
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში სკოლები დაიხურა და სასწავლო პროცესი დისტაციურად გრძელდება.
გახდება თუ არა საჭირო სკოლების დახურვა მთელი ქყვეყნის მასშტაბით - ამის შესახებ „რეზონანსთან"ინფექციონისტები საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ თბილისის რომელიმე სკოლაში ერთი შემთხვევა მაინც თუ დაფიქსირდა, საჭირო გახდება მოსწავლეებმა სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელონ.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა, დიდი პრობლემები შეიქმნება.
„თუ სიტუაცია გამძაფრდა და რომელიმე სკოლაში ინფექციის აღმოცენება მოხდა, ალბათ საჭირო გახდება დახურვა. თუ დაფიქსირდა ვირუსი, ესე იგი ინფექციის საშუალებები და ღონისძიებების გატარება საკმარისი არ იყო. თუ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ სწავლის პროცესი, ეს ძალიან დიდი ბედნიერება და წარმატება იქნება. ბავშვებს განათლების თვალსაზრისით ძალიან ბევრი მოაკლდათ.
"ასე თუ გაგრძელდა მომავალში ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება. ბევრმა რეგიონმა ინფიცირების თვალსაზრისით რეკორდული ციფრები აჩვენა, ამიტომ დახურეს აშკარად სკოლები. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. თუ თბილისის სკოლებში ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, ეს ნიშნავს რომ სკოლები უნდა დაიხუროს", - განაცხადა ხმალაძემ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას თქმით, შესაძლოა სკოლების დაკეტვა საჭირო გახდეს ეს დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე.
„ყველაფერი კეთდებოდა, რომ სკოლები არ დაკეტილიყო. ბავშვებს სწავლა გაეგრძელებინათ ჩვეულ რეჟიმში. თუმცა, ეს ყველაფერი დაავადების გავრცელებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა. ეს მატება დაფიქსირდა სასწავლო დაწესებულებებში.
"დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, სკოლებში დისტანციურად სწავლის გაგრძელების საკითხი, თუმცა ვნახოთ. ვისურვებდი ასე არ მომხდარიყო ეს უკვე დამოკიდებლია ეპიდსიტუაციაზე. რამდენად გაუარესდება და რამდენად დაფიქსირდება სკოლებში ახალი შემთხვევები", - განაცხადა გოგინავამ.
კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ორპირში მცხოვრებ ერთი ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს, რომლებიც ორპირის საჯარო სკოლის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები არიან.
ორპირის საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა ბერეკაშვილმა „ინტრპრესნიუსს" განუცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი კორონავირუსის დაფიქსირების გამო შეწყდა.
„მივიღეთ წერილი ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან, რომ ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათან შეთანხმებით სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს ბავშვების და მასწავლებლების ტესტირება, ინფიცირებულებთან კონტაქტების დადგენა. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენადიციების სრული დაცვით მიმდინარეობდა", - განაცხადა ბერიკაშვილმა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან, 44 იმერეთში გამოვლინდა, როს შემდეგაც იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განცხადა,რომ კორონავირუსის რაოდენობის მატების გამო ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მისივე თქით, ვირუსი დაუდასტურდა, მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს, და ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.
„ახალი კლასტერებიც არის, მაგრამ მასიურად გავრცელება არსადაა. ასევე ინფიცირებული არიან ბავშვებიც, რის გამოც ქუთაისში ორი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ბავშვები და მასწავლებლები კი თვითიზოლაციაში. ასევე, ვირუსი დაუდასტურდა მერიის თანამშრომელს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა შალამბერიძემ.