რეზონანსი
26.04.2020

თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია  D ვიტამინთან დაკავშირებული თემატიკა, ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც დღეს ამ ვიტამინის დეფიციტი საყოველთაო რეალობად იქცა. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც D ვიტამინი ნორმაში აქვს.

D ვიტამინის ნაკლებობა არაერთ დაავადებას უკავშირდება, რაც საზოგადეოების ინტერესის საგანია. ამასთან მიმართებაში ჩნდება უამრავი კითხვა. 

ჩვენი გაზეთის მკითხველს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რამ განაპირობა თანამედროვე მსოფლიოში D ვიტამინთან დაკავშირებული ბუმი?

COVID 19-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა განსაკუთრებულად წარმოაჩინა D ვიტამინის აქტუალობა, რამდენადაც ის მკვეთრად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების რისკებს ამცირებს. მათ ვისაც სისხლში ნორმალური D ვიტამინის დონე აქვთ, ნაკლებად ავადდებიან სეზონური გრიპით. 

D ვიტამინის სარგებელი საკმაოდ მრავალმხრივია. იგი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღძვთა სისტემას, ასევე კოგნიტურ ფუნქციებს. D ვიტამინის მიღება ბავშვებში ამცირებს აუტიზმის რისკებს. გამოხატულია დადებითი კავშირი უშვილობასთანაც. D ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა დეპრესიის მიზეზიც გახდეს.

D ვიტამინის როლი მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის და მკურნალობის პროცესში, მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. კვლევებით დასტურდება მისი ეფექტურობა და ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლენის რისკის შემცირება. კერძოდ: მკერდის, კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო), პროსტატის (წინამდებარე ჯირკვალი) და სხვა ორგანოების სიმსივნისას D ვიტამინის მიღებით გამოვლინდა უკეთესი დინამიკა. 

სისხლის შრატში D ვიტამინის სასურველი ზღვარი ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პროცესში არის 30-40 ნგ/მლ. 

რა სიმპტომებით ხასიათდება D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, ჭარბი ოფლიანობა. ადრე ითვლებოდა, რომ D ვიტამინი მხოლოდ კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში მონაწილებდა და განაპირობებდა ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას. 

დღეისთვის შეიცვალა ეს დამოკიდებულება, რამდენადაც კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის გავლენა საკმაოდ მრავალფეროვანია ადამიანის ორგანიზმზე. იგი აუმჯობესებს იმუნურ სტატუსს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ეფექტურია სიმსუქნის დროს, ასევე აქტიურად გამოიყენება რეპროდუქციული დარღვევების მკურნალობის პროცესში.    

აქვს თუ არა კავშირი D ვიტამინის დეფიციტს დიაბეტთან?

D ვიტამინი დადებით გავლენას ახდენს შაქრიან დიაბეტზე, რაც უამრავი კვლევით დასტურდება. მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ D ვიტამინის დეფიციტი, D ვიტამინით მკურნალობის ფონზე გაუუმჯობესდათ კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების ფუნქცია, შესაბამისად ინსულინის წარმოქმნა. 

ინსულინის გაუმჯობესებული გამოყოფის შედეგად ასევე გაუმჯობესდა გლიკემია, ანუ სისხლში შაქრის დონე. ამასთან ბავშვთა ასაკში D ვიტამინის მიღებამ და მისი დეფიციტის პრევენციამ შეამცირა ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის რისკი, რადგან D ვიტამინის მიღებას აქვს იმუნომოდულატორული ეფექტი, ანუ აძლიერებს იმუნიტეტს, რის შედეგადაც მცირდება ნებისმიერი აუტოიმუნური დაავადების გამოვლენის რისკი. 

აუტოიმუნური დაავადებებია მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა.  ხოლო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არ გახლავთ აუტოიმუნური დაავადება, თუმცა D ვიტამინის დადებითი ეფექტი პანკრეასზე და გლიკემიის დონზე ამ შემთხვევაშიც აღინიშნება. D ვიტამინი ასევე ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენის წინაპირობაა. 

რა გავლენას ახდენს D ვიტამინის დეფიციტი ორსულობის დროს?

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ჩვეულებრივზე მეტია D ვიტამინზე მოთხოვნილება, შესაბამისად მისი დეფიციტიც საკმაოდ ხშირია. ორსულობის პერიოდში D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით საყურადღებოა, რამდენადაც ის პრობლემებს უქმნის როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობას.

D ვიტამინის დეფიციტისას შესაძლოა შეფერხდეს ნაყოფის ჩონჩხის განვითარება. ორსულობისას D ვიტამინის დეფიციტი ახალშობილებში თანდაყოლილი რაქიტის ძირითადი მიზეზია. თუმცა, რაქიტის განვითარების ალბათობა ადრეული ბავშვობის პერიოდშიცაა D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში. რაქიტისთვის დამახასიათებელია ძვლების დარბილება და დეფორმაცია. დამახასიათებელი კლინიკური სურათიდან გამოვყოფდი მისთვის სპეციფიკურ ქვემო კიდურების 0-სებრ ან X-ისებრ დეფორმაციას, ანუ გარეთ გაზნექილი ან შიგნით შედრეკილი ქვემო კიდურები. რაც ასევე ცვლის  სიარულის მანერას. 

D ვიტამინის დეფიციტისას ორსულ ქალებში იზრდება რისკი პრეეკლამფსიის, სპონტანური აბორტების და გესტაციური (ორსულთა) დიაბეტის განვითარების. გესტაციური დიაბეტისას D ვიტამინის დეფიციტი ასოცირებულია მშობიარობის შემდეგ გლუკოზისადმი ტოლერანტობის (სისხლში შაქრის დონის დარღვევა) გაზრდილ რისკთან. 

რა რისკებს შეიცავს D ვიტამინის ნაკლებობა ხანდაზმულთათვის?

ხანდაზმულ პირებში D ვიტამინის დეფიციტის ფონზე მცირდება ძვლის მინერალური სიმკვრივე, შესაბამისად იზრდება წაქცევის და მოტეხილობის რისკი. ხანდაზმულ ასაკში D ვიტამინის 1000 ს.ე (სეროლოგიური ერთეული) მიღება დღეში საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას, უმჯობესდება ქვედა კიდურების კუნთების მუშაობა და მცირდება წაქცევის რისკი. 65 წელზე მეტი ასაკის პირებში D ვიტამინის დიდი დოზით მიღება პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებული არ არის. D ვიტამინი დიდი დოზით ინიშნება მხოლოდ მისი გამოხატული დეფიციტის შემთხვევაში. ხანდაზმულ ასაკში ასევე ხშირია ჰიპოკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ნაკლებობა), რაც საჭიროებს D ვიტამინთან ერთად კალციუმის პრეპარატების მიღებას. დიდი დოზით D ვიტამინი კი ზრდის ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის დონის სიჭარბე) რისკს, რადგან იგი ააქტიურებს კალციუმის შეწოვას. ჰიპერკალციემია თავისმხრივ იწვევს სისხლძარღვებში კალციუმის ჩალაგებას, საშარდე სისტემაში კენჭების წარმოქმნას და თანდართულ პრობლემებს. ხანდაზმულებში სისხლის შრატში D ვიტამინის რეკომენდირებული სამიზნე ზღვარი გახლავთ >30ნგ/მლ-ზე, რაც სრულებით ამცირებს გართულებებს. 

როგორ დავძლიოთ D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა ხდება მარტივად, სრულიად საკმარისია მისი მედიკამენტის სახით მიღება სწორად შერჩეული დოზით. მკურნალობის სქემას განსაზღვრავს პაციენტის ასაკი, სხეულის მასის ინდექსი, კანის ფერი, D ვიტამინის დონე სისხლის შრატში და სხვა ფაქტორები. 

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ვიტამინს საკვების სახით  მხოლოდ მცირე რაოდენობით ვიღებთ. D ვიტამინის ძირითადი წყაროა მზის ულტრაიისფერი B სხივების (UVB) კანზე ზემოქმედება. შესაბამისად მზიანი გარემო D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და იმუნიტეტის ამაღლებისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების მიერ D ვიტამინის დეფიციტის შესამცირებლად რეკომენდირებული დღიური დოზა 1 წლამდე ასაკის ახალშობილებში არის 400-1000 ს.ე, ბავშვებში 1 წლიდან ზემოთ 600-1000 ს. ე, ზრდასრულებში 1500-2000 ს.ე; 

ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე პირებში გაცილებით მეტი დოზით ინიშნება D ვიტამინი, საშუალოდ საჭიროა პრეპარატის 2-3 ჯერ მეტი დოზა. D ვიტამინის დეფიციტს ხშირად თან ახლავს ჰიპოკალცემია (სისხლში კალციუმის დაბალი დონე), რასაც, რა თქმა უნდა, ასევე ჭირდება შესაბამისი მკურნალობა კალციუმის პრეპარატებით. 

ძალიან ხშირად პაციენტები თვითნებურად მკურნალობენ ჰიპოკალცემიას, იღებენ კალციუმის პრეპარატებს და უყურადღებოდ რჩება D ვიტამინის დეფიციტის, რაც არასწორი მიდგომაა. ადექვატური დოზით D ვიტამინის გარეშე მხოლოდ კალციუმის მიღება არ იძლევა შედეგს. ჰიპოკალცემიისას აუცილებელია D ვიტამინის დონის განსაზღვრა სისხლში და მისი მკურნალობა. 

კალციუმის შეწოვას განაპირობებს D ვიტამინი, შესაბამისად საჭიროა, როგორც D ვიტამინის ასევე კალციუმის ერთდროული ადექვატური დოზით მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკამენტის ან თუნდაც საკვების სახით მიღებული კალციუმი სამწუხაროდ არ შეიწოვება, სანამ არ აღმოიფხვრება D ვიტამინის დეფიციტი. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×