ელზა პაპოშვილი
31.08.2020

სცემეს თუ არა 77 წლის ქალს კლინიკა „სითი მედიქალში“ და რატომ ადანაშაულებს ოჯახი მედიკოსებს იმაში, რომ მათ ავადმყოფზე იძალადეს? - ამის  გარკვევას ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეეცდება. თავად პაციენტი კი, რომელმაც სამედიცინო პერსონალი მასზე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, იმავე საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურებით) დაიწყო. პაციენტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალს ხელსა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აქვს. ასევე გატეხილია მობილური ტელეფონი, რაც ექიმების მხრიდან ქალზე ძალადობის ეჭვს აჩენს.

პაციენტის  შვილი  დავით მანჯგალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დედის მონათხრობით, მას ორი ადამიანი აკავებდა და ერთი ურტყამდა. თუმცა, რა გახდა ქალზე ძალადობის მიზეზი, მისთვის გაუგებარია. შვილი ამბობს, რომ ქალს ხელზე სილურჯეები აქვს, რაც მის ეჭვებს უფრო ამყარებს. თუმცა საავადმყოფოს დირექციამ განუცხადა, რომ მას ვიდეო კადრებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ აჩვენებენ, ხოლო პოლიციამ ეს კადრები უკვე ამოიღო და იქ მსგავსი არაფერი ხდება. 

„არ ვიცით ჯერჯერობით მასზე ფიზიკური ძალადობის მიზეზი რა გახდა. ფაქტი ერთია - დედა ამტკიცებს, რომ  მას ორი ადამიანი აკავებდა და ერთი ურტყამდა. ჯერჯერობით, გვითხრეს, რომ  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მაგ კადრებს ვერ განახებთო. ასე რომ, არ ვიცი კადრებში რეალურად რა ჩანს. 

„ფაქტია ისიც, რომ დალურჯებული აქვს ხელები, მობილური ტელეფონი გატეხილია. თითქოს ხელზე სილურჯე კათეტერის გამო აქვსო - ეს არის აბსურდი. ღამე 12 საათამდე ჩემი და იქ იყო და კათეტერისგან დალურჯება ჰქონდა მკლავთან ახლოს, ზემოთ და არა მხრებამდე. დილამდე ასე გაულურჯდა ორივე ხელი?! ეს ხომ საეჭვოა“, - ამბობს „რეზონანსთან“ პაციენტის შვილი.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ნიკა მენთეშაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყოფს, რომ ქალზე რაიმე სახის ძალადობა შეიძლება მომხდარიყო. მისი თქმით,  გამოძიებამ ვიდეოჩანაწერები ამოიღო და მათი მიხედვით პაციენტზე ძალადობა არ დასტურდება.

„ეს ვითომ ნაცემი ქალბატონი  კლინიკაში იმყოფება და აგრძელებს მკურნალობას. რამდენიმე დღეში სახლში გავწერთ. პოლიციასთან ერთად ვნახე ვიდეოჩანაწერები. პოლიცია გაესაუბრა აქ მწოლიარე პაციენტებსაც, რომლებიც იმყოფებოდნენ რეანიმაციაში და არა მართვით სუნთქვაზე.

„კადრებში ჩანდა ის, რომ ადამიანები ეხმარებიან პაციენტს, რომ დაუდგან წვეთოვანი, მიხედონ. ჩვეულებრივი კლინიკური პროცედურებია, არანაირი ცემა და შეურაცხყოფა,“ -აცხადებს სამედიცინი დაწესებულის ხემლძღვანელი „რეზონანსთან“ საუბრისას.

კლინიკა „მედიქალ სითის“ ადამინისტრაცია ამბობს, რომ ქალს სილურჯეები ვენის კათეტერიზაციის გამო აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს მედპერსონალის წინააღმდეგ, ექიმების  განმარტებით ქალს მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ამიტომაც მის განცახდება რეალობას არ შეესაბამება. 

კლინიკა „სითი მედიქალში“ საგამოძებო მოქმედებები ორშაბათს გვიან ღამით დასრულდა. პაციენტი, 77 წლის ქალი, მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პაციენტის ოჯახის წევრები, მობილიზებული იყო ასევე  პოლიციაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×