
საზარელი მკვლლეობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში 38 წლის ქალმა მისივე ნათესავი 36 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით მოკლა. ქალი დაკავებულია და 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ქალი მხოლოდ თავს იცავდა და მოკლული მამაკაცი, რომლიც მისი ქმრის ბიძაშვილია, ქალის გაუპატურებას ცდილობდა.
მამაკაცს ერთი ტყვია თავში, მეორე კი ყელში აქვს ნასროლი. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს კი ქალის არასრუწლოვანი, 17 წლის ვაჟი შეესწრო, რომელიც უმძიმესი სტრესის ქვეშ იმყოფება და მისი დაკითხვა მძიმე მდგომარეობის გამო პოლიციამაც კი ვერ შეძლო.
ქალმა ტელეფონით მკვლელობის შესახებ დედას აცნობა. უთხრა, რომ სასწრაფო და პოლიცია გამოეძახებინა, რადგანაც მისი ნათესავი მძიმედ იყო დაჭრილი. თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ქალი კი პოლიციას ადგილზე სანადირო თოფითვე ჩაბარდა.
ადგილობრივები ქალის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ის მხოლოდ თავს იცავდა. არ გამორიცხავენ, რომ ქალი აფექტის მდგომარეობაში მოქმედებდა და მისი ამდენი წლით დასჯა უსამართლობაა.
შსს-ში საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრრული და ქალს 15 წლამდე პატიმრობა ექმურება.
„ვითხოვთ მისი გათავისუფლება მოხდეს, რადგანაც ის უდანაშაულოა და მხოლოდ თავს იცავდა. ფერმაში საქონელს უვლიდნენ ის, მისი ვაჟი და ეს ნათესავი კაცი. ქმრის ბიძაშვილია. არ ვიცი მათ შორის რა უბედურება მოხდა. როგორც ამბობენ, მისი გაუპატიურება სცადა. არადა წლებია ერთად მშვიდად და კარგად ცხოვრობდნენ.
„ამ ფერმაში საქონელს უვლიდნენ. სოფლიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომაც მკვლელეობის თვითმხილველი მხოლოდ მისი 17 წლის ვაჟია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. მას სტრესი აქვს მიყებული, შეშინებულია და ლაპარაკიც უჭირს. ბავშვმა ყველაფერს უყურა.
„ქალმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ ნათესავი მოვკალიო. მერე პოლიცია და სასწრაფო დახმარება დედამ გამოიძახა. სოფელმაც მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ. ქალი თავისი სანადირო თოფითვე ჩაბარდა. ორი ტყვია ჰქონია მორტყმული - ერთი თავში და ერთიც ყელში. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ეს გოგო უდანაშაულოა და 15 წლით ციხისთვის მისი გაწირვა უსამართლობაა“, - ამბობს ადგილობრივი ალიხან მამედოვი „რეზონანსთან“.
კახეთის პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული ხ.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი - 1984 წელს დაბადებული ი.ხ.
„პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შემთხვევიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.