რეზონანსი
12.04.2020

Covid19-ის პანდემია მსოფლიოს ისევ აქტიურად უტევს. სტატისტიკური მონაცემებით დაავადებულთა რიცხვი ჯერჯერობით ყოველდღიურად იზრდება. საბედნიეროდ, გაიზარდა გამოჯანმრთლებულ პაციენტთა რაოდენობაც. Covid19-ით ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით 80%-ს დაავადება მსუბუქად, ხოლო დარჩენილ 20%-ს საკმაოდ მძიმედ გადააქვს. სამწუხაროდ არის ლეტალური შედეგებიც. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი ზუსტი სამკურნალო მედიკამენტი, ასევე არ არის შექმნილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამ ეტაპზე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს, გაიუმჯობესოს იმუნური სტატუსი, რაც Covid19-ით ინფიცირების შემთხვევაში საგრძნობლად შეამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალია პედანტურად დავიცვათ ენდოკრინოლოგთა რჩევები.

ამ მიმართულებით ჩვენი გაზეთის მკითხველებს აქვთ უამრავი კითხვა, რომელსაც პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

დღეს უცნობი ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური გზაა საკუთარ იმუნურ სისტემაზე ზრუნვა, შესაბამისად ჩნდება კითხვაც - როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი?

ადამიანის იმუნურ სისტემაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სწორი, ბალანსირებული კვება. ჯანსაღი საკვების მიღება არის ის ძირითადი იარაღი, რითიც შესაძლებელია გავიუმჯობესოთ იმუნური სისტემა და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. 

იმუნურ სტატუსს აუმჯობესებს სხვადასხვა საკვები ნივთიერებები. საჭიროა რეგულარულად მივირთვათ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცეული, თევზეული, კვერცხი და პურ-ბურღულეული. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია დღის განმავლობაში 400 გრამზე მეტი ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის მიღება. უმჯობესია მივირთვათ სხვადასხვა ფერის ხილ-ბოსტნეული და შესაბამისად ორგანიზმი შევავსოთ საჭირო ვიტამინებით. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ იმუნური სისტემა სოციალური იზოლაციის პირობებში, რათა Covid19-ით ინფიცირების  შემთხვევაში შევამსუბუქოთ დაავადების მიმდინარეობა. 

რეკომენდირებულია C ვიტამინის საკვების სახით მიღება. ამ სეზონზე არსებული პროდუქტები, რომელიც შეიცავს C ვიტამინს არის ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, კივი, პომიდორი, ისპანახი, ოხრახუში, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო და სხვა. 

მწვანე ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. მწვანე პროდუქტები მდიდარია A, C და K ვიტამინებით, ასევე შეიცავს მინერალებს 

კალციუმს და რკინას. მწვანე პროდუქტებია: კივი, ავოკადო, მწვანე ვაშლი, ბროკოლი, მწვანე ლობიო, ბარდა, მწვანილეული და სხვა.

მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს საკვებ ბოჭკოს, რასაც დიდი რაოდენობით შეიცავს ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. საკვები ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადამუშავებას, შესაბამისად აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ასევე ამცირებს სისხლში შაქრისა და ე.წ ცუდი ქოლესტეროლის დონეს. სწორედ ამიტომ წვენებთან შედარებით ყოველთვის უმჯობესია მივირთვათ ცოცხალი ხილ-ბოსტნეული, რათა არ დაიკარგოს საკვები ბოჭკოს სარგებელი.

იმუნურ სისტემას ასევე აძლიერებს A ვიტამინი, იგივე რეტინოლი, იგი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი. A ვიტამინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს მხედველობას, იცავს კანს სიმშრალისა და ფსორიაზისგან, აუმჯობესებს კბილებისა ძვლების მდგომაროებას. მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილის ზრდისა და განვითარებისთვის. თუმცა, მისი როგორც დეფიციტი, ასევე ჭარბი რაოდენობით მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. 

A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებიდან ამ სეზონზე შეგვიძლია მივირთვათ: თევზი, კვერცხი, სტაფილო, გოგრა, რძის პროდუქტები და სხვა. A ვიტამინის დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის არის 700-900მკგ.

D ვიტამინის როლი იმუნური სისტემის მდგომარეობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანია, მისი დეფიციტის დროს იმუნიტეტი ქვეითდება.  დღეს მსოფლიოში საკმაოდ ხშირია D ვიტამინის დეფიციტი გამომდინარე იქიდან, რომ D ვიტამინი საკვებ პროდუქტებში საკმაოდ მიზერული რაოდენობითაა, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ხდება საკვებიდან მისი ადექვატური რაოდენობით მიღება. დღიური ნორმის დაახლოებით 10%-ია შესაძლებელი, რომ მივიღოთ საკვები პროდუქტებიდან. ძირითადად D ვიტამინის წარმოქმნა ხდება კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. 

D ვიტამინის ნორმალური დონე მკვეთრად აუმჯობესებს ორგანიზმში იმუნურ სისტემას, რის ფონზეც ორგანიზმის მდგრადობა გაზრდილია სხვადასხვა დაავადებების მიმართ, იგი იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, ასევე ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის და ფოსფორის ცვლაში, მნიშვნელოვანია ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებისათვის.

D ვიტამინს შეიცავს: ზღვის თევზი, კვერცხის გული, ქაშაყი, თინუსი, ორაგული,  ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, ფორთოხალი, სოკო და სხვა. 

D ვიტამინის დღიური ნორმა 400-800 სეროლოგიური ერთეულია, თუმცა როცა აღინიშნება მისი დეფიციტი, D ვიტამინის დოზირება განსხვავებულია და დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის ჩივილებსა და ანალიზების შედეგებზე. 

იმუნურ სისტემაზე ზრუნვისას პაციენტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ C ვიტამინს, რით აიხსნება ეს გარემოება?

C ვიტამინი მკვეთრად აუმჯობესებს იმუნური სისტემის მდგომარეობას. იგი არის ანტიოქსიდანტი და ასევე ამცირებს ანთებით პროცესს, რის შედეგადაც ორგანიზმი მდგრადია სხვადასხვა მავნე ფაქტორების მიმართ და გაუმჯობესებულია იმუნური სისტემის ფუნქცია. 

C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა, ასევე ასტიმულირებს კოლაგენის  გამოყოფას, რაც ეხმარება კანს იყოს უფრო კარგი დამცავი ბარიერი გარემოში არსებული არასასურველი  ფაქტორებისაგან. 

C ვიტამინი აძლიერებს ფაგოციტების აქტივობას. ფაგოციტები გახლავთ სისხლში არსებული იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც შთანთქავენ და ანადგურებენ მავნე ბაქტერიებსა და სხვა უცხო აგენტებს.

ინფექციებთან ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ფაგოციტებს მიუძღვით. C ვიტამინის როლი კი მათ გააქტიურებაშიც საკმაოდ დიდია. 

სამწუხაროდ Covid 19-ის პრევენცია ვერ ხერხდება C ვიტამინით, თუმცა, გაციების ან გრიპის შემთხვევაში მკვეთრად ამცირებს ჩივილებს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს.

იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვას პაციენტებში თან სდევს გარკვეული თვითშემოქმედება, რასაც ხშირად გარკვეული გადაცდომები მოსდევს. ამ მხრივ რა არის ყველაზე დამახასიათებელი შეცდომა?

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ზოგიერთი თვითნებურად იღებს C ვიტამინს დიდი დოზით, რაც გამართლებული არ გახლავთ. ზოგადად C ვიტამინის მიღება აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, მისი მედიკამენტის სახით, განსაკუთრებით კი დიდი დოზებით მიღება არ არის რეკომენდირებული.

მედიკამენტის სახით C ვიტამინის ჭარბი დოზით მიღება იწვევს უარყოფითი გვერდით ეფექტებს, როგორიცაა მაგალითად: დიარეა, გულისრევა, მუცლისა და თავის ტკივილი და სხვა. C ვიტამინი არის წყალში ხსნადი ვიტამინი, შესაბამისად მისი ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ახდენს C ვიტამინის გამოყოფის გაძლიერებას საშარდე და საჭმლის მომნელებელი სისტემის გზით. 

ჩინეთში იყენებდნენ C ვიტამინის დიდ დოზებს Covid19-ით დაავადებულ პირებში ფილტვების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, თუმცა, მისი ეფექტურობა არ დადასტურებულა. ჯერჯერობით არ არის მტკიცებულებები რასაც შეიძლება დავეყრდნოთ და გამოვიყენოთ C ვიტამინი მედიკამენტის სახით Covid19-თან ბრძოლაში. მისი ჭარბი დოზით მიღება კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

შესაბამისად, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით საუკეთესო გადაწყვეტილებაა მივირთვათ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, რაც მდიდარია C ვიტამინით და ასე გავაუმჯობესოთ ჩვენი იმუნური სისტემა. ასეთი პროდუქტების არჩევანი საკმაოდ დიდია. 

თავისუფლად არის შესაძლებელი ყოველდღიურად საკვებიდან მივიღოთ C ვიტამინის დღიური ნორმა, რაც დაახლოებით 65-90 მგ-ია. მაგალითად 100 გრ ფორთოხალი შეიცავს 53 მგ C ვიტამინს, 50 გრ ოხრახუში კი 65 მგ-ს. ასე რომ C ვიტამინი აუმჯობესებს იმუნურ სტატუსს, ამიტომაცაა განსაკუთრებით ეს ვიტამინი პოლულარული პაციენტებში. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეკა   (12.04.2020)
უდაოდ პროფესიონალი....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×