რა მიზანს ისახავდა პატარა კახის დღემდე უცნობი ელჩობა ავსტრიაში კრწანისის ტრაგედიის შემდეგ
მამუკა ნაცვალაძე
30.08.2020

ერეკლე მეორის წერილის იტალიური თარგმანი, რომელიც ვენის არქივშია დაცული,  სენსაციურ საიდუმლოს ინახავს. ჩვენ მივაგენით უნიკალურ ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ 1795 წლის კრწანისის ტრაგედიის შემდეგ ერეკლე მეორე დაუკავშირდა ევროპას. 

სამეცნიერო სიახლეა ის, რომ სათანადო კვლევისა და ანალიზის შედეგად ადრე ერთ წერილად მიჩნეულ დოკუმენტში, კერძოდ, ერეკლე მეორის წერილის იტალიურ თარგმანში, სხვადასხვა  პლასტი შევნიშნეთ, რომელიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად დაცილებულია ქრონოლოგიური თვალსაზრისით. სწორედ ამ ცალკეული პლასტების შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კრწანისის ტრაგედიის შემდგომ ერეკლეს ელჩობა ვენაში ჩავიდა და იმპერატორს წერილი გადასცა. 

დოკუმენტი, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულის საქართველოს ისტორია უნდა გადაწეროს

ერთ წერილად მიჩნეულ იტალიურ თარგმანში, რომელიც 1782 წლით თარიღდება, პირველი ეჭვი გააჩინა ფრაგმენტმა, სადაც აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წლის თბილისის დანგრევაზეა საუბარი. ბუნებრივია, 1782 წელს ერეკლე ვერ დაწერდა 1795 წლის მოვლენების შესახებ.

შესაბამისად, აშკარაა, რომ ერეკლეს წერილის იტალიური თარგმანი, არის არა ერთი წერილი, არამედ სულ მცირე ორი  წერილის კომპილაცია. უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომ აღნიშნული იტალიური თარგმანის ადრესატია ზოგადად ავსტრიის იმპერატორი, არაა პერსონიპიცირებული რომელი იმპერატორისათვისაა განკუთვნილი წერილი, ამასთან თარგმანს არც კონკრეტული თარიღი აქვს.

ცხადია ისიც, რომ წერილი, რომლის ფრაგმენტიც 1795 წლის თბილისის ტრაგიკულ მოვლენებს ეხება და რომელიც ხელთ აქვს ვენის საიმპერატორო კარს, აშკარა დასტურია იმისა, რომ 1795 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ავსტრიასა და ქართლ კახეთის სამეფოს შორის დიპლომატიური კავშირი შედგა.

ეს მას შემდეგ ხდება, რაც ერთი მხრივ, 1795 წელს თბილისი ააოხრა აღა მაჰმად ხანმა, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთმა არაფერი მოიმოქმედა გეორგიევსკის ტრაქტატით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

როგორც ირკვევა, 1795 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქართლ-კახეთის მეფე ელჩობას აგზავნის ავსტრიაში, რომელსაც წერილი მიაქვს იმპერატორ ფრანც მეორესთან.  ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რატომ ავსტრიაში?

საქმე ისაა, რომ ავსტრიისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ კავკასიის თემა „ბერძნული პროექტიდან“ გამომდინარე, რომელიც რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა მეორესთან ერთად შეადგინა ავსტრიის იმპერატორმა იოზეფ მეორემ. უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ ეს უკანასკნელი ფრანც მეორის მსგავსად რომის საღვთო იმპერატორი გახლდათ, რომელსაც განსაკუთრებული ამბიციები აქვს ქრისტიანული გლობალიზაციის პროექტის თვალსაზრისით, რაც ქრისტიანული ქვეყნებისათვის უსაფრთხოების პრევენციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ბერძნული პროექტი ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე ევროპის გადანაწილების გეგმა იყო, რითაც ქართული სამეფო სათავროებიც იყვნენ დაინტერესებულნი. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად შეინიშნებოდა 1782-83 წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ  1795 წლისთვის ევროპაში არსებული ურთულესი პოლიტიკური სიტუაციაა, მიუხედავად იმისა საფრანგეთის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ არათუ ავსტრია, მთელი ევროპა საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა, ვენის საიმპერატორო კარს გლობალური პოლიტიკური ინტერესი არ განელებულა 13 წლის შემდეგაც, ერეკლეს წერილებიდან შედგენილი კომპილაციური დოკუმენტი დასტურია, რომ ვენის საიმპერატორო კარი არ კარგავს კავკასიისადმი ინტერესს. 

კონპილაციური დოკუმენტის შექმნა მიზნად ისახავდა  ავსტრიის იმპერატორისათვის, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა შეხება კავკასიის თემასთან (ის იმპერიას 1792 წლიდან მართავს), გაეიოლებინა ერეკლეს მიერ წამოჭრილი პრობლემების სიღემისეული აღქმა.

