ნატალია ჯვარიძე
18.01.2025

ორშაბათს, 20 იანვარს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. ანალიტიკოსთან მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, მისი პრეზიდენტობა, სავარაუდოდ, მასშტაბური გლობალური ცვლილებების დასაწყისი გახდება. როგორ აისახება ეს საქართველოზე და რამდენად რეალისტურია „ქართული ოცნების" მოლოდინი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში შესაძლებელი გახდება აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა?

ანალიტიკოსთა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

„ჩვენ, საქართველო კონსერვატიული ორიენტაციის ქვეყნებში ვჯდებით... არის მოლოდინი, რომ ტრამპის ხაზის გაძლიერების შემდეგ, შეიძლება საქართველოს, როგორც კონსერვატიული ორიენტაციის მქონე ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად დაიცვას ტრამპმა", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ტრამპს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ უფრო გააკმაცროს ზომები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო:

„ჩემი აზრით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები არ დათბმება, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია „ოცნების" მიმართ უფრო მეტად კრიტიკულად იქნება განწყობილი და ამის მიზეზი ტრამპს ნამდვილად აქვს."

წინასწარ ცნობილია, ორშაბათს ტრამპის ინაუგურაციას საქართველოდან დაესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია. ტრამპის ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან პარტია „ფედერალისტების" ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.

გარდა ამისა, ვაშინგტონში იმყოფება და ორშაბათს ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, როგორც წესი, უცხოელი ლიდერები არ ესწრებიან, სწორედ ამიტომ, ორშაბათს საქართველოდან ვაშინგტონში ოფიციალური დელეგაციის გამგზავრება არ იგეგმება.

„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი, ეს არის ოფიციალური მონაცემი, რაც არის გამოქვეყნებული და ინაუგურაციას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებიან. მას ესწრებიან ამომრჩევლები და კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული, როგორც არსებითად ეროვნული დღესასწაული და ღონისძიება. თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მოწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, ეს არის მათი არჩევანი", - განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე ოფიციალურად მიიწვიეს უცხოელი ლიდერები. მათ შორის ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი, არგენტინის პრეზიდენტი დონალდ მილეი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა.

ზურაბიშვილის შეხვედრები და „ოცნების" შეფასება

პარასკევს სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.

წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), რომლის ინფორმაციითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო.

„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ", - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.

გარდა ამისა, როგორც ჯო უილსონი წერს, მან სალომე ზურაბიშვილი ასევე გააცნო აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მომავალ თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს.

თავად სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს და ევრაზიის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" საქართველოს, მისი საზოგადოებრივი ძალებისა და პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ისინი მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების ჩასატარებლად იმ პირობების შექმნაში, რაც გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანი იქნება. მათი მხრიდან არის დახმარების მზაობა. ჩვენ მათ უნდა წარვუდგინოთ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მისაღები იქნება. ამაზე სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. ეს მოკლევადიანი გეგმაა, რომ ერთად მოვამზადოთ არჩევნები.

„მხარდაჭერა არსებობს - ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიში არჩევნებზე, რომელიც გაყალბების საკითხზე ძალიან მკაფიო იყო. მათ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები აქვთ, რითიც ასევე შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა.

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციას კერძო პირის სტატუსით ესწრება და მას, სავარაუდოდ, ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ფასიანი ბილეთი აქვს შეძენილი.

„ის, ვინც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა, არის სი ძინპინი და ევროპიდან, იტალიისა და უნგრეთის პრემიერები. ჩვენ არ ვიცით, ისინი ჩავლენ თუ არ ჩავლენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სახელმწიფოს პირველი პირები არ ჩადიან.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის კლოუნადას აგრძელებს. სხვათა შორის ტრამპის ინაუგურაციაზე (2017 წლის იანვარში) მიხეილ სააკაშვილიც იყო - ბუჩქებთან იდგა და ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა. ალბათ, ზურაბიშვილიც სადღაც რაღაც თანხას გადაიხდიდა. ვიცით, რომ გადასახდელია თანხა, თუ გინდა, რომ იქ ბუჩქებთან, მის მიღმა ან ბუჩქთან ახლოს დადგე, ფასები ამის მიხედვით მერყეობს. სად უყიდეს ზურაბიშვილს ეს ბილეთი, ამას ვნახავთ, ან არც ვნახავთ, არც არის საინტერესო.

„აქ საინტერესო და მთავარი არის ის, რომელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სურს ზურაბიშვილს დასწრება - იმ ამერიკის პრეზიდენტის ხომ არა, რომელიც მის პოლიტიკას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება? ზურაბიშვილს ლგბტ დროშა უჭირავს და ტრამპი ამბობს, რომ ლგბტ უნდა დავასრულოო. ზურაბიშვილი ამბობს, კარგია, რომ ომი არის უკრაინაში და ტრამპი ამბობს, ომი უნდა დავასრულოო. ზურაბიშვილი ამბობს, ჩვენ უნდა დავემონოთ, პარტნიორული ურთიერთობა არ გვინდა, ვასალური გვინდაო, ხოლო ტრამპი ამბობს, რომ პარტნიორული ურთიერთობებია საჭირო.

„ეს როგორ არის?! სწრაფად უღალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს! ჩაიჭერით, ქალბატონო სალომე, აქაც არასწორ ადგილზე აღმოჩნდით. მართალია, ბუჩქთან იქნება, მაგრამ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს და არც ადრე წარმოადგენდა რამეს. ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სიმბოლოა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ტრამპი და საქართველო

რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, ამერიკა და საქართველო, ორივე კონსერვატიული ორიენტაციის ქვეყნებია და შესაძლოა ტრამპმა ბაიდენის ადმინსიტრაციის მიერ მიღებული ზომები შეარბილოს.

„ბუნებრივია, ნებისმიერი დაზიანებული ურთიერთობების მერე ადამიანი ელოდება, რომ რაღაც მის ცხოვრებაშიც შეიცვლება და ხელისუფლების მოლოდინიც ჩვეულებრივი მოვლენაა. არის თუ არა ამის უკან რაღაც ლოგიკური? ვფიქრობ არის, ვინაიდან, თუ დავაკვირდებით, ტრამპმა მიიწვია კონსერვატორიული ორიენტაციის პოლიტიკოსები და ძირითადად მათ მიმართ ავლენს ყურადღებას.

„სხვანაირად რომ ვთქვათ, ტრამპს კონსერვატიზმის გაძლიერებისკენ აქვს კურსი აღებული. ეს ბუნებრივია, რადგან არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ის კონსერვატიული პოლიტიკის განსახიერებაა.

„ჩვენ, საქართველო კონსერვატიული ორიენტაციის ქვეყნებში ვჯდებით. ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროპაში კონსერვატიზმის პოლიტიკას განასახიერებს, მეორე დღესვე მოგვილოცა არჩევნების შედეგები. მან ამით მსოფლიოს მხადაჭერა და პოზიცია დაანახა. ეს იმ არჩევნების შედეგებია, რომელზედაც ევროპის დანარჩენი ქვეყნები ხმას არ იღებენ და ასევე კარგს არაფერს ამბობდა ბაიდენის ადმინისტრაცია.

„ეს იმიტომ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და ზოგადად, ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკის ჯგუფებს მთელ მსოფლიოში, საქართველოს მიმართ ჰქონდათ გეგმა, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოეცხადებინათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფორმულა ამოქმედდა ბევრგან, მათ შორის საქართველოშიც. ეს იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ აწყობთ.

„ეს ლიბერალებისთვის უცხო არაა. იგივე გააკეთეს რუმინეთში. არ აწყობდათ ის პრეზიდენტი, რომელიც რუმინელებმა აირჩიეს, რადგან კონსერვატორი იყო. სასამართლო სისტემას მოსთხოვეს შედეგების გაუქმება და ასეც მოხდა. რუმინეთი წელში გადატეხეს, თუმცა პროცესი ბოლომდე დასრულებული არაა. ანალოგიური ტიპის ტენდენციები საქართველოს მიმართაც მიდიოდა. გახსოვთ, მათ სურდათ მოსამართლეებზე კონსტროლის აღება, მაგრამ არ გამოუვიდათ.

„საბოლოოდ, თუ კონსერვატიზმმა გაიმარჯვა, სავარაუდოა, რომ საქართველოს მეტ ყურადღებას მიაქცევენ, რადგან ჩვენ ვიცით, ჯეფრი საქსის ინტერვიუ იყო, სადაც მან რუმინეთის მაგალითი მოიყვანა, საქართველოც ახსენა და თქვა, რომ აქ ლიბერალები ხელისუფლების შეცვლას ცდილობენო. ცნობილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან მას ზუსტად ეს ჰქონდა ნათქვამი, რომელიც ილონ მასკმა თავის „ტვიტერის" გვერდზე დადო, მასკი კი ტრამპის გვერდით მყოფი ფიგურაა.

„აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, ტრამპის გარემოცვაში ტრიალებს მოსაზრება, რომ საქართველო ლიბერალებთან მებრძოლი ქვეყანაა. ამიტომ არის მოლოდინი, რომ ტრამპის ხაზის გაძლიერების შემდეგ, შეიძლება საქართველოს, როგორც კონსერვატიული ორიენტაციის მქონე ქვეყნის ინტერესები უფრო მეტად დაიცვას ტრამპმა. მითუმეტეს, რომ აპირებს შეცვალოს ბოლო ხანებში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა ბრძანება, სადაც სწორედ ჩვენს სანქციებს ასეთი ენერგიით აცხობდნენ. თუმცა, ეს მოლოდინებია და ვნახოთ რეალობა როგორი იქნება. შეიძლება რაღაც სხვა ფაქტორებიც ამოქმედდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მკაცრი იქნება „ოცნების" მიმართ.

„ჩემი აზრით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები არ დათბება, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია „ოცნების" მიმართ უფრო მეტად კრიტიკულად იქნება განწყობილი. ამის დადასტურება არის ის, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, მათ შორის „რესპუბლიკელების" პარტიიდან, მხარი დაუჭირეს „მეგობარი აქტის" მიღებას და ასევე კონკრეტულ ინიციატივას, რომელიც გულისხმობდა „ქართული ოცნების" არაღიარებას.

„გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს და იქ შეხვდა შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს და მომავალ თავდაცვის მდივანს. ესენიც ადასტურებს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ე.წ. ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ სცნობენ. მითუმეტეს, ჯო უილსონი ესაუბრა ტრამპს და მიაწოდა ინფორმაცია „ოცნების" ქმედებებზე. თუნდაც იმაზე, რომ კობახიძე ირანში იყო ჩასული პრეზიდენტის დაკრძალვაზე და ასევე იმაზე, რომ საქართველო გადასცემს ანაკლიის პორტს ჩინურ კომპანიას.

„ჩვენ ვიცით, რომ ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს შეხვედრაც კი შედგა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს მაშინდელ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შორის, სადაც მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკა არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს ჩინეთისთვის პორტის გადაცემას. ყველა აღნიშნული ფაქტი იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს რაღაც დადებითი პოზიციის დაფიქსირებას „ოცნების" მიმართ. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ელოდებოდა, რომ რაღაც გარღვევა მოხდებოდა 20 იანვრის შემდეგ, მაგრამ მოვლენები სხვა მიმართულებით ვითარდება.

„შესაძლოა „ოცნებას" იმის იმედი აქვს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტ ფოკუსირებას მოახდენს სხვა მოვლენებზე - კანადასთან, გრენლანდიასთან, მექსიკისა ყურესთან და პანამის არხთან დაკავშირებით, თითქოს ამ შემთხვევაში შესაძლებელია მათ ნაკლებად მოიცალონ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებისთვის. ყველაფრის მიუხედავად, მე ასე მგონია, რომ ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს ყოველთვის ექნება გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოს მიმართ. ამიტომაც, ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია შეინარჩუნებს იმ კურსს, რაც ახლა, ბაიდენის პირობებშია, თუ უფრო არ გაამკაცრა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×