თამთა ჩაჩანიძე
25.09.2020

სექტემბრის დასაწყისში გალის რაიონში გატაცებული ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაათავისუფლეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ აფხაზური მედია დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა გათავისუფლების დეტალები არ საჯაროვდება.

"ჩვენ გათავისუფლების ფაქტს ვადასტურებთ, (გუშინ საღამოს), დეტალები ამჟამად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საჯაროვდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულთან ერთად ოპერატიული და საგამოძიებო ზომები ტარდება, რაც მიზნად გამოძიებისათვის საინტერესო ყველა გარემოების დადგენას ისახავს."- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სოსელიას გათავისუფლება დე ფაქტო ხელისუფლების მოქმედების კარგი ფორმაა, რადგან ცდილობს, რომ გატაცება თბილისს არ დააბრალოს და გონივრულად იმოქმედოს.

„ეს ბიზნესმენია რუსეთიდან, წარმოშობით ქართველია, გალიდან, იგი ახლობლების სანახავად ჩამოდიოდა ხოლმე, ახლა ეტყობა დამხდურებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მოდიოდა და ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, ეს აფხაზურ მხარემ კი დააბრალა, რომ ქართულ მხარეს გადაიყვანესო, ქართულ მხარემ უარყო და მერე აღმოჩნდა, რომ ოკუპირებულ აფხაზურ მხარეს იყო.

„გამოძალვის მიზნით ფულს ითხოვდნენ, მაგრამ აფხაზური უშიშროება თავს დაადგა, იპოვა კვალი და ჩემი აზრია, რომ გარიგება მოხდა, რომ მაგალითად ამ კაცს გააპარებთ და ხელს არ გახლებთო, ან ეტყოდნენ, რომ უკვე ვიცით ვინ ხართ, რაც ხართ და ძალიან მძიმედ დაისჯებითო, გარიგებასავით მოხდა და ჩემი აზრით სოსელია იმ ხალხმა გააპარა, ვინც დააკავა, დღეს კი სოსელია თუ არ ვცდები სამეგრელოში იმყოფება.

„მგონია,რომ ეს კარგი ფორმაა იმისი, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაც გონივრულ ფარგლებში იმოქმედოს და ერთი მხრივ ყველაფერი ქართულ მხარეს არ დააბრალა და მეორე მხრივ რაღაც გამოსავალი იპოვეს რაც დასაფასებელია, უნდა ითქვას, რომ აფხაზურმა მხარემ ამ კაცის გასათავისუფლებლად იმუშავა.

„შესაძლოა ეს პროცესი მთლად ისე ცივილიზებული ფორმით არ იყო, დამნაშავეების დაკავება არ მოხდა მაგრამ ეს კაცი, რომ ცოცხალია, ჯანმრთელია და სამშვიდობოზე გადმოვიდა, ეს ფაქტია, თან როგორც მე ვიცი, ფული არ გადაუხდია.

„შეძლება ფულის გადახდაზე სხვა ვარიანტიც არსებობს, მაგრამ ყველა უარყოფს, ორი-სამი ინფორმატორი ამბობს, რომ ფული არ გადაუხდიაო. ეს ვერსია შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ მტკიცებულებები არაა, თუმცა, მკაფიო მტკიცებულებებია იმისა, რომ დე ფაქტო სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ მოძალადეებისგან ეს ადამიანი გაეთავისუფლებინათ."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

1962 წელს დაბადებული ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ შეტყობინება, გალის რაიონის ე.წ. შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა 6 სექტემბრის ღამეს მიიღო.

დე ფაქტო უწყებამ გაარკვია, რომ 5 სექტემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში, შეიარაღებულმა მამაკაცებმა, რომლებსაც შავი სამოსი ეცვათ და სახეზე კი ნიღბები ეკეთათ „ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომელსაც ამავე სოფლის მიკვიდრი ჯემალ სოსელია მართავდა, შემდეგ კი უცნობმა პირებმა სოსელია სოფელ საბერიოს მიმართულებით წაიყვანეს.

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ენგურჰესის ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და სოსელიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჯემალ სოსელიას ავტომობილი ე.წ. სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს.

გატაცებაზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×