რეზონანსი
22.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი გედევან ფოფხაძე რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს,სადაც, როგორც თვითონ აღნიშნავს თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს.

„ჩემი განცხადების შემდეგ გადამიყვანეს ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა. პირობები აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. კვება ნორმალურია, ექიმებმა იციან თავიანთი საქმე. მე აქ ჩემს მეგობრებთან - ჯაბა ჭიშკარიანთან და ლევან გოგოიჩაიშვილთან ერთად ვარ. თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ", - განაცხადა ფოფხაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და არანაირი სიმპტომები აღარ აქვს.

„თავდაპირველად სამი დღე სიცხეებს ვუჩიოდი, მაგრამ ახლა თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, ვარ სრულ იზოლაციაში და სიმპტომები აღარ მაქვს", - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოდან განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ის იმყოფებოდა საშინელ პირობებში. კერძოდ: მას უწევდა შიმშილობა, სარგებლობდა ყველასთვის საერთო სველი წერტილით; განთავსებული იყო ოთახში, რომელიც, მისი თქმით, სარდაფი უფრო იყო და არ ჰქონდა ფანჯარა.

„რეზონანსთან" საუბარში დეპუტატმა ფოფხაძემ დაწვრილებით გაიხსენა ისიც, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„ჩემი უკმაყოფილება იქიდან დაიწყო, როდესაც ე.წ. სიცხის ცენტრში მიმიყვანეს, სადაც ინფიცირებულები და არაინფიცირებულები ყველანი ერთად იყვნენ. ყველა იქ მყოფი სარგებლობდა ერთი სველი წერტილით და ამიტომ დიდი იყო შანსი იმისა, რომ ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირებულიყო.

„როდესაც ოთახებში განვთავსდით, არ იყო არანაირი საშუალება საჭიროების შემთხვევაში ვინმეს გამოძახებისა. უნდა ამდაგრიყავი, გასულიყავი ოთახიდან და დერეფნის ბოლოში მოგეთხოვა დახმარება.

„ასევე ჩემი იქ ყოფნის პერიოდში არანაირი მედიკამენტი არ მოუციათ ექიმებს. მათი თქმით, მედიკამენტების მიღება მხოლოდ მაშინ არის რეკომენდირებული, როცა სიცხე 39 გაქვს, რასაც, მე პირადად, არ ვეთანხმები", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ავტორი: მარიამ მერლანი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×