თამთა ჩაჩანიძე
22.09.2020

მეორე კვირაა, რაც კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი დაახლოებით 200-იანი ნიშნულის მახლობლად ფიქსირდება, 22 სექტემბერს კი ანტირეკორდი დამყარდა - 218 დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში. თუ დინამიკა შენრჩუნდა, რამდენ დღეში მივიღებთ ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომელთა ერთდროულად მკურნალობასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ შეძლებს?

როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, მისი ინფორმაციით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ჰოსპიტალურ ნაწილში ამჟამად 2000 დან 3000 პაციენტამდე მოვლას შეძლებს. მისივე თქმით, ყოველდღიურად გამოვლენილ ახალ შემთხვევებში დაახლოებით 15%-ია იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა აუცილებლად დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, თუ ახლანდელი ტენდენცია შენარჩუნდა და დღეში საშუალოდ 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაახლოებით ახალი წლისათვის დადგება კრიტიკული მომენტი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებს ერთდროულად ყველა ინფიცირებულისათვის მათთვის საჭირო მკურნალობის ჩატარებას.

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა არ დაიკლებს და ამასთან, სტაციონარებში ადგილების საჭირო რაოდენობა არ გაიზრდება. ამასთან, გასათვალისწინებელია გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობაც და ის გარემოებაც, რომ ინფექციონისტების თქმით, მძიმე პაციენტების მკურნალობა ინდივიდუალურია და მდგომარეობიდან მათი გამოყვანის დრო 14 დღიდან თვენახევრამდე მერყეობს.

რამდენად რეალურია „იტალიური სცენარი" საქართველოში

„ზუსტი საწოლების რაოდენობა არ მახსოვს, მაგრამ ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდინფიცირებულებისთვის დაახლოებით ორიდან სამ ათას საწოლამდეა. თუ ძალიან ბევრი პაციენტი იქნება, აქ უკვე დაყოფა უნდა მოხდეს და შედარებით მსუბუქი პაციენტები ან სპეციალურ საკარანტინო სასტუმროებში, ან ბინაზე თვითიზოლაციაში განთავსდნენ და სამედიცინო პერსონალის მხრიდან მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

„ზოგადად, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მასიური გავრცელების შემთხვევაში და პანდემიის დროს ყველა პაციენტს ჰოსპიტალური დახმარება თანაბარზომიერად გაუწიოს. ამიტომ ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, თუ რამდენი შემთხვევის შემდეგ შეიძლება ეს მოხდეს. მაგრამ თუ ასეთი მზრადი ტენდენცია იქნება და დღის განმავლობაში ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, რა თქმა უნდა დღის წესრიგში დადგება ის, რომ მძიმე და საშუალოზე მძიმე პაციენტები საავადმყოფოში მოთავსდნენ და დანარჩენები მონიტორინგის ქვეშ იყვნენ, ოღონდ არა ჰოსპიტალურ ნაწილში.

„თუ დღეში, მაგალითად, საშუალოდ 200 პაციენტი იქნება, ამ ორასიდან 10 ან 15%-ზე ცოტა მეტი შესაძლოა მძიმე იყოს, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა აუცილებლად სჭირდება, ამ შემთხვევაში დაყოფა უნდა მოხდეს, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალებში ან შესაბამის კლინიკებში განთავსდნენ, სადაც კოვიდგამოცდილება აქვთ და დანარჩენი პაციენტები მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ - ან ბინაზე თუ აქვთ ამისი საშუალება, ან სპეციაქლურ საკარანტინე სასტუმროებში, სადაც მედპერსონალიც იქნება და სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, შესაძლოა ამან ქვეყანაში და ჯანდაცვის სისტეაში გარკვეული რყევებიც გამოიწვიოს, როგორიც, მაგალითად, იტალიაში მოხდა. თუმცა იმედოვნებს, რომ „წესით ჩვენთან ასეთი მდგომარეობა არ უნდა შეიქმნას, როგორიც ევროპის ბევრ ქვეყანაში გაზაფხულზე იყო".

„ძალიან რთული სათქმელია რა მოხდება, თუ ქვეყანა კრიტიკულ ზღვარს გადალახავს. მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითები გვაქვს, სადაც ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი იმაზე მეტმა პაციენტმა, ვიდრე კლინიკებს შეუძლია მიღება, ქვეყანაში რყევები და სამედიცინო სექტორის კოლაფსი გამოიწვიოს, როგორიც, მაგალითად, იტალიაში იყო.

„რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის და სერვისის მიწოდების ხარისხი დაეცემა, როდესაც პაციენტები იმაზე მეტი იქნებიან, ვიდრე მედპერსონალი გვყავს და ვიდრე ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ მომატებული პაციენტების რაოდენობას გავუმკლავდეთ.

„ამიტომ მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური კუთხით მდგომარეობა რაც შეიძლება დროზე დასტაბილურდეს. ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ამ სცენარით წავიდეთ - რომ მძიმე პაციენტები საავადმყოფოში მოხვდნენ და ნაკლებად მძიმე და მსუბუქი პაციენტები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, ოღონდ არა ჰოსპიტალში.

„ბევრ ქვეყანაში ესეც ვერ ხერხდებოდა. ევროპის ქვეყნებში მსუბუქი პაციენტები სამედიცინო სერვისს საერთოდ ვერ იღებდნენ, ისინი სახლში იყვნენ და ჰოსპიტალში დამძიმების შემთხვევაში მიჰყავდათ. ჩვენთან ჯერჯერობით ამისი საშიშროება არაა იმიტომ, რომ ოჯახის ექიმების პირველადი რგოლის რაღაც ნაწილი გადამზადებულია, რომლებიც შეძლებენ, რომ სახლში დარჩენილ პაციენტებსაც მონიტორინგი გაუწიონ. ამიტომ წესით ჩვენთან ასეთი მდგომარეობა არ უნდა შეიქმნას, როგორიც ევროპის ბევრ ქვეყანაში გაზაფხულზე იყო", - განაცხადა გოგინავამ.

რა კეთდება კრიზისის ასაცილებლად

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მკურნალობისთვის თანდათან ემატება კოვიდცენტრები, რაც, მისი თქმით, მდგომარეობას შეამსუბუქებს.

„თანდათან კოვიდცენტრები ემატება, სადაც პაციენტები ემატებიან. ამდენად, რამდენიც საჭირო იქნება ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მოთავსდნენ. მსუბუქი პაციენტებს ბინაზე დატოვებენ, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი იქნება ისე, რომ მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტების მოთავსება პრობლემა არ გახდება, ზუსტი ციფრი კი ჩემი კომპეტენცია არაა.

„ჩვენ პაციენტებს კლინიკებში ასე ხანგრძლივად აღარ ვტოვებთ, როგორც ადრე ვტოვებდით, უკვე სასტუმროებში გადადიან. ამდენად, უფრო მეტი გაწერა იქნება და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მოერევიან. ანუ შესაძლოა ტესტი უარყოფითი არ იყოს, მაგრამ როდესაც პაციენტს გართულება აღარ ექნება, იზოლიაციაში შესაბამის ადგილებში გაეწერებიან.

„შეგვიძლია, რომ მსუბუქი შემთხვევები მერვე დღეს გავწეროთ, უსიცხო პერიოდიდან სამ დღეში. უსიმპტომოპებიც შეიძლება, რომ მეოთხე დღეს დავტესტოთ, თუმცა მეოთხე დღეს სავარაუდოდ არ გაიწერება. უსიმპტოპმოები შესაძლოა ბინაზე დარჩნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამისი ბრძანება არაა. ვფიქრობ, რომ ყველა გამოკვლეული იქნება და ეს საქმე ამის შემდეგ გადაწყდება.

„ვფიქრობ, რომ დრამატული სიტუაცია არ გვექნება და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება. იმედი მაქვს რომ შეკავება მოხდება და საშუალოდ დღეში ორ ასეულ შემთხვევას არ გადააჭარბებს", - განაცხადა ენდელაძემ.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი „რეზონანსთან" მძიმე პაციენტების მკურნალობის ვადებზე საუბრისას ამბობს, რომ ამ პაციენტების მკურნალობა და შესაბამისად მათი გამოჯანმრთელების ვადები ინდივიდუალურია და ეს პერიოდი ორი კვირიდან თვენახევრამდე მერყეობს.

„დღეს რა ციფრიც არ უნდა დასახელდეს, თუ ჯანდაცვის სისტემა ერთდროულად რამდენი პაციენტის მკურნალობას შეძლებს, ყოველდღე გარკვეულწილად ცდილობენ, რომ ადგილები დაამატონ, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის დახმარების შესაძლებლობა და პაციენტების რაოდენობა ადეკვატურია. რაც არ უნდა კარგი ჯანდაცვა იყოს, რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს. მთავარია, რომ პაციენტთა რაოდენობისა და დახმარების შესაძლებლობის ადეკვატურობის შეცვლა არ მოხდეს.

„საერთოდ, მედიცინაში ასეთი გამოთქმაა - რომ ყველა ერთნაირი არ არსებობს, არსებობს ერთი და განსაკუთრებული. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, ყველაფერი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, შეიძლება საკმაოდ მძიმე პაციენტი მალე გამოჯანმრთელდეს და საშუალო სიმძიმის გაიწელოს და გაიწელოს. ეს დამოკიდებულია იმუნიტეტზე, ასაკზე, გვერდით მოვლენებზე, ჰქონდა თუ არა მანამდე რამე ავადმყოფობა, გარდა ქრონიკულისა.

„მაგალითად, გვეშინია იმ პაციენტების, ვინც შაქრიანი დიაბეტითაა. ძირითადად პაციენტის სიმძიმე განპირობებულია იმით, თუ ფილტვზე რამდენად დიდი დაზიანებებია ხოლმე. ანუ ძირითადად პაციენტები ფილტვების უკმარისობით იღუპებიან ხოლმე, ნადგურდება ფილტვის ქსოვილი.

„მძიმე პაციენტს მინიმუმ ორი კვირა სჭირდება, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანო, მაქსიმუმი კი თვეზე მეტი დასჭირვებია", - განაცხადა ხმალაძემ.

ამრიგად, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ამ ტემპში გაგრძელდა, შესაძლოა ქვეყანა ახალ წელს კოვიდ-კრიზისის ფონზე შეხვდეს, თუმცა ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა მეორე ტალღას ბევრად მომზადებული შეხვდა, ვიდრე პირველს და დრამატული სიტუაცია მოსალოდნელი არაა.

საქართველოში ამ დროისთვის ჯამში 3913 დადასტურებული შემთხვევააა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 40-ით გაიზარდა. სულ 1574 გამოჯანმრთელებული. ამასთან, საქართველოში კორონავირუსისგან 22 სექტემბერს კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. სულ 23 გარდაცვლილია, კრიტიკული პაციენტების რიცხვი 16-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×