
ამ დრომდე უცნობია, სცემეს თუ უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლის ჯარისკაცმა დაზიანებები მიიღო. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ზვიად ჯანიაშვილი მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, მამაკაცმა სასწრაფო დახმარებისთვის 112-ზე თავად დარეკა. თუმცა ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
კაცს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, სავარაუდო თავდასხმის საქმეზე გამოძიება კი ძალადობის მუხლით დაიწყო. იმ ადგილიდან, სადაც 40 წლამდე მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში იპოვეს, უკვე ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
ჩანაწერებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ჯანიაშვილი თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ამ დროს მოხდა მათზე თავდასხმა, ჯარისკაცის თანმხლები პირი კი მიიმალა.
ზვიად ჯანიაშვილზე თავდასხმის მოტივი და ის, თუ რა უძღოდა წინ კონფლიქტს, ამ დრომდე გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სხვა ჯარისკაცები გაუსწორდნენ, სხვა ვერსიით კი ხიდიდან თავად გადავარდა. მამაკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 10 წელზე მეტია მსახურობს, ექიმები ეჭვობენ, რომ ხერხემალი აქვს დაზიანებული და ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.
ჯარისკაცის მეზობლები და ახლობლები კი არცერთ ვერსიას არ გამორიცხავენ. როგორც მისი მეზობელი „რეზონანსს“ უყვება, ჯარიკაცი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, ამიტომაც მისთვის გაუგებარია, რა შეიძლება ჩხუბის მიზეზი გამხდარიყო. მისივე ინფორმაციით, ის მეგობართან ერთად დაბადების დღეზე წავიდა. თუმცა შემდგომ 112-ზე დარეკა და შველას ითხოვდა. ადგილობრივი ამბობს, რომ ჯარისკაცი საიდანაც შესაძლოა ჩავარდნილიყო, არ არის ისეთი ადგილი, რომ ამ დონის დაზიანებები მიეღო.
„როგორც ამბობენ, ძალიან არის ნაცემი. სადაც იპოვეს, ისეთი ადგილი არაა, რომ ამ დონის დაზიანებები მიეღო. ვარაუდობენ, რომ ჯერ სცემეს და შემდეგ ხიდიდან გადააგდეს. სასწრაფო დახმარებაზე თავად დაურეკავს და უთქვამს ცუდად ვარ და მიშველეთო. ადგილზე სასწრაფო რომ მივიდა, უკვე უგონო მდგომრეობაში დახვდათ. ძალიან არის ნაცემი. რა იქნა მისი მეგობარი ვისთანაც ერთად დაბადების დღეზე წავიდა ჯერჯერობით არავინ იცის. ასეთი ვერსიაც ვრცეელდება, რომ მთვრალმა ჯარისკაცებმა სცემეს და გადააგდეს“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაშავებული სამხედროს შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მან დაზიანებები არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო და მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, დასვენების დღეებში დათხოვნაში მყოფმა, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები, რის შედეგადაც ის მოხვდა საავადმყოფოში. თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს. თავდაპირველად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებული სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, - აღნიშნულია განცხადებაში.