ელზა პაპოშვილი
16.07.2020

რა ბედია ეწევა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს. საოკუპაციო რეჟიმი და მათი მფარველები კრემლში ცდილობენ, ზაზა გახელაძეს ბრალი დაუმძიმონ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე დაჭრილი და ცხინვალში გატაცებული მოქალაქე ციხეში დიდი ხნით დატოვონ. 

გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი „რეზონანსთან“ ადასტურებენ, რომ მას სანადირო თოფი ჰქონდა, თუმცა არ გაუსროლია. მითუმეტეს იარაღში მხოლოდ 5 ტყვია ჩადის, ოკუპანტების მტკიცებით კი მან რუსი ჯარისკაცების მისამართით  10-ჯერ  გაისროლა. ზაზა გახელაძესთან ერთად მყოფი მეზობელი ყვება, რომ მან მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგონა და ზაზას იარაღის ჩახმახზე გამოკვრის საშულებაც კი არ მისცეს. 

ზაზა გახელაძე 11 ივლის სოკოს საკრეფად მეზობელთან ერთად  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს რუსი ოკუპანტები დაესხნენ.  მასთან ერთად მყოფი ფარესაშვილი შედარებით მოშორებით იდგა, ამიტომაც თავის დაღეწევა და გაქცევა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან მოახერხა. 

მეზობელი გახელაძის ოჯახთან ყვება, რომ მან მხოლოდ  ერთი გასროლის ხმა  გაიგო, რაც ადასტურებს, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ოკუპანტებმა გახსნეს და გახელაძე ფეხის არეში დაჭრეს. 

ზაზა გახელაძის ოჯახი ირწმუნება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დეზინფარმაციული შინაარსისაა და ემსახურება მხოლოდ ერთს, დაუმძიმდეს ბრალი საქართველოს დაჭრილ მოქალაქეს, რომელსაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნასაც ედავებიან. 

დაკავებულის მამა მიხეილ გახელაძე „რეზონანსთან“ კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი შვილი რუს ოკუპანტებს სროლას დაუწყებდა. მისი თქმით, ზაზას რომ ეს ექნა, დღეს ის ცოცხალი აღარ იქნებოდა და იქვე მოკლავდნენ. მამა ამბობს, რომ ახლა ოკუპანტები საკუთარი ქცევის გამართლებას ცდილობენ და უნდათ, რომ მას ბარლი დაუმძიმონ. გახელაძის განცხადებით, მის შვილს სანადირო თოფი ჰქონდა, თუმცა რუსებმა ჩახმახზე გამოვკრის საშულებაც არ მისცეს და ესევე ესროლეს. 

„ჩემს შვილში დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არ დაუწყებდა სროლას. კარგად იცოდა, რომ მისი მხრიდან ერთ გავარდნილ ტყვიასაც რამხელა საშიშროება მოჰყვებოდა. მასთან ერთად მყოფი ჩვენი მეზობლის ბიჭიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ერთი გასროლა მოხდა, ისიც რუსების მხრიდან და ზაზა ფეხში დაჭრეს. იარაღი საერთოდ არ გამოუყენებია. თანაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო. ფაქტობრივად თავს დაესხნენ და გაიტაცეს. იქ არც მავთულხლართებია და არც რაიმე ბანერი, რომ მიხვდე სად ხარ და რა საფრთხის წინაშე იმყოფები. ზაზა ტერიტორიასაც კარგად ცნობდა და ზუსტად იცოდა, სად უნდა გადასულიყო და სად არა. ამიტომაც მისი მხრიდან ე.წ. საზღვრის დარღვევაც აბსურდია“,  - ამბობს დაკავებულის მამა მიხეილ გახელაძე.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს არ ჰქონდა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთილი. ამის შესახებ ოჯახს ქართველმა სამართალდამცველებმა დაუდასტურეს. დაჭრილი მამაკაცი ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. ოჯახს  ამ დრომდე არ აქვს ახალი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები უნდა მოეწოდებინათ, თუმცა არსებული ეპიდვითარების გამო მათი გახელაძესთან ვიზიტი გადაიდო.

ოკუპანტი სახელმწიფოს ვერსიით, დაკავებული შეიარაღებული იყო და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარი 300 მეტრით გადაკვეთა, სადაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. მან 10-ჯერ გაისროლა და საპასუხო ცეცხლის გახსნისას დაიჭრა.

ოჯახი აღნიშნულ ვერსიას უარყოფს. მათი თქმით, სოკოს საკრეფად წასულ გახელაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თან სანადირო თოფი ჰქონდა, საიდანაც 10-ჯერ ვერ გაისროდა, რადგანაც მხოლოდ ხუთი ტყვია ჩადის. 

დაჭრილი და გატაცებული მამაკაცი მკურნალობას სავარაუდოდ ცხინვალის საავადმყოფოში გადის.  ოჯახი მხოლოდ მის სახლში დროულად დაბრუნებას ითხოვს.

პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ განცხადებებით რუსეთი საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფს. მისი თქმით, ამ თემაზე საუბარი ექნება პრაღის შეხვედრაზეც:

„ის რაც ხდება ადგილზე, არის არა მარტო საერთაშორისო ნორმების, არამედ ელემენტარული, ადამიანური ნორმების დარღვევა. 2008 წლის ომის ყველაზე მძიმე შედეგი აღმოჩნდა მისი სამართლებრივი შედეგები. გვაქვს კომუნიკაცია, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, შევხვდებით პრაღაში და განვიხილავთ ყველა საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, ასეთ საკითხებს ყოველთვის განვიხილავთ," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×