ქრისტინე კაპანაძე
26.09.2020

სარაკანტინო პირობებში 29 წლის ახალგაზდრის გარდაცვალება შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა ბოლომდე მზად არ არის კორონავირუსისგან მკურნალობის ახალი რეჟიმზე გადასასვლელად. თუმცა, ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენამდე ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია.

29 წლის მამაკაცი 24 სექტემბერს ჩამოფრინდა საფრანგეთიდან და სავალდებულო კარანტინის გასავლელად თელავის ერთ-ერთ სასტუმროში იყო მოთავსებული. შაბათს სასტუმროს პერსონალმა იგი საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული შედარებით მსუბუქი პაციენტების მკურნალობა სწორედ წინასწარ შერჩეულ ე.წ. კოვიდ სასტუმროებში უნდა მოხდეს, საავადმყოფოებში კი მხოლოდ მძიმე პაციენტებს დააწყვენენ.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ნაწილობრივ ეთანხმება ამ ინიციატივას, რადგან კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე შეუძლებელია ყველა პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება, თუმცა აღნიშნავს, რომ კარანტინში მყოფი პაციენტების მუდმივი გაკონტროლებაა საჭირო.

„თუკი ყველა პაციენტს საავადმყოფოებში მოვათავსებთ, რეალურად მძიმე პაციენტებისათვის ადგილი აღარ დარჩება. წარმოიდგინეთ გრიპის ეპიდემიის დროს რა მოხდებოდა ყველა პაციენტი საავადმოფოში რომ ყოფილიყო მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებები ფიზიკურად ვერ გაუძლებენ ასეთ ნაკადს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ მართებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა სივრცეში გადანაწილებული პაციენტები პროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და საჭირო რეანიმაციულ ღონისძიებებს დროულად აღმოუჩენენ. მთავარი სწორედ ისაა, რომ ექიმი ყოყმანის გარეშე მიხვდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი ზომები მყისიერად მიიღოს", - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

ინფექციონისტი 29 წლის მამაკაცის გარდაცვალების შემთხვევაზეც საუბრობს, მისი თქმით გარდაცვალების დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

„მე არ ვიცი დეტალები ამ ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მათ შორის არაფერი ვიცი იმაზე, იყო თუ არა ჯანმრთელობის, ან რაიმე სახის თანმდევი პრობლემები. უშუალოდ დაღუპვის მიზეზის გარკვევის შემდეგ გავიგებთ გარდაცვალების მიზეზისაც - იყო თუ არა ეს კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონია და საჭიროებდა თუ არა პაციენტი ინტენსიური თეარაპიის პალატაში მოთავსებას.

„არაა გამორიცხული, რომ მან კარანტინის პირობებს ვერ გაუძლო და განვითარდა ინფარქტი. სამწუხაროდ, მე არ ვიცი, როგორ პირობებში იმყოფებოდა ეს ადამიანი და უკავშირდება თუ არა კარანტინის სივრცეში ყოფნას მისი გარდაცვალება",- ამბობს ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×