული შეხედულებები გარკვეულწილად მოძველებულია. წინა პლანზე გამოვიდა ახალი ტექნოლოგიები და ზეზუსტი იარაღი. სამხედრო ექსპერტთა ნაწილი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კლასიკური ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ერის დასასრულის დასაწყისი იყოს.

რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ სომხურ-აზერბაიჯანული ომიდან და როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოს შეიარაღებული ძალები საიმისოდ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობდეს?

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად ყარაბაღის ომში სხვადასხვა ტიპის დრონების აქტიური გამოყენებისა, ჩვეული შეიარაღება თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს:

„მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები მეოთხე თაობის ომის კონცეფციის თანახმად ვითარდება, ანუ შეიმჩნევა მაღალი მობილურობა და მანევრირება, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებაც დრონებისა და ზეზუსტი იარაღის სახით.

„თუმცა ტანკებსა და სხვადასხვა საჰაერო სისტემებს კვლავ დარჩა დიდი გავლენა. საბრძოლო ტანკები, საარტილერიო სისტემები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენება ინტენსიურად", - ამბობს მაისაია.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განმარტებით, მსოფლიოში არსებულ სამხედრო შეიარაღებაში დრონებს ტანკები და თვითმფრინავები არ ჩაუნაცვლებიათ:

„იმის თქმა, რომ ტანკებმა და თვითმფრინავებმა ფუნქცია დაკარგეს, არაა სწორი - ყველას თავისი ადგილი აქვს. უბრალოდ, გამოჩნდა საბრძოლო წარმოების ახალი საშუალება, რომელიც ახალმა ტექნოლოგიებმა მოიტანა.

„დრონი დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატია, რომელიც იმართება ოპერატორის მიერ გარკვეული მანძილიდან, უშუალოდ ამ საფრენ აპარატში პილოტი არ ზის.

„თუმცა, უკვე ხელოვნური ინტელექტის განვითარებიდან გამომდინარე, მალე იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ოპერატორის მოქმედებაც შემცირდეს და საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დრონების მართვა სწორედ ამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოხდეს. მაგრამ დღევანდელ დრონებსაც აქვთ უკან დაბრუნების ფუნქცია - თუ ოპერატორმა დრონთან კავშირი დაკარგა, ის თავისით ბრუნდება სტარტის ადგილზე", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ მიუხედავად დრონების გამოყენებისა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ჯერ კიდევ აქვთ სხვა შეიარაღებაც, რომელსაც აქტიურად იყენებენ:

„ახლა ორივე მხარემ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყო. მართალია, ორივე მათგანს მოძველებული ტ-72 ტიპის ტანკები აქვს, მაგრამ აზერბაიჯანს ტ-90-ის ტიპის ტანკების 6 ბატალიონიც ჰყავს. რა თქმა უნდა, დრონებმა დიდი როლი შეასრულეს, მაგრამ არც ისე დიდი, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მათს გამოყენებას ჰქონოდა", - აღნიშნა მაისაიამ.

ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას ყურადღება გაამახვილა დრონების ფუნქციაზე და მათი გამოყენების შედეგებზე:

„აქ ორი მხარეა - სამხედრო და მორალური. პირველ ყოვლისა, ეს არის შედარებით პატარა ზომის საფრენი აპარატი, რომლის აღმოჩენა როგორც ვიზუალურად, ასევე რადიოლოკაციური საშუალებებით რთულია.

„მორალურ მხარეში კი იგულისხმება ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ საფრენ აპარატს ჩამოაგდებენ, ადამიანი არ იღუპება, რაც ძალიან დიდი პლუსია. დღევანდელი დრონები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ: სადაზვერვო, სადაზვერვო-საბრძოლო ფუნქციებს და ამასთანავე არსებობს „კამიკაძე დრონი", რომელსაც შეუძლია სადაზვედრო ფუნქციის შესრულება, მაგრამ მიზნის აღმოჩენის შემთხვევაში ოპერატოს შეუძლია, რომ დააჯახოს ამ სამიზნეს - ასაფეთქებელი მოწყობილობა უშუალოდ დრონშია ჩამონტაჟებული", - დასძინა ალადაშვილმა.