ერეკლე მეორის ევროპაში გაგზავნილი კორესპონდენციები დაცულია ვენის, ვატიკანისა და ვენეციის არქივებში. მიკვლეულია საქართველოს თემასთან დაკავშირებული 45 წერილი, რომლის უმრავლესობა იტალიური თარგმანითაა შემორჩენილი, ხოლო მათი ქართული დედანი დაკარგულია. აღნიშნული დოკუმენტები მოიძია და გამოაქვეყნა ილია ტაბაღუამ. ერეკლეს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციები მეცნიერმა ქართული და იტალიურ ენაზე დაბეჭდა.

ერეკლეს წერილის იტალიურ თარგმანის კომპილაციური პლასტები

ახლა უფრო დეტალურად არგუმენტები იმის შესახებ, რომ ჩვენს მიერ გაანალიზებული დოკუმენტი არის ერეკლე მეორის ერთი წერილი კი არა, არამედ სულ მცირე ორი წერილისაგან შედგენილი კომპილაცია.

ა) საკმაოდ მარტივია დავათარიღოთ ავსტრიის იმპერატორისადმი გაგზავნილი კორესპონდენცია 1782 წლით, თუმცა, გაურკვევლობას იწვევს ის, როგორ აღმოჩნდა წერილში  ფაქტი, რომელიც მისი დაწერიდან 13 წლით გვიანდელ მოვლენას ეხება.

არსებული ტექსტის შემდეგი კონკრეტული ფრაგმენტი (ციტატა): „ამ დღეებში აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენცია მთლიანად დაანგრიეს“, ცალსახად მიანიშნებს, რომ საუბარია 1795 წლის ტრაგედიაზე, რაზეც ერეკლე ამ წერილის შედგენის დროს, კერძოდ 1782 წელს, ვერაფერს დაწერდა.

ბ) კითხვას ტოვებს წერილის საყვედურის ტონით დაწყება და ავსტრიის იმპერატორის დამუნათება. არ მიგვაჩნია სადავოდ ის ფაქტი, რომ არც საყვედურითა და არც დამუნათებით არანაირი ურთიერთობა, არც ადამიანური და მით უფრო დიპლომატიური, არ იწყება. 

გ) ერეკლეს მიერ ავსტრიის იმპერატორის მოხსენიება „სულთნად“. წერილის ერთ ადგილას ერეკლე ავსტრიის იმპერატორს მიმართავს: „ჩემო მოწყალეო და შორსმჭვრეტელო სულთანო“. იტალიურ დედანშიც ანალოგიური ტექსტია - „Mio Clementissimo, osservandissimo Soldano“ 

დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ - გამორიცხულია ერეკლეს ავსტრიის იმპერატორისათვის სულთანი ეწოდებინა. ეს ცდომილება ვფიქრობ კომპილატორის მიერ დაშვებული უზუსტობაა, რომელიც იმ დანიშნულებას ვერაფერს აკლებს, რისთვისაც ეს კომპილაციური წერილი შეიქმნა.

გარდა ამისა, ამ წერილში არის ორი უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი, რომლის შესახებაც დანარჩენ 44 წერილში არაფერია ნათქვამი. კერძოდ:

1. ავსტრიის იმპერიასთან „ფიცით განმტკიცებული“ სამოკავშირეო შეთანხმების მომზადება. ეს აბსოლუტურად ახალი სეგმენტია XVIII ს-ის 80-90-იანი წლების საქართველოს ისტორიაში. გასარკვევია, როდის უნდა შეეთავაზებინა ერეკლეს ავსტრიის იმპერატორისათვის „ფიცით განმტკიცებული“ ურთიერთობა - 1782 თუ 1795 წელს.

2. წერილში დაცულია უმნიშვნელოვანესი ცნობები ერეკლეს მიერ 1781 წელს გაგზავნილი პირველი ელჩობის შესახებ. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს - მხოლოდ ამ წერილშია მითითებული, რომ 1781 წელს ევროპაში გაგზავნილი დომინიკე მარტო კი არ წასულა, არამედ თან ახლდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალა (ციტატა): „თბილისში მცხოვრები პატრი დომინიკო მრავალი მსახურისა და თარჯიმნის თანხლებით გასულ წელს გამოვგზავნე თქვენი ბრწყინვალების საიმპერიო უდიდებულესობის წინაშე...“ 

სად უნდა ვეძებოთ „მთლიანად დანგრეული აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენციის“ კვალი

როგორც აღვნიშნეთ, პირველი ეჭვი, რომ ერეკლეს წერილის იტალიური თარგმანი კომპილაციაა, გააჩინა შემდეგმა ფრაგმენტმა: „ამ დღეებში აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენცია მთლიანად დაანგრიეს და ჩვენზე წამოვიდა ყველა დიდი და ძლიერი, ველური მტერი. საჭირო საომარი იარაღი ნაკლებად გვაქვს.  ხელჩართული ბრძოლა კი ნაკლებად გვშველის.“ 

საგანგებოდ განვმარტავთ, რომ „აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენციის მთლიანად დანგრევის“ ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ თავისი მრავალმხრივი დატვირთვიდან გამომდინარე, აუცილებლად აისახებოდა ერეკლე მეფის ყველა წერილში. ამგვარი გამეორება დამახასიათებელია ერეკლეს  ევროპაში გაგზავნილი კორესპონდენციებისთვის - ერთი და იგივე პრობლემა შინაარსობლივად სხვადასხვა წერილებში მეორდება სხვადასხვა ფორმით.

