ელზა პაპოშვილი
23.10.2020

ავჭალაში, მანქანაში ჩაცხრილული მამაკაცი, ვალერიან ნემსიწვერიძე, როგორც აღმოჩნდა 2004 წელს დეპუტატის მკვლელობის ორგანიზებაში იყო ბრალდებული. ნემსიწვერიძეს 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, კახა გიუშვილზე თავდასხმის დაკვეთას აბრალებდნენ. მას დანაშაულის გამო 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

 „რეზონანსი“ ადგილზე თვითმხილველებს ესაუბრა, რომლებიც ყვებიან, რომ მათ 6 ჯერ გასროლის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი ავტომობილში გარდაცვლილი მამაკაცი დახვდათ. არ გამორიცხავენ, რომ თვითმხილველი ფეხით გადაადგილდებოდა და ტერიტორია სირბილით დატოვა, რადგანაც ავტომობილი არ შეუმჩნევიათ. სავარაუდოდ, მამაკაცმა ავტომობილი გააჩერა და მცირე მარკეტში რაღაცის საყიდლად გადმოსვლა დააპირა და მას სროლა დაუწყეს. 

მას სავარაუდოდ, ჩაწეული ფანჯრის მხრიდან თავში ექვსჯერ ესროლა. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალისტები და სამართალდამცვეელები. სავარაუდო, თვიმხილველები კი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მაღაზიის  გაყიდველს უნდა დაენახა ვინ იყო თავდამსხმელი. ის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა. ადგილზე კი ჭკვიანი კამერები ახლოს დამონტაჟებული არ არის და შემთხვევიდან საკმაოდ მოშორებით არის დაყენებული.  

„არ ვიცით რა მოხდა, მხოლოდ 6 ჯერ გასროლის ხმა გავიგონე. რეალურად არ ვიცით თავდამსხმელი ფეხით გადაადგილდებოდა, ავტომობილით თუ მოტოციკლით არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში ავტომობილის  ხმა არ გაგვიგია. შესაძლოა  ფეხით იყო და გაიქცა. ვინც ინციდენტი უშუალოდ დაინახა იყო მაღაზიის  გამყიდველი და შიგნით მყოფი კლიენტი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაინახა, რომ გარდაცვლილსაც იარაღი უჭირავს. არ არის გამროიცხული, რომ ისიც ისვროდა. თავშია აქვს  ნასროლი ახლოს ვინც მივიდა იმათმა დაინახეს. ავტომობილი მაღაზიასთან გაუჩერებია  და რაღაცა უყიდია. უკან როდესაც დაბრუნდა და ჩაჯდა, საჭესთან ესროლეს. თავი საჭეზე აქვს დადებული და  ხელში იარაღი უჭირავს. როგორც ჩანს თავადაც ისროდა. შესაძლოა თავდამსხმელი ფეხითაც იყო და ადვილად გაიქცა. აქვე მიიმალებოდა სადმე“,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.   

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ავჭალაში მანქანაში ჩაცხრლული პირი ვალერიან ნემსიწვერიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. 

ავჭალაში, მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი, ნიკა წულეისკრი ამბობს, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთხელ იყო ნასამართლევი. უფლებადამცველის თქმითვე, ნემსიწვერიძე არ იღებდა მონაწილეობას ციხის ბუნტში. 

"ჩემი მეგობარი იყო, საკმაოდ კარგად ვიცნობდი, ნასამართლევი იყო ერთხელ. სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, სადაც ცნეს, რომ უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხისბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ", - ამბობს ნიკა წულეისკირი.   

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დღეს 23 ოქტომბერს, საღამოს საათებში სარდაფის გაძარცვის მცდელობა ჰქონდათ. პოლიციამ ერთ-ერთი მძარცველი უკვე დააპატიმრა, ის სავარაუდოდ, 18 წლისაა. ადგილობრივები „რეზონანსთან“  ამბობენ, რომ სარდაფი რამდენიმე მეზობელს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, იქ მხოლოდ საჭმელ პროდუქტს, ალკოჰოლურ სასმელს და არყის გამოსახდელ აპარატს ინახავდნენ.    

მეზობლები ამბობენ, რომ ადგილზე, სავარაუდოდ, ორი მძარცველი იყო, მათგან ერთი მეზობელმა სარდაფში ჩაკეტა, სწორედ ასე მოახერხა პოლიციამ მისი დაკავება.

ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.   

თბილისში გამთენიისას,  დიზაინერ ზვიად ციკოლიას მაღაზიის გაძარცვა სცადეს. მძარცველებს ხელი სიგნალიზაციამ შეუშალა და მაღაზიიდან გაქცევა მოახერხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მძარცველებმა ბამბის რიგის ქუჩაზე კიდევ რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა სცადეს. დაზიანებულია მაღაზიის კარი.

"საბედნიეროდ, ვერ მოასწრეს იმიტომ, რომ საკმაოდ მძლავრი ხმა აქვს სიგნალიზაციას და ამან შეაშინა. შეგვატყობინეს, რომ კარი გაიღო და სიგნალიზაცია ჩაირთო. სხვა მაღაზიებსაც დაუარეს, უბრალოდ იქ ვერ შეძლეს შეღწევა. ფეხის ანაბეჭდები სხვა მაღაზიებზეც იკითხება", - ამბობს ზვიად ციკოლია. 

ზვიად ციკოლიამ მაღაზიის ძარცვის ამსახველი ვიდეო მასალა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიხედვით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.  

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე კი  სწრაფი კვების ობიექტი სამმა ნიღბიანმა პირმა გაქურდა. ობიექტის მეპატრონის თქმით, მძარცველებმა ფანჯარა გატეხეს და დაახლოებით, 100 ლარი წაიღეს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ, საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული.  

ზუგდიდში, ამავე დღეს გამთენიისას,  BP-ს ბენზინგსამართი სადგური დააყაჩაღეს. 

ადგილზე ორი ნიღბიანი, დანით შეარაღებული პირი მივიდა 1 500-დან 3 000 ლარამდე ნავაჭრი თანხა წაიღო.  დამნაშავეებმა ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებამდე ტაქსის მძღოლიც დააყაჩაღეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მანქანა სოფელ კოლხიდაში, ზუსტად იმ ადგილას დატოვეს, სადაც "საქართველოს ბანკის" ძარცვაში ბრალდებული პირი გაუჩინარდა.  

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წამომადგენლები. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები კი დაკითხვაზე არიან გადაყვანილნი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×