ელზა პაპოშვილი
19.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებბეი ჩნდება. ასევე, კვლავ განახლდა ე.წ. ოქროს მოწმების დაკითხვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში. გამოძიებამ 31 ივლისამდე მტკიცებულებები უნდა გაამყაროს, რათ 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულებს  ბრალი დაუმძიმოს. 

გამომძიებლებმა არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ქვები იპოვეს, რომელსაც სისხლის კვალი აქვს. ეს მტკიცებულებები სამართალდამცველებმა მორიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს, რომელიც ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა.

ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გაიყვანეს. პოლიციას ის ადგილი აინტერესებდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, სადაც ახვლედიანი დაიმალა და  გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, ქვაზე შესაძლოა იყოს სისხლი და ეს სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ვახო ახვლედიანს ეს ქვა თავდაცვის მიზნით ეჭირა. ადვოკატი  კახა წერეთელი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივა. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ხელახლა გაიყვანეს შემთხვევის ადგილას საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. სწორედ ამ დროს ამოღებულია ქვა. ვახომ გამომძიებლებს  იმ ქვაზე მიუთითა, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ეჭირა. არა მგონია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ უნდა მივიდეს გამოკითხვაზე და თუ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა იყოს იქ მაგისტრი მოსამართლე,"- განაცხადა კახა წერეთელმა.

საქმეში არის კიდევ ერთი ფიგურანტი, არასრულწლოვანი ნ.ხ, რომლის ადვოკატმა ანა ჟღენტმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არასრულწლოვანმა პირველი ინციდენტის შემდეგ ვახო ჩიქოვანთან ერთად დატოვა აგარაკის ტერიტორია.

"მას წინ დახვდნენ პირები, როდესაც კიბეზე ის იწყებს მოწევას, უკნიდან მოდიან კიდევ სხვა პირები და უკნიდან ურტყამენ. ამ პერიოდში მოვიდა ჩიქოვანიც და ისიც გახდა კამათის მონაწილე. ამ ყველაფრის შემდეგ წამოვიდნენ თბილისში, თუმცა ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდათ და წავიდნენ თავიანთ მეგობართან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და არაფერი იცოდა,"- განაცხადა ანა ჟღენტმა.

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე კი  ხელახალი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააჟღერა. ადვოკატი „რეზონანსთან“  ამბობს, რომ  მათ კითხვები თავადაც აქვთ და ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას იმის დასადგენად მოითხოვენ, რომ გაირკვეს - დაინახავდა თუ არა იაკობ ბრეგვაძე მაგისტრალზე განვითარებულ მოვლენებს.

„ჩვენ სურვილია, რომ ჩატარდეს ხელახალი საგამოძიებო ექსპერიმენტი, რითაც სიმართლეს ნათელი უნდა მოეფინოს. ის მიუთითებს კონკრეტულ სამალავს, სადაც იმყოფებოდა.  დადგინდება რეალურად იმ სიბნელეში და წვიმიან დღეს, შეეძლო თუ არა მას ხიდზე განვითარებული მოვლენების დანახვა. იგივე დროს და იგივე ამინდში უნდა მოხდეს ეს ექსპერიენტი“,-აცხადებს ჭკადუა. 

მისივე განცხადებით,  ბრეგვაძე სხვა ადვოკატების და გამოძიების კითხვებს მაგისტრი მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  კი დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ აშშ-ს დახმარებისთვის მიმართეს, რათა საქმეში მონაწილე პირების სოციალური ქსელების მიმოწერა და სტატუსები აღადგინოს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალებში არსებული კიდევ ერთი მიმოწერაა. ერთმანეთს მოწმე, დიჯეი კოკო, იგივე კონსტანტინე ღიბრაძე და მისი მეგობარი გოგო ესაუბრებიან. მიმოწერიდან ჩანს, რომ 18 ივნისის ნარეკვავზე ე.წ. ნახალოვკელები სპეციალურად ავიდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გასწრებოდნენ. 

მიმოწერისას გოგო ამბობს, რომ იციან ვინ გაეკიდა გიორგი შაქარაშვილს და ისიც, თუ ვინ "გამოიძახა ნახალოვკელები". კონსტანტინე ღიბრაძე მიმოწერაზე პასუხობს, რომ არ იცის რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდათ მასთან ან გიორგი შაქარაშვილთან. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×