
„ჩვენ გავაუბრალოვეთ სწავლა და ახლა აგდებულად ვუყურებთ ამ საკითხს" - სტუდენტების პროტესტსა და მოთხოვნაზე, რომ არსებული ეპიდვითარების გამო გაგრძელდეს სწავლა ონლაინ-რეჟიმში „რეზონანსთან" ექპერტ-ანალიტიკოსი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია გამოეხმაურა. ის სწავლების დისტანციურად გაგრძელების წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელების სხვა, უფრო საშიში კერები არსებობს.
„იცით რაშია საქმე? სტუდენტები, რომლებიც ახლა სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვენ, ჩვეულებრივ დადიან ქუჩაში. ადიან ტრანსპორტში, სხედან კაფეებში, ბავშვები ჩადიან ეზოში, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება იყოს ვირუსის გავრცელების კერა. პრობლემა რატომ გახდა უნივერსიტეტებსა და აუდიტორიებში მუშაობა?
„სტუდენტებმა ის კი არ უნდა მოითხოვონ, რომ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლა, მათ უნდა მოითხოვონ უნივერსიტეტებისგან, რომ მნიშვნელოვანი პირობები დაცული იყოს. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება მათ მომავალზე, რადგან ჩვენ რასაც დისტანციურ სწავლას ვეძახით ეს დისტანციური სწავლა არაა და ჩემთვის ცოტა გაუგებარი ფორმატია. შესაბამისად ჩვენ ვერც გამართულ დისტანციურ სწავლას ვიღებთ, რადგან სტუნდეტები ზოგჯერ ინტერნეტის არქონას იმიზეზებენ, ზოგჯერ გამოსახულება არ ჩანს და პარალელურად ვერც აუდიტორიაში სწავლას ვახერხებთ.
„მე ერთის მხრივ ვიზიარებ იმ მოცემულობას, რომ ადამიანებს ეშინიათ დღევანდელი ეპიდვითარებით გამოწვეული მდგომარეობის, მაგრამ მეორეს მხრივ ვისაც სწავლა აქვს პრიორიტეტად მაინცდამაინც მისი შეზღუდვით არ უნდა იწყებდეს თავის დამშვიდებას. მე ეს სწორად არ მიმაჩნია. უბრალოდ ამისათვის საჭიროა ნებისმიერი უნივერსიტეტი აკმაყოფილებლდეს იმ პირობებს, რომ სხვა დანარჩენ სივრცეებზე ნაკლები იყოს რისკები ვირუსის გავრცელების.
„არსებული ვითარება რომ გაგრძელდეს ერთი, ორი ან სამი წელი, მერე რას ვფიქრობთ? მომავალ წელს რომ სხვა რაიმე ვირუსი შემოვიდეს, მერე რა ვქნათ? ეს არის პრობლემა ამ შემთხვევაში და მიმაჩნია, რომ აუდიტორიებში სწავლა პირველი არ უნდა იყოს, რასაც უნდა დავარტყათ. ეს ყველაფერი თავის დროზე გამოიწვია სახელმწიფოს არასწორმა სტრატეგიამ, ვირუსის მართვის გაურკვეველმა პოლიტიკამ და სწავლა დაგვრჩა კოსმეტიკურ საჭიროებად.
„სტუდენტების პროტესტის მიზეზი ის არის, რომ მათ ეშინიათ ვირუსის გადადების, რის გამოც ითხოვენ ონლაინ სწავლებას, მაგრამ სხვაგან აქვთ უსაფრთხოების განცდა? ტრანსპორტი რომ სავსეა, კაფეებში შევიაროთ, რა ხდება, სკვერებში დავათვალიეროთ, იქ რამე იწმინდება? ეს არაა პრობლემა? ამაზე დაუცველი სივრცეა სკოლა და აუდიტორია, რომ შევზღუდოთ უნივერსიტეტებში სიარული?
„ჩვენ ვაჩვევთ ახალგაზრდებს, რომ სწვლა მეათეხარისხოვანი საკითხია და პირველ რიგში სასწავლო პროცესს ვაყენებთ დარტყმას. ეს არის არასწორი. სწორი იქნება ის, რომ სახელმწიფომ შექმნას უსაფრთხო გარემო და გარკვეული რეგულაციები სასწავლო დაწესებულებებში. ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ კი ამის სურვილი არსებობს.
„შესაძლებელია, რომ სტუნდეტების ნაწილი დარჩეს დისტანციურ სწავლაზეც, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე მთავრობამ ლექტორის ანაზღაურების გაზრდაზე უნდა იზრუნოს და ვფიქრობ, რომ ლექტორები მსგავსს პროცესებზე უარს არ იტყვიან. მე მიმაჩნია, რომ სწავლის და განათლების საკითხში მარტივი და ნეგატიური გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ,"- ამბობს არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" საუბრისას.