რეზონანსი
22.03.2020

ის რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ალბათ ოცდამეერთე საუკუნის ანალების განუყოფელ ნაწილად შემოინახავს ჟამთასვლა. თვისობრივად ახალმა ვირუსულმა დაავადებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა კაცობრიობას,

საბედნიეროდ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სამაგალითოდ გამოიყურება ქართული ჯანდაცვის სისტემა. არ არის გასაკვირი, რომ ამ რეალობისას უამრავი კითხვა დაუგროვდა საზოგადოებას.

ამ დღეებში ყველაზე პოპულარული რესპოდენტები ექიმი-ინფექციონისტები არიან, ჩვენ გადავწყვიტეთ დღეისათვის აქტუალური საკითხები ენდოკრინოლოგიის პრიზმაში განგვიხილოთ.

როგორ ავირიდოთ ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები, რა პრევენციული ზომებია საჭირო ურთულესი დაავადებების დაძლევისათვის - ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ხშირად გაისმის. 

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.  

არის თუ არა შესაძლებელი მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ ვირუსული დაავადებებისგან? 

ვირუსული დაავადებების თავიდან აცილება საკმაოდ რთული და ზოგ შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია, საბედნიეროდ, არსებობს ვირუსული დაავადების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ვაქცინები, თუმცა, ამ ეტაპზე ყველა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, სამწუხაროდ, არ არის. ამ რეალობისას ბუნებრივია მთავარი საფიქრალი გახლავთ ის, რომ ნებისმიერი ვირუსული დაავადება იოლად გადასატანი იყოს. სწორედ ამიტომაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რასაც მუდმივად ვქადაგებთ ენდოკრინოლოგები ჯანსაღი ცხოვრების წესთან მიმართებაში.

ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ის უალტერნატივო გზა, რომელსაც ცალსახად შეუძლია ადამიანის იმუნური სისტემა აამაღლოს, ძლიერი იმუნიტეტი კი ნამდვილად ეხმარება ადამიანს ნებისმიერი დაავადების მსუბუქად გადატანაში.

ვირუსული დაავადებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მათი გავრცელების გზაც განსხვავებულია. ვირუსული დაავადებები შეიძლება გავრცელდეს ჰაერწვეთოვანი, სქესობრივი ან კონტაქტური გზით, ასევე სისხლით ან ნერწყვით. დაავადების გავრცელების ტიპს განსაზღვრავს თვითონ ვირუსის სახეობა. არის დაავადებები რომელიც მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება მაგალითად გრიპი,  არის დაავადებები რომლებიც გადაეცემა სისხლით და სქესობრივი გზით, მაგალითად ვირუსული ჰეპატიტები, აივ ინფექცია (შიდსი) და სხვა. 

დღეს მსოფლიოს მოსახლეობა დგას ახალი კორონავისურული ინფექციის Covid19-ის საშიშროების წინაშე, რომელიც ვრცელდება ძირითადად წვეთოვანი გზით. სწორედ ეს ფაქტორი ქმნის განსაკუთრებულ თავისებერებებს დაავადების დაძლევის თვალსაზრისით.

კონკრეტულად რა პრევენციული ზომებია საჭირო ურთულესი ინფექციური დაავადებების დაძლევისათვის?

იმისათვის რომ წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ, პირველ რიგში აუცილებელია მაქსიმალური დაცვა პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა და დამუშავება ანტიბაქტერიული, სპირტის შემცველი ხსნარებით, რადგან დაბინძურებული ხელებიდან ძალიან მარტივად ვრცელდება ინფექცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეეხებით თვალს, ცხვირს ან ტუჩს, ანუ ზოგადად ხილულ ლორწოვან გარსებს, რაც ხელსაყრელი პირობებია, ნებისმიერი ინფექციის გავრცელებისათვის. შესაბამისად ასევე მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი, თავი უნდა ავარიდოთ ხელის ჩამორთმევას. 

მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასევე რეკომენდირებულია სახლისა და ოფისების ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყველა ადამიანმა, ვისაც აღენიშნება ხველა, სურდო და ნებისმიერი გაციებისთვის დამახასიათებელი ჩივილები. ხველისა და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან ცხვირსა და პირზე აიფარეთ მოხრილი იდაყვი. გამოყენებული ცხვირსახოცი უნდა მოათავსოთ სანაგვე ურნაში რაც იქნება დახურულ მდგომარეობაში. 

შესაბამის გასუფთავებას და დამუშავებას საჭიროებს ასევე ხილი და ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი. აუცილებელია ასეთი საკვები პროდუქტების გარეცხვა და შემდგომ გამოყენება, მომზადების დროსაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხორცპროდუქტები თერმულად კარგად იყოს დამუშავებული. ვირუსული დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მაქსიმალურად დაცვა ჰიგიენის წესების, რაც შეამცირებს რისკებს ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის. 