არადა, გაკვირვებას იწვევს ის, რომ მხოლოდ ეს  წერილი არის ერეკლეს წერილებიდან ერთადერთი, სადაც ამ ფაქტზეა საუბარი. უმნიშვნელოვანესი საქმეა გავარკვიოთ კონკრეტულად რომელი ქალაქის მთლიანად დანგრევაზე საუბრობს ერეკლე. 

საკითხავია, ხომ არ გულისხმობს ერეკლე კონსტანტინოპოლს, რომელიც 1453 წლის 29 მაისს დაეცა? აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენციის მასშტაბური ნგრევა შინაარსობლივად ყველაზე ახლოს ამ მოვლენასთანაა, თუმცა, ის რომ ერეკლე ცალსახად უთითებს იმ ტრაგედიაზე, როგორც „ამ დღეებში მომხდარ“ ფაქტზე, კონსტანტინოპოლის ვერსია კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ.

ქართველთათვის კონსტანტინოპოლის მასშტაბებთან მიახლოვებული ტრაგედია, რომელზეც საუბარია ამ წერილში, უნდა ვეძიოთ XVIII  ს-ის 80-იან წლებში.

ის, რაც შეიძლება მივიჩნიოთ აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენციად, ამ რანგის ქალაქის დანგრევის ფაქტი XVIII  ს-ის 80-იან წლებში არ დასტურდება. ამ პერიოდში წყაროები იხსენიებენ მხოლოდ ერევნის მასშტაბურ დანგრევის ფაქტს, რომელიც როგორც სადამსჯელლო ღონისძიება, ერეკლეს ინიციატივით განხორციელდა. 

ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რამდენად შეიძლება სრულად დანგრეული ერევანი იყოს მოაზრებული როგორც აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენცია? ეს ვარიანტი კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ, რამდენადაც ჯერ ერთი, ერევანი „აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენცია“ არ ყოფილა, მეორეც, ამ ქალაქის ასეთი მასშტაბური დასჯა განხორციელდა თავად ერეკლეს მიერ, შესაბამისად ამ ქალაქის დანგრევას ქართლ-კახეთის მეფე ვერავის უსაყვედურებდა, გამორიცხულია ამ ფაქტზე ავსტრიის იმპერატორისათვის გაგზავნილ წერილში რაიმე ეთქვა, მითუმეტეს განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინა.

შესაძლოა დავუშვათ ის ვერსიაც, რომ ერეკლე ცდილობს მძაფრი ტრაგიკული სურათი შექმნას ევროპისათვის, რათა უფრო მეტი არგუმენტაცია და მოტივაცია გაუჩინოს მოკავშირეობის იდეის რეალიზაციისათვის. საგულისხმოა, რომ ასეთ ტაქტიკას ზოგჯერ მიმართავდნენ ხოლმე ქართველო მეფეები, განსაკუთრებით თეიმურაზ პირველი, თუმცა, ეს ვარიანტი და ასეთი მანიპულირება უნდა გამოვრიცხოთ ერეკლეს მხრიდან, რამდენადაც მისი აზროვნების სტილი და უცხო ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებები დაფუძვნებულია უაღრესად მოზომილ ურთიერთობებსა და რეალურ არგუმენტებს. 

გარდა ამისა, იმდენად დიდია საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა და შესაბამისად მისდამი ინტერესი, რომ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან ამის არ დანახვა და ერეკლესა და ქართული სამეფო სამთავროების კეთილგანწყობის არ გამოყენება, ცალსახად რეალურ წარმატებულ პროექტზე უარის თქმას ნიშნავს.

არის კიდევ ერთი ფაქტორი - ერეკლეს დროინდელ საქართველოში კათოლიკე მისიონერების ძალიან დიდი ნაკადია, ეს ის საინფორმაციო აგენტურაა, რომელიც რეალურ ცნობებს გადასცემს ევროპას. ასეთი გამართული საინფორმაციო ინფრასტრუქტურისას ბუნებრივია ერეკლე არ წავიდოდა მსგავს ავანტიურაზე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ეს არაფერში სჭირდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ ერეკლე „აღმოსავლეთის სამეფო რეზიდენციის“ მთლიანად დანგრევაში ერევნის ამბებს გულისხმობდეს ან არარსებულ მოვლენის გაბუქებაც ცდილობდეს.

ამ დასკვნით აბსოლუტურად თავდაყირა დგება ყველაფერი - ბუნებრივია 1782 წელს დაწერილ წერილში ერეკლე ვერ დაწერდა 13 წლის შემდგომ მოვლენებზე, ამიტომაც ცალსახად უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ამ იტალიურ ტექსტში ეს პლასტი გვიანდელი წერილის ფრაგმენტია და უნდა იგულისხმებოდეს 1795 წლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრება.

ეს სწორედ ის ტრაგედიაა, რომელმაც კიდევ ერთხელ უბიძგა ერეკლეს ევროპაში ეძია გზა ხსნისა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×