რეზონანსი
15.03.2020

წყალს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ადამიანის ორგანიზმში. იგი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასევე არის სისხლის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ორგანიზმიდან გამოდევნის არასასურველ და მავნე ნივთიერებებს, აბალანსებს სხეულის ტემპერატურას, კანს უნარჩუნებს ელასტიურობას. წყალი უნიკალური გამხსნელია, მისი დახმარებით მიეწოდება თითოეულ უჯრედს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. 

და მიუხედავა ამისა, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - არის თუ არა სხვა სითხე - თუნდაც ჩაი, ან ყავა წყალის ალტერნატივა?

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.  

წყლის მაგივრად რამდენად შეიძლება მოვიღოთ სხვა სითხეები -მაგალითად კამპოტი რძე, ჩაი, ყავა, კაკაო?

ზოგადად, სუფთა წყალი შეუცვლელია, რამდენადაც, თუ წყალს არ დავლევთ და მის მაგივრად მივიღებთ სითხის შემცველ პროდუქტებს, ეს არ არის იდეალური არჩევანი, რადგანაც სუფთა წყალს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა გააჩნია, ის უზრუნველყოფს სისხლში პლაზმის განახლებას, რაც  პრევენციაა თრომბის წარმოქმნის და მისი თანმდევი ისეთი გართულებების, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, თრომბოზები ქვემო კიდურების ვენებში და სხვა. 

ზოგიერთი სითხე, მაგალითად რძე, ხილის წვენები და წვნიანი კერძები  ასევე შეიცავს წყალს და  საკვებ ნითიერებებს (ნუტრიენტებს), ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის 85-95 პროცეტი წყალია. ყველაზე დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს ფორთოხალი, ყურძენი, საზამთრო, და პამიდორი.

თუმცა, სულ სხვა სურათს ქმნის ყავა, ჩაი და ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც წყლის მაგივრობას ვერ გასწევენ, რადგან მათ  შარდმდენი ეფექტი აქვთ და ზრდიან ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას საშარდე სისტემის გზით.

წყლის მიღების წყარო შეიძლება იყოს სითხეები და სხვადასხვა პროდუქტები (წვნიანი კერძები, რძე, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ყურძენი, პამიდორი, საზამთრო, ვაშლი, ისპანაპი, სტაფილო და სხვა), მაგრამ  ამ ჩამონათვალში არ შედის ყავა, ჩაი, ალკოჰოლური და ტკბილის გაზიანი სასმელები. 

სითხის ადექვატური მიღება გულისხმობს დაახლოებით 13 ჭიქა წყალს დღეში მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის დაახლოებით 9 ჭიქას. ამ რაოდენობაში შედის დღის განმავლობაში მიღებულ პროდუქტებში არსებული სითხეც, როგორიცაა მაგალითად ხილი ან ბოსტნეული. 

სითხის მიღების დღიური მინიმუმი კი არის დაახლოებით 4 ჭიქა წყალი. მაქსიმალური ოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ენერგიის დანახარჯზე და სხვა გარემო პირობებზე. შესაბამისად, ყავა, ჩაი, ალკოჰოლური და ტკბილის გაზიანი სასმელები წყლის ალტერნატივა არ შეიძლება იყოს.

ექიმების რეკომენდაციაა, რომ მოვერიდოთ ტკბილ გაზიან სასმელებს, საინტერესოა, რატომ ჩამოყალიბდა ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება ამ სითხისადმი?

ტკბილი გაზიანი სასმელების მიღება არაა რეკომენდირებული, რამდენადაც იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიურ დანამატებს და შაქარს, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის ცალსახად მავნეა. რეგულარულად მათი მიღება ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, მასში არსებული კოფეინის გამო ასევე ყალიბდება დამოკიდებულება და მათი მიღების გაძლიერებული სურვილი. დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა  კი წონის მატების წინაპირობაა.

ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან მავნე შემადგენლობის პროდუქტი. შესაბამისად მათი ორგანიზმში მოხვედრა დიდ რისკთანაა დაკავშირებული და ის მით უფრო ვერ ჩანაცვლებს წყალს. 

რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება  კაკაო? 

კაკაოს საკმაოდ ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია, იგი უხვად შეიცავს მიკროელემენტებს და ვიტამინებს. კონკრეტულად, თუთიას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს და ნატრიუმს. კაკაო აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ანუ ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს წონის კლებას, ასევე კარგია შაქრიანი დიაბეტის და დარღვეული ლიპიდური სპექტრის დროს. 

