ელზა პაპოშვილი
16.09.2020

საქართველო, სავარაუდოდ უკვე 17 სექტემბერს, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების თვალსაზრისით „წითელ ზონაში“ გადადის. ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ „რეზონანსთან“ საუბრისას. მათივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ ქვეყანა ისევ „მწვანე ზონაში“ იმყოფება გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

10 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ისაუბრა, თუ როგორ და რა მეთოდით ანგარიშობენ, რომელ ზონაში გადავდივართ. 

მინისტრის მოადგილე ერთი კვირის წინ ამტკიცებდა, რომ  საქართველო მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორისაა.

„ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიური მოდელი, რომელიც საქართველოსთვის მომზადდა. ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებელს იყენებს. ჩვენ ნიშნული ავიღეთ საშუალოდ 10 შემთხვევა ყოველ 100 000 მოსახლეზე, რაც არის მწვანე ნიშნული.

„დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10.2, რაც ნიშნავს, რომ გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში - ყვითელი ზონა.

„ყვითელი ზონა არის 100 000 მოსახლეზე 10 შემთხვევიდან 30 შემთხვევამდე, რიცხვებში გამოდის 370-დან 1100-მდე შემთხვევა, რაც ორი კვირის განმავლობაში თუ გვექნება, უკვე არის ყვითელი.  

„100 000 მოსახლეზე 30 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ წითელი ზონაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

როგორც „რეზონანსთან“ ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, პარამეტრი, რითაც ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებას ზომავენ, ინციდენტობაა, ანუ, ავადმყოფობის ახალი შემთხვევების რიცხვი დროის გარკვეულ მონაკვეთში. კოვიდპანდემიის პირობებში საორიენტაციოდ იღებენ ორკვირიან ან ერთკვირიან მონაკვეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას ყოველ 100 000 მოსახლეზე.

თავდაპირველად საქართველოში მოქმედი შუქნიშნის პრინციპი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასე ახსნეს:

„მწვანე ზონა“ გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-მდე ინფიცირებულს; „ყვითელი ზონა“ გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 10-დან 30-მდე ინფიცირებულს; „წითელი ზონა“ გულისხმობდა ორკვირიან შუალედში 100 000 მოსახლეზე 30-ზე მეტ ინფიცირებულს, შესაბამისად, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკვე „წითელ ზონაში“ გადავდივართ. 

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხვალ უკვე „წითელ ზონაში“ ვიქნებით, რადგანაც ყვითელი ზონის ზღვარზე ვართ. მისივე თქმით, ციფრები და მაჩვენებლები იმისთვის გვჭირდება, რომ მოხდეს გაანგარიშება და დათვლა, თუ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რამდენის გაძლება შეუძლია. ამიტომაც ახლა სასწრაფოდ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ „წითელ ზონაში“  გადასვლის შემდეგ  ვიცოდეთ ზუსტად  რა რესურსი გვაქვს.    

„თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის მოცემული ე.წ. შუქნიშანი, რომლის მიხედვითაც ითვლიან რომელ ზონაში რა შემთხვევაში გადავდივართ. ყველა ქვეყანას თავისი გამოთვლის სიტემა აქვს და მათ შორის საქართველოსაც. ჩვენ უკვე „მწვანეში“ კი არა, ხვალ უკვე „წითელ ზონაში“ ვიქნებით. სულ რომ რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდეს, უკვე „წითელ ზონაში“ ვართ. ორი კვირის განმავლობაში ზრდა გადასცდა დაწესებულ ზღვარს. ამიტომაც პრემიერის განცხადება გაუგებარია, როდესაც „მწვანე ზონაში“ ყოფნაზე საუბრობს.  

„ყველა ქვეყანას თავისი დათვლის სისტემა აქვს. ეს არის დამოკიდებული ქვეყნის სიდიდეზე, ჯანდაცვის სისტემის გამართულობაზე. ამ სისტემის შემუშავება იმიტომ მოხდა, რომ ვიცოდეთ რისთვის ვართ მზად და რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. თუ გვაქვს 100 ადგილი, პირობითად ვამბობ, და ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს, მაშინ გამოდის, რომ ადგილი აღარ გვაქვს“, - ამბობს ჩიხლაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, წითელ ზონაში გადასვლისას ქვეყანა მზად ორი მიმართულებით უნდა იყოს - რომ ინფექცია ვაკონტროლოთ, ეს არის დროული გამოვლენა, რაც ტესტირებასა და დიაგნოსტიკას ეხება; ხოლო მეორე ჯანდაცვის სისტემის მზად ყოფნაა - ჰოსპიტალების გამართული ინფრასტრუქტურა, დატრენინგებული ექმები და ექთნები. ექსპერტი ამბობს, რომ თუ ამა ყველაფერს ვაკონტროლებთ, მაშინ ვირუსის მართვა არ უნდა გაგვიჭირდეს და მნიშვნელობა არ აქვს რა რაოდენობის ზრდა გვექნება. 

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ორი კვირის განმავლობაში 1050 კაცი თუ იქნება დაინფიცირებული, მაშინ ეს „წითელ ზონაში“  გადასვლას ნიშნავს. სურგულაძე ამბობს, რომ ეს თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეემუშავებული სისტემაა, რომლის მიხედვითაც ზომავენ რომელ ზონაში გადავდივართ. 

„როგორც უნდა ისე  ჭრიან და კერავენ. პრემიერს თავისივე დაანგარიშებული და შემუშავებული დოკუმენტი რომ აჩვენონ, ალბათ  აჯობებს. უკვე „წითელ ზონაში“ გადავდივართ. ორ კვირაში 1050 შემთხვევა უკვე გვაქვს და გახარიას რანაირად ეუბნებიან, რომ ისევ „მწვანე ზონაში“ ვართ?! თავის პროგრამას შეხედონ რა უწერიათ. 

„რაც შეეხება იმაზე ნერვიულობას - არიქა „წითელ ზონაში“  გადავდივართ და რა გვეშველება - ასე არ უნდა მივუდგეთ. თუკი ვირუსის გაკონტროლებას შევძლებთ, საშიში არაფერია. უფრო ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ. კლინიკების მაქსიმალური მომზადება და მედ-პერსონალის მობილიზება უნდა მოხდეს. ახლა ყველამ კარად ვიცით, რომ ქვეყნის ისევ ჩაკეტვა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს. შიმშილით უფრო ბევრი ხალხი დაიღუპება, ვიდრე კორონათი. 

„ამიტომაც ეს გათვლები წინასწარ უნდა გაკეთებულიყო და ამისთვის  უნდა მოვმზადებულიყავით. მხოლოდ იმას გაიძახიან, რომ „გავაკეთებთ“, მაგრამ აგერ უკვე „წითელ ზონაში“ გადავალთ და როდისთვის უნდა გააკეთონ?! 88 გვერდიანი გეგმა აქვთ  დაწერილი, მაგრამ იქიდან ჯერ არცერთი პუნქტი არ გაუკეთებიათ. 

„გესმით ალბათ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე რომელიც პაციენტებს საავადმყოფოებში ხვდებათ. ასევე უამრავი დახარჯული თანხა ორკვირიან უაზრო კარანტინში. ამ ფულის მობილიზება უნდა მომხდარიყო და ე.წ  „წითელ ზონაში“  გადასვლისთვის უნდა მოვმზადებულიყავით“, - ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×