ვაიხტანგ მაისაიას განმარტებით, საქართველოს ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველომაც უნდა შეცვალოს საკუთრი ტაქტიკა ქვეყნის შეიარაღების ფორმირებისას:

„იმედია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობა და გენერალური შტაბი გააკეთებს შესაბამის დასკვნებს სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედებებიდან, რაც ახლა უკვე შესაძლებელია.

„შეუძლებელი არაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს 31-ე საავიაციო ქარხანა და სამხედრო თვითმფრინავების მშენებლობის ქარხანა და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩემი აზრით, სუ-25-ის ნაცვლად ჯობია, რომ საქართველოში დრონები განვითარდეს და დაიწყოს მათი წარმოება", - თქვა მაისაიამ.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით იმისთვის, რომ მომავალში საქართველოც მზად იყოს თანამედროვე საომარი მოქმედებებისთვის, ქვეყნაში უნდა დაიწყოს მსგავსი დრონების წარმოება, რისი პოტენციალიც საქართველოს აქვს:

„ვხედავთ, თუ როგორი უპირატესობა აქვთ აზერბაიჯანელებს ამჟამინდელ ყარაბაღის ომში, რადგან სომხეთი ჩვეული, მეოცე საუკუნის მეთოდებით ემზადებოდა, ხოლო აზერბაიჯანმა გამოიყენა თანამედროვე ელემენტები, საუბარია არა მხოლოდ დრონებზე.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის საჭიროა საარტილერიო ცეცხლის მართვა, მათ შორის კონტრსაბატარეო ბრძოლის უზრუნველყოფა ანუ, როდესაც მოწინააღმდეგე გესვრის, მისი არტილერიის პოზიციების აღმოჩენა და შენი არტილერიით მისი პოზიციების ზუსტად დაბომბვა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ ესპანეთში შეიძინა ორი ტიპის რამდენიმე დრონი - თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ტიპის დრონები, რომელთაც წმინდა სადაზვერვო ფუნქცია აქვთ.

„სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას", რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შედის, აქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველოში სხვადასხვა ტიპის დრონების აწყობა მოხდეს.

„პირველ ეტაპზე შეიძლება სხვა ქვეყანაში ნაყიდი დეტალებით დრონების საქართველოში აწყობა, ხოლო შემდეგ კი უფრო მეტი ადგილობრივი დეტალების გამოყენებით. შემდგომ ამ დრონებით შეიძლება ქართული არმიის სხვადასხვა დანაყოფებისთვის გადაცემა ისევე, როგორც ეს მოხდა დიდგორის ჯავშანმანქანების ქართული არმიისთვის გადაცემით", - ამბობს ალადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (25.10.2020)
აზერბაიჯანმა 10 წელიწადში 30 მილიარდი დოლარი დახარჯა შეიარაღებაზე. სომხეთმა კი შეარაღების დიდი ნაწილი საჩუქრად ან კრედიტში მიიღო რუსეთისგან. საქართველოს არც ფული აქვს რომ დიდი რაოდენობით თანამედროვე უცხოური წარმოების შეიარაღება შეისყიდოს და არც რუსეთი აჩუქებს რამეს. ამიტომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. უკრაინამაც გაითვალისწინა ამ ომის შედეგები და თურქული დრონების წარმოებას იწყებს. საქართველოსაც შეუძლია ერთობლივი საწარმო გახსნას თურქეთთან. თურქეთმა შეძლო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სამხედრო ინდუსტრიის შექმნა. იმ ესპანური ნაგვის ნაცვლად თურქული დრონები ეყიდათ. დრონებთან ერთად საქართველომ უნდა განავითაროს სარაკეტო ჯარები და საჰაერო თავდაცვა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×