
სასტიკი მკვლელობა დუშეთში - სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის შვილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალადობრივ ქმედებებში ახალგაზრდა კაცი შემჩნეული ადრეც იყო. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავემ ძმასთან დარეკა და უთხრა, მგონი, მამიდა შემომაკვდა და მიხედეთო.
მკვლლეობაში ეჭვმიტანილმა ზაქრო გულბათაშვილმა, სავარაუდოდ, მიმალვა მოასწრო და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მოტივი ძარცვა, ქურდობა ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა, რადგან მოკლული ნაირა გულბათაშვილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მას სოციალური დახმარება ჰქონდა აღებული და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ახალგაზრდამ ის გაგუდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიძება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე დაკავებული. როგორც პრესცენტრში ამბობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ძმას დაურეკა და უთხრა, მგონი, მამიდა მოვკალი და მიხედეთო. ადრეც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სმითაც სვამდა და კონფლიქტური ხასიათითაც გამოირჩეოდა. სავარაუდოდ, დამალულია და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
“მოკლული ქალის ბიძაშვილის შვილია და რასთან დაკავშირებით მოუვიდათ ჩხუბი, უცნობია. ქალი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და ფული არ ჰქონდა. რისთვის უნდა მისულიყო, ჯერ უცნობია. ოქროც არ ჰქონდა. საკამოდ გაჭირვებული ქალი იყო და სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არც ხამური და არც ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ, ამიტომაც მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ მათ მხოლოდ ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ გაიგეს. ქალი, სავარაუდოდ, გაგუდულია და ის საწოლში იპოვეს.