ელზა პაპოშვილი
30.08.2020

ტრაგიკული შემთხვევა მარჯანიშვილზე - კაფე-ბარ „გრინფოინთში“ 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა დენის დარტყმამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი კაფეს თანამშრომელი იყო. თუმცა ზუსტად რა და როგორ მოხდა - მათ ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან. 

მხოლოდ ის გაიგეს, რომ კაფეში ახალგაზრდები ყვიროდნენ - გვიშველეთო. ეგონათ ვინმე ცუდად გახდა. თუმცა ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი დაბლა იწვა და უგონო მდგომარეობაში იყო. 

ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ბიჭი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა. 

„საშინელი ამბავი მოხდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ცუდად გახდა. ასე იდგა და უცებ გადავარდა. სხვა არაფერი არ დაუნახავთ. ყველას ეგონა, რომ უბრალოდ ცუდად გახდა, მაგრამ მერე მივხვდნენ, რომ დენმა დაარტყა. 

„კაფეს თანამშრომელი იყო. რაღაცას აერთებდაო და ასე უცბად დაარტყა. იყო თუ არა რამე გაფუჭებული და გაუმართავი, არ ვიცით. სასწრაფო რომ მოვიდა, თქვეს, რომ უკვე გარდაცვლილიაო. გული მაშინვე გაუჩერდა. სულმ მაგ კაფეთი ვსარგებლობდი და ძალიან შემეცოდა. არ ვიცი რა ერქვა, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი იყო. ფაქტია რაღაც გაუმართაობის ბრალია“, - ამბობს „რეზონანსთან“ კაფეს ერთ-ერთი სტუმარი გიორგი გურჩიანი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია მივიდა. 

შესაბამისმა სამსახურმა ახალგაზრდა ბიჭი პროზექტურაში უკვე გადაასვენა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×