ელზა პაპოშვილი
17.07.2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვა განახლდა. დღეს, 17 ივლისს უწყებაში პირველი ერთ-ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე მან თქვა, რომ ის გამოძიებას გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის და მისი სოციალური ქსელის გაშიფვრა მოხდება. ლუკა ბეჟნიშვილი ის პირია, ვინც ვახო ახვლედიანთან პირველმა დარეკა მცხეთაში მანქანების გასაგზავნად.

"ძალიან ბევრთან მქონდა იმ საღამოს კონტაქტი, მაგ თემაზე ფეისბუქზე არ მილაპარაკია. ვიცოდით, რომ 6 კაცი იყო და ამიტომ წავიდა [წამოსაყვანად] 3 ავტომობილი", — თქვა ლუკა ბეჟანიშვილმა.

ბეჟანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალის წარდგენას არ ელოდებიან, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაშველებაში მონაწილეობდა და პირველი ეპიზოდის შემდეგ ტერიტორია დატოვა. 

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატები ხელახლა 5 ადამიანის გამოკითხვას ითხოვენ, მათ შორის არის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და ვახო ახვლედიანი. ადვოკატების თქმით, გარკევულ შეკითხვებს პასუხი ამ დრომდე არ აქვს გაცემული და ჩვენებებში უზუსტობებია. მათი თქმით, თუკი ეს პირები გამოკითხვაზე უარს იტყვიან ისინი სასამართლოსთან იშუამდგომლებენ, რომ მაგისტრი მოსმართლის წინაშე დაიკითხონ.

"მათ მიერ მიწეოდებული ინფორმაცია გამოკითხვისას არ არის ამომწურავი და უფრო მეტ შეკითხვას აჩენს ვიდრე პასუხებს ამ შეკითხვებზე... მათ გამოკითხვებში არის ძალიან ბევრი ბუნდოვანება და ძალიან ბევრი კითხვა არაა დასმული, მათ შორის შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რატომ არავინ მოძებნა, კიდევ ბევრი სხვა წინააღმდეგობაა მათ ჩვენებებში რაზეც ჩვენ გვინდა მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია " - თქვა ბექნა ნემსიწვერიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის  კი ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძემ  შსს დატოვა. მისი გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა ბრეგვაძეს ჟურნალისტებთან არც ამჯერად გაუკეთებია კომენტარი. 

როგორც მისმა უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, სამართალდამცველებმა ბრეგვაძის სოციალური ქსელი დაათავლიერეს და სხვა კითხვები არ ჰქონიათ. მისივე თქმით, დაცვის მხარე112-ის დეტალურ ამონაწერს თავად გაასაჯაროებს და ყველა კითხვას უპასუხებს, თუმცა როდის, ამაზე ჭკადუარს არაფერი უთქვამს:

"ის რაც ხდება იაკობის ირგვლივ, მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება, მისი სუსი-ის აგენტად მოხსენიება, მისი ბულინგი, თქვენ რო ნახოთ მას რა სიტყვებით რა მესიჯებს წერენ. არ შეიძლება ხელაღებით ადამიანებს დავაბრალოთ აგენტობა, მკვლელობა. ეს ბავშვები არიან 19 წლის და არავინ არ ფიქრობს მათ უფლებებზე" ,-ამბობს ჭკადუა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ფოტოგრაფის დაცვის მხარე სახალხო დამცველს მიმართავს და იაკობ ბრეგვაძის საქმეში ჩართვას სთხოვს.  

ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით ამოღებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

"ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ჩვენ ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ, როდესაც იმალებოდა, ჩავალთ ზუსტად დროის იმ პერიოდში, როდესაც იაკობს იქ ყოფნა მოუწია, გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე იაკობი ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გააკეთოთ რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ," - აცხადებს იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა.  

ექსპერტიზამ  კი უნდა დაადგინოს, გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები განვითარებულია თუ არა ხიდიდან ვარდნის შემდეგ. შსს-მ სამხარაულის ექსპერტიზას კითხვარი სწორედ ამასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

 ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

 სახის და თავის არეში, ასევე ტანზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებულ სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.

დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი გეჯაძის ინფორმაციით, შსს ტრავმის განვითარების მექანიზმის რამდენიმე ვერსიით ინტერესდება.“რეზონანსთან“ გეჯაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წერილით მიმართათ, რადგან სურვილი აქვთ, მათმა ცენტრის ექსპერტთა კომისიამაც მიიღოს მონაწილეობა დანიშნულ სამედიცინო ექსპერტიზაში შაქარაშვილთან დაკავშირებით.  

„კერძოდ, ტრავმის განვითარების შესაძლო მექანიზმზე მსჯელობისთვის. დასმულია არაერთი შეკითხვა გამოძიების მიერ 14 ივლისის მდგომარეობით გამოტანილ დადგენილებაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახელზე და გასარკვევია, ესა თუ ის დაზიანება, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო, იგულისხმება ასფალტირებულ ზედაპირზე დაცემით, ხახუნით, გადაგორებით იმ ფერდობზე, რომლის ძირშიც ნახეს ე.წ. ჩანთა. სიკვდილის ხანდაზნულობაზეა დასმული ასევე შეკითხვები“, – განაცხადა გეჯაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზაში ნევროლოგებიც ჩაერთვებიან.ექსპერტი ამბობს, რომ სიკვდილის ხანდაზმულობის ზუსტი დადგენა გაჭირდება, ვინაიდან გარდაცვლილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ წყალში.

„ბუნებრივია, ამ ექსპერტიზის შემადგენელ ნაწილს გულისხმობს, ერთიანად გავივლით და დავდებთ დასკვნას. სიკვდილის ხანდაზმულობის ზუსტი დადგენა ბუნებრივია გაჭირდება. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩავატაროთ, ძალზედ არ უნდა გაჭიანურდეს“, – განაცხადა გეჯაძემ.  

„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნულ კომპლექსურ ექსპერტიზაზეა დამოკიდებული დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმებისა და საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების საკითხი“, – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძე ამბობს. „რეზონანსთან“ ნიკოლაძე აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, როდის იქნება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მან უნდა უპასუხოს შეკითხვას – როგორ აღმოჩნდა 12 დაზიანების მიყენების შემდეგ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში.

„ისევ ის ვერსია გვაქვს, რომ ბავშვს გაუსწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ კი ნაცემი ბავშვი ჩააგდეს წყალში, დაახრჩეს და გაატანეს წყლის დინებას. არსებული ბოლო ექსპერტიზის დასკვნით და უკვე არსებული მტკიცებულებებით, რომელსაც კიდევ დაემატება მასალები, კიდევ გამყარდება განზრახ მკვლელობის ვერსია, რომელიც იქნება გამართული და “ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე პირი დაისჯება განზრახ მკვლელობისთვის. ეს არის ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა. ბრალის წარდგენის ვადა დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხის მოსვლაზე. საგამოძიებო ვადა გადაიწევს თუ არა, ან როდის მოხდება ბრალის წარდგება, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×