კაკაო შეიცავს ფლავონოიდებს ანუ მცენარეული წარმოშობის ნაერთებს. ფლავონოიდები ბუნებრივი პიგმენტებია, რომელიც გვხვდება არამხოლოდ კაკაოს, არამედ სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულშიც, მათი დახმარებით ეს პროდუქტები ხასიათდება სასარგებლო თვისებებით. სწორედ მისი შემადგენლობა განაპირობებს კაკაოს უპირატესობასაც. იგი დადებითად მოქმედებს ჭარბი წონის, ინსულინრეზისტენტობის  და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის დროს. მის ეფექტურობას განაპირობებს უნარი გააუმჯობესოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა პერიფერიულ ქსოვილებში, როგორიცაა ღვიძლი, ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილი, რაც შემდგომში არეგულირებს და აუმჯობესებს გლუკოზის, ანუ შაქრის დონეს სისხლში. 

ცნობილი რეკომენდაცია, რომ  ტკბილეულიდან უპირატესობა მივანიჭოთ შავ შოკოლადს, გამართლებულია მასში კაკაოს მაღალი პროცენტული შემცველობით. დღის განმავლობაში სრულებით საკმარისია 40 გრამი შოკოლადის მიღება, რომელიც შეიცავს 70 პროცენტზე მეტ კაკაოს. 

რატომ არის განტვირთვის დღეების განუყოფელი ნაწილი მინერალური წყალი?

წონის დასაკლებად ხშირად მიმართავენ განტვირთვის დღეებს, სადაც ჩართულია გაზგასული მინერალური წყალი, რადგან იგი აბალანსებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. როცა მჟავა-ტუტოვანი ბალანსი დაცულია, ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება, უმჯობესდება ნაწლავებში საკვების გადაადგილება - პერისტალტიკა და საკვების მონელება, ასევე ორგანიზმიდან გამოიყოფა არასასურველი ნივთიერებები. მინერალური წყალი დადებითად მოქმედებს ლიპიდებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, თუმცა, გაზიანი მინერალური წყლის მიღება შედარებით აძლიერებს მადას, გამომდინარე იქიდან, რომ ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას. სწორედ ამიტომ არის ხაზგასმით რეკომენდირებული გაზგასული მინერალური წყლის მიღება. 

რამდენად აფერხებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას წყლის რეგულარულად მიღება?

წყალი უნიკალური სასმელია. იგი არ შეიცავს კალორიებს. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში, რადგან წყლის ადექვატური რაოდენობით მიღება აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონეს. 

შაქრიანი დიაბეტის დროს თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ორგანიზმში წყლის მიღების მოთხოვნილება იზრდება, ჭარბი რაოდენობით სითხის მიღებით კი შესაძლებელია ორგანიზმიდან გლუკოზის (ანუ შაქარი სისხლში) გამოდევნა საშარდე სისტემის გავლით. ჰიპერგლიკემია, ანუ სისხლში შაქრის მაღალი დონე, ასევე ზრდის რისკს დეჰიდრატაციის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. 

2011 წელს ჩატარდა კვლევა, სადაც აკვირდებოდნენ მიღებული წყლის რაოდენობას. კვლევის მონაწილეები რომლებიც იღებდნენ დღის განმავლობაში ერთ ლიტრზე მეტ წყალს, ჰქონდათ 28 პროცენტით დაბალი სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემიის) რისკი, იმათგან განსხვავებით, ვინც 500 მლ-ზე ნაკლებ წყალს იღებდა დღეში. 

მკვლევარებმა ასევე გაამახვლეს ყურადღება ვაზოპრესინზე, იგივე ანტიდიურეზულ ჰორმონზე, რომელიც ორგანიზმში სითხის შეკავებას განაპირობებს, შესაბამისად ეს ჰორმონი იმატებს დეჰიდრატაციის (სითხის შემცირება ორგანიზმში) დროს, ვაზოპრესინის დონის მომატება გარკვეულწილად განაპირობებს სისხლში გლუკოზის, ანუ შაქრის დონის მომატებასაც. შესაბამისად ცხადია, რომ მიღებული წყლის რაოდენობის გაზრდა გააუმჯობესებს შაქრის ცვლას ადამიანის ორგანიზმში.

P. S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 515 500

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×