ელზა პაპოშვილი
30.08.2020

რატომ ვერ ხერხდება ბავშვებზე ძალადობის პრევენცია? საზოგადოება განგაშს მხოლოდ მას შემდეგ ტეხს, როდესაც ბავშვებზე ძალადობა ფატალურად სრულდება. ბავშვთა უფლებადამცველები „რეზონანსთან" ქვეყანაში ბავშვებზე ძალადობის შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გაუმართავი სოციალური სამსახურისა და რიგი პრობლემების გამო, ბავშვებზე ძალადობა სრულიად უკონტროლო ხდება. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც ბავშვებს ოჯახში და მის გარეთ ძალადობისგან დაიცავს და აარიდებს ისეთ ტრაგედიებს, რომელიც თერჯოლაში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

11 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტის შემდეგ, ბავშვთა უფლებადამცველები მთავრობას იმ პირობას ახსენებს, რომლის მიხედვითაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ეფექტური რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტისთვის ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ უნდა წარედგინათ.

მათი თქმით, ბავშვებზე ძალადობის პრევენციისთვის ყველა რგოლის კომპლექსური ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა, სტრატეგიის და სისტემის ჩამოყალიბებაზე მთავარ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ.

საზარელი შემთხვევა კი, რომელმაც ქვეყანა კიდევ ერთხელ შეძრა, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში მოხდა. 11 წლის ბიჭის თვითმკვლლეობამდე მიყვანის ბრალდებით მისივე მამაა დაკავებული. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მამას ბრალი დაუმძიმდეს და მას მკვლელობის მუხლი წაუყენონ.

„რეზონანსთან" გარდაცვლილი ბავშვის ნათესავები და მეზობლები ყვებიან, რომ ბავშვი შესაძლოა მამას ცემაში შემოაკვდა. მამას ის ორი დღის განმავლობაში სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და მასზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ბავშვის დეიდა ია ბოგვერაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მან ძალადობის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო და საპატრულო პოლიციაც მან გამოიძახა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დეიდა ამბობს, რომ სიძესთან ნათესავებს კონფლიქტი ჰქონდათ, ამიტომაც სახლში შესავლას თავად ვერ ახერხებდა.

მეზობლებიც ადასტურებენ, რომ მამას შვილი ორი დღის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სისტემატურად ძალადობდა. თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათაც ამ საზარელი ფაქტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც სახლში პატრული მივიდა და ბავშვი უკვე გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა მეზობლები იმას ადასტურებენ, რომ მამაკაცი სვამდა და ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მოზარდი მოკლული იყოს და შემდეგ ხეზე ჩამოკიდებული.

„თვითმკვლელობის სცენა ბავშვის მამამ დადგა" - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბებია, რომელსაც გამოძიების ვერსიის არ სჯერა. 49 წლის მამაკაცის აგრესიულ ქმედებებზე საუბრობენ მეზობლებიც.

ეს კი ამ წელს ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. პოლიციამ რამდენიმე დღის წინ იმერეთში დააკავა მამაკაცი, რომელსაც არასრუწლოვან შვილზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.

ასევე სამეგრელოში დააკავეს 31 წლის მამაკაცი, რომელსაც 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

ბათუმში არასრუწალოვანი გოგონას დაკბენაში მისავე დედას ადანაშაულებენ.

ქვემო ქართლში დააკავეს მამა, რომელიც მის არასრუწალოვან შვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სისტემატიურად აყენებდა.

თბილისში დააკავეს ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვის ცემაში და ძალადობაშია ბრალდებული. ასევე გამოძიება იკვლევს ხომ არ ძალადობდა 49 წლის ქალი ასევე ამ ბავშვის დასა და ძმაზე.

ეს არის ბავშვზე ძალადობის არასრული ჩამონათვალი და გასული თვეების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი მომხდარა.

ხოლო გასულ წელს ასევე შემზარავი ფაქტი მოხდა, როდესაც თბილისში, სანზონაში 4 წლის გოგონა დედამ ჯერ სცემა, შემდეგ კი მის დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედა. გოგონა რამდენიმე დღის შემდეგ მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ქალს ასევე სხვა შვილებზე ძალადობასაც ედავებიან. დაკავებულია მისი ქმარიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა არგანაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებების მხრივ საკანონმდებლო ბერკეტი სუსტია და რიგი სახლმწიფო რგოლებია, რომლებიც ამ მიმართულებით საერთოდ ვერ მუშაობენ.

ის განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ სამსახურის უმოქმედეობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით სრული რეფომაა საჭირო. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სანამ მშობელი ქვეყნიდან გასულია, სოციალური სამსახური მარტო იმას კი არ უნდა ამოწმებდეს ფიზიკურად კარგად არის თუ არა ბავშვი, ისიც უნდა გადაამოწმოს, მეორე მშობელი, ვინც დარჩა, ართმევს თუ არა თავს ბავშვზე ზრუნვას..

მისივე თქმით, რადგანაც საქართველოში სამართლებრივი ცნობიერება ძალიან დაბალია, ამიტომაც ხშირად ბავშვზე მშობლის მიერ ძალადობა იმით არის გამართლებული, რომ „ეს მისი შვილია და სხვის საქმეში ვერ ჩაერევიან".

„ასევე დიდი პრობლემა გვაქვს განათლების სისტემაში და სკოლაში. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში ასეა - თუ მშობელი ბავშვს არ მოიკითხავს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში, შეუმჩნეველი ვერაფრით ვერ დარჩება. თუ მასწავლებლები ამჩნევენ, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება, ხასიათი, ქცევა შეცვლილია, ისინი კითხვების დასმას იწყებენ. შესაბამისად, სოციალურ სამსახურს, თუნდაც მშობელმა არ განუცხადოს, სკოლისგან ინფორმაცია მაინც აქვს და ბავშვის გარშემო ამბის მოკითხვას იწყებს.

„ჩვენი სოციალური სამსახური კი ემიგრაციაში მყოფი მშობლების შესახებ ბაზებს არ ფლობენ. არც აღრიცხავენ და არც ვალდებულად თვლიან თავს, რომ ამ ბავშვებზე იზრუნონ, რაც არ არის სწორი. სწორედ ამიტომ მივმართავთ მედიას, დაგვეხმარონ, რომ სახელმწიფომ შეცვალოს მიდგომა", - ამბობს უფლებადამცველი „რეზონანსთან"

მისვე თქმით, საქართველოში ძალიან სუსტი სოციალური სამსახური გვაქვს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ თავად სოციალური მუშაკების უფლებები არ არის დაცული.

არგანაშვილი ამბობს, რომ არც პარლამენტი აკონტროლებს კანონის აღსრულებას და იმის ნაცვლად, რომ ობიექტურად აკონტროლებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მუდმივად ცდილობს პასუხისმგებლობის ტვირთი საზოგადოებას დააკისროს. ამის მაგალითად კი მას რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედია მოჰყავს, რომელსაც 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასება არ ხდება სწორად. ეს კიდევ ერთხელ ნათლად თერჯოლაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გვაჩვენა. ყველა ისევ სოციალურ მუშაკს მიადგება, რომელსაც ფიზიკურად აღარ შეუძლია მეტის გაკეთება და სამართლებრივად ეს არის პრობლემური. მხოლოდ მათზე ჯოხის გადატეხვა აბსურდია, რადგანაც სისტემურად გამართული კანონი არ გვაქვს და მხოლოდ სოციალური სამსახური ამ ყველაფერს ვერ აუვა", - ამბობს არგანაშვილი „რეზონანსთან".

ყოველწლიურად სოფელსა თუ ქალაქში უამრავი ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი. 2013 წელს „იუნისეფის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვებზე ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული.

ფსიქოლოგი ნანა ხარაზიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ძალადობის უპირველესი კერა ოჯახია: ბავშვის აღზრდის პროცესში ფიზიკური დასჯა მშობელთა 45%-ს დასაშვებად მიაჩნია; ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდი არაძალადობრივზე ბევრად ეფექტიანია. მისი განცხადებით, მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას ორიენტირებულია პროცესსზე და არა შედეგზე. ისინი ნაკლებად ითვალისწინებენ მოსალოდნელ რისკებს. სწორედ ბავშვობაში მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს ადამიანის ჩამოყალიბებას. ფსიქოლოგის თქმით, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლი თვითონ გახდება მოძალადე.

„ზოგადად ბავშვზე ძალადობის ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება რთულია. ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც პიროვნული, ისე კულტურული და სოციალური ფაქტორებით განპირობებული. ამ თვალსაზრისით 4 ძირითადი კატეგორია გამოიყოფა. მაგალითად: ძალადობრივი ქცევა თაობიდან თაობას გადაეცემა; სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი; სოციალური იზოლაცია; ოჯახის სტრუქტურა.

„ძალადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი მიზეზების არსებობის შემთხვევაში: დაბალი სოციალური კულტურა და განათლება; მშობელთა მენტალური პრობლემები; ალკოჰოლიზმი და ნარკომანია; ხშირი სოციალური პრობლემები; ოჯახური კონფლიქტები; არასრული ოჯახი და სხვა.

„ხოლო ძალადობის შედეგები უკვალოდ არ ქრება და ვიღებთ ხშირ სიკვდილიანობას, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, დაბალ თვითშეფასებას, გონებრივ ჩამორჩენილობას, სუიციდის მცდელობას. ბავშვებს ხშირად უვითარდებათ სასკოლო უნარების (მეხსიერება და ყურადღება) დაქვეითება. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ ადაპტაცია, ექმნებათ ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები", - ამბობს ფსიქოლოგი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×