ელზა პაპოშვილი
03.09.2020

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ასეევე  პროკურორმა შაქარაშვილის ექსპერტიზის პასუხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიების ვერსია ექსპერტიზის დასკვინათც მყარდება. დაღუპულის ბიძა, რომელიც ოჯახის ინტერესებს გამოხატავს, ამბობს, რომ ამ დასკვნით ყველა კითხვას პასუხი გაეცა და პროკურატურის ვერსია კიდევ უფრო გამყარდა.

შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები სიკვდილამდე 10-დან 20 წუთამდე შუალედში აქვს მიყენებული. დასკვნაში წერია ისიც, რომ გვამის წყალში ყოფნის პერიოდი გარდაცვალებიდან 3-4 დღეა. 

ამის შესახებ ინფორმაცია 3 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა. 

„დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე და თავის არეში მიყენებული დაზიანებები, თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში, რბილ ქსოვილზე ტრავმული ზემოქმედების გამო, გამოხატული ტკივილით, თავზე არსებულ დაზიანებებთან ცალკეც და ერთობლიობაში აღებულიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილისწინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10-დან 20 წუთის ფარგლებში. ასევე გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს. ეს დასკვნა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად ადასტურებს საქმეში წარდგენილ ვერსიას, ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს,“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში. 

უწყების ცნობით კი  საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად მიაწოდა ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით.

„კერძოდ: 2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი - თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა - „გაჩუმდი“.

ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა.

შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის ბიძია  ოჯახის ადვოკატი  მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ დასკვნით  დარჩენილი 6 შეკითხვიდან ყველას პასუხი გაეცა, რაც  მისთვის მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, გამოძიების მასალებში ეს ინფორმაცია იყო, თუმცა ექსპერტიზას დაზუსტების შესაძლებლობა მიეცა. 

რაც შეეხება ექსპერტიზის მიერ გაცემულ პასუხს მე-4 შეკითხვაზე, გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ არა, როდესაც წყალში აღმოჩნდა, შესაძლებელია თუ არა, რომ რაიმე სივრცე და დამატებითი შეკითხვა გაჩნდეს ამ საკითხზე, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზამ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და ამაზე მეტი შეკითხვა არ შეიძლება დარჩეს. 

„როდესაც ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ბუნებრივია, დაცვის მხარე ცდილობს ყველა მეთოდით საზოგადოების აზრის ფორმირება მოახდინოს უდანაშაულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია ამის გამოყენებაც სცადოს ვინმემ, მაგრამ იურიდიულად და ფაქტობრივად ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ 14 მთავარი შეკითხვის პასუხი უპირობოდ გაგვაცნო და ამომწურავად უპასუხა ყველაფერს,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დამოუკიდებელმა ექსპერტი  ალექსანდრე გეჯაძე კი  პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ დამატებით გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნაზე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 14 შეკითხვიდან დარჩენილ 6 შეკითხვას, კონკრეტული და სრულყოფილი პასუხები გაეცა. ამიტომაც ამ მიმართულებით რაიმე სპეკულაციებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. 

„დღეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის წარმოების პროცესში, მონაწილეობა მოწვეულმა ექიმ-კლინიცისტებმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მიიღო. 14 შეკითხვიდან დარჩენილ 6 შეკითხვას, კონკრეტული და სრულყოფილი პასუხები გაეცა. დადასტურდა, რომ შაქარაშვილს თავზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, უნდა ყოფილიყო ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევის სახით. ასევე, ცალსახაა, რომ შერყევას თან ახლავს გონების დაკარგვის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება,“- განაცხადა დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (05.09.2020)
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული შაქარ. მართლა ალალი და საყვარელი იყავი.ნამდვილი ოჯახის შვილი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×