რა მნიშვნელობა ენიჭება იმუნურ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში? 

შეიძლება ითქვას, ეს ფაქტორი გადამწყვეტია. ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მყარი იმუნური სისტემა, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ინფექცია უფრო იოლ ფორმებში გადატვიტანოთ. ძლიერი იმუნური სისტემა აბალანსებს ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციების მიმართ. როცა იმუნიტეტი შედარებით დაქვეითებულია, ეს ხშირად ალერგიული რეაქციების, შაქრიანი დიაბეტის და სხვა აუტოიმუნური დაავადებების გამოვლენის მიზეზია. ზოგადად კარგი იმუნიტეტის შესაქმნელად რაიმე კონკრეტული მედიკამენტი, სამწუხაროდ არ არსებობს. 

ხშირად იღებენ სხვადასხვა პრეპარატებს თვითნებურად, რაც, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული. საჭიროა ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი პროდუქტების რეგულარული მიღება, როგორიცაა სხვადასხვა სახეობის ხილი და ბოსტნეული. ბალანსირებული კვება კარგი იმუნიტეტის წინაპირობაა. 

მნიშვნელოვანია რაციონი იყოს მრავალფეროვანი, რაც შეავსებს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებით ანუ საკვები ნივთიერებებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს ვიტამინებით მდიდარ საკვებზე და რაციონში მცირე წილი დაეთმოს ტკბილეულს და ცომეულს, ზოგადად ნახშირწყლოვან საკვებს. 

დიდი რაოდენობით ტკბილეულის და ცომეულის მიღება, ასევე ჭარბი რაოდენობით ბურღულეული (წიწიბურა, ბრინჯი, შვრია და სხვა) თავისთავად იწვევს წონის მატებას, რაც მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან და წონის მატებით არ უნდა გავიუარესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სიმსუქნის დროსაც ასევე უარესდება იმუნური სისტემა.

სწორ კვებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება, რადგან უძილობა, ან არასრულფასოვანი ძილი აზიანებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ნებისმიერი დაავადების მიმართ. 

იმუნურ სისტემას მშვენივრად აუმჯობესებს ფიზიკური აქტივობა, რაც უფრო რეგულარულია ფიზიკური აქტივობა მით უკეთესია ჯანმრთელობის მდგომარეობა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია კვირაში 150 წუთი ანუ ორსაათნახევარი ფიზიკური აქტივობა. მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაშიც ვგულისხმობ ფეხით სიარულს, სირბილს, ველოსიპედის გამოყენებას, ცურვას და სხვა. 

სწორი, ბალანსირებული კვება, სრულფასოვანი ძილი, სითხის ადექვატური რაოდენობით მიღება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა -  ეს ის მარტივი დეტალებია რაც გვიქმნის და გვინარჩუნებს ჯანმრთელობას. 

ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია დაავადების გავრცელების პრევენცია ანუ თავიდან არიდება და ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების შემცირება, რის მიღწევასაც ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება, შესაბამისად, თითოეულ ჩვენთაგანმა საჭიროა უპირობოდ დავიცვათ სათანადო რეკომენდაციები, ამით თავს ავირიდებთ როგორც საკუთარი თავის ასევე გარშემომყოფებთა ინფიცირებას. 

გავრცელდა ინფორმაცია რომ კორონავირუსისგან განკურნება შესაძლებელია წყლის საშუალებით, რამდენად სარწმუნოა ეს აზრი?

წყლის მიღებით ახალი კორონავირუსული ინფექციისგან ადამიანი, რა თქმა უნდა, არ განიკურნება, თუმცა, უხვი რაოდენობის წყლის მიღებით შესაძლებელია ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია, ანუ საშარდე სისტემის საშუალებით ორგანიზმიდან ტოქსინების, ბაქტერიების, ზოგადად მავნე ნივთიერებების გამოდევნა. სითხის უხვი რაოდენობით მიღება ეფექტურია ინტოქსიკაციების, ალერგიის დროსაც. ასევე ხშირი ღებინების ან დიარეის შემთხვევაში, სითხის მიღებით ხდება დაკარგული სითხის შევსება, რეჰიდრატაცია. როცა ადამიანს შეუძლია თავად მიიღოს საკმარისი რაოდენობით სითხე, ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ინტრავენური ინფუზიის ანუ  გადასხმის გაკეთება. 

ცალსახად, წყლის მიღებით ვირუსულ ინფექციას თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ მკურნალობის პროცესში სათანადო რაოდენობის სითხის მიღებით შესაძლებელია მივაღწიოთ დადებით დინამიკას, რაც გამოჯანმრთელების წინაპირობაა. 

P.S  კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×