მარიამ ნებულიშვილი
29.08.2020

„შეიძლება ითქვას, რომ რიგ ქვეყნებში ამ სტატისტიკით მართლაც იწყება კორონავირუსის მეორე ტალღა", - ასე ეხმიანება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან საუბრისას ბოლო პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ტენდენციებს, რის გამოც რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები სრულიად ჩაკეტა.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოელებს უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში შესვლა ეკრძალებათ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას უკავშირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიღეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევთ. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადიან სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნიათ ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.

ავაკოვის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება ძალაში შევა 29 აგვისტოდან და იმოქმედებს 28 სექტემბრის ჩათვლით.

უკრაინის მსგავსად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.

„1-ლი სექტემბრიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა აღარ ექნებათ," - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელი გულიასმა.

მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია.

„უნგრეთი მწვანე ქვეყანაა, ყველა დანარჩენი ქვეყანა კი წითლდება,"- აღნიშნა გერგელი გულიასმა.

„ევრონიუსისვე" ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული საყოველთაო კარანტინის ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს.

„თეორიულად გამორიცხული არაფერია. ეს რომ სრულიად გამოვრიცხო, ნიშნავს, რომ ბევრი ვერაფერი გამიგია იქიდან, რაც 8 თვის განმავლობაში გამოვიარეთ", - განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად ხელისუფლებას ურჩევნია არა საყოველთაო, არამედ რეგიონალური შეზღუდვები დააწესოს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას საყოველთაო კარანტინი თავიდან ააცილოს.

გარდა ამისა, პარიზში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, მომავალი კვირის სამშაბათიდან კი მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვალდებულები იქნებიან სამსახურებში პირბადეებით იარონ. გარდა ამისა, ქვეყანაში სამშაბათიდან 13 მილიონზე მეტი მოსწავლე სკოლებს დაუბრუნდება.

როგორც ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ამბობს, შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მართლაც დაიწყო მეორე ტალღა. მისი თქმით, საზღვრების გახსნამ და შედარებით ლიოალურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია შემთხვევების მატება.

„პირველი და მეორე ტალღა არის ძალიან ინდივიდუალური, შეიძლება ითქვას, რომ რიგ ქვეყნებში ამ სტატისტიკით მართლაც იწყება მეორე ტალღა. ვინაიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო არც წამალი არსებობს და არც ვაქცინა.

„საწუხაროდ, რასაც ველოდით არ მოხდა - რომ ზაფხულში და სიცხეში ნიველირდებოდა ვიურუსი და ეს შეცვლიდა ეპიდისტუაციას. რაღაც პერიოდის განმავლობვაში მეტ-ნაკლებად შესუსტდა ვირუსი, იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, ისევ გახსნეს ქვეყნებმა საზღვრები, შედარებით უფრო ლოილაური გახდა ეპიდკანონი, ამან კი გამოიწვია ახლა შემთხვევების მატება.

„ახლა შემთხვევების ოდენობა უბრალოდ თამაშობს, ადის-ჩადის. მეორე ტალღა რომ დაიწყოს, ჯერ გარკვეულწილად უნდა დამთავრდეს ვირუსის გამოვლინება, საერთოდ აღარ იყოს შემთხვევები და უცბად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ დაიწყოს. როდესაც ყველგან ვირუსია და გარკვეული შემთხვევების გამოვლინება ხდება ყოველდღიურად, მეორე კი არა პირველი ტალღაც არაა ჯერ დასრულებული", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით თითქმის 25 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 842 170 გარდაიცვალა, ხოლო 17